გაიცანით – ეკოლოგიური მოძრაობა “ჰაერი მაინც!”
(ეს ფრაზა გაგა ნახუცრიშვილის ლექსიდანაა. ბევრი ამბობს, რა დროს ესაა, ჯერ ეკონომიკა ავაყვავოთო, ჩვენ კი ვამბობთ, რომ ჰაერი უპირველესია, უმთავრესია, და სხვა თუ არაფერი, ეს მაინც უნდა გვქონდეს…)
ყველას, ვისაც უნდა კარგი ცხოვრება, თავისუფლება, მისი უფლებების დაცულობა, სუფთა ჰაერი და საერთოდ, ყველა სიკეთე, მაგრამ ეზარება ამ ყველაფრისთვის რაიმეს გაკეთება, ან არ ჯერა, რომ რაიმე გამოვა, მინდა შეგახსენოთ, რომ დემოკრატია, ყველაზე საუკეთესო შემთხვევაშიც კი არის მუდმივი ბრძოლა უფლებებისათვის, ჭიდილი ხელისუფლებასთან და მათი კონტროლი. თავისუფლების ის ხარისხი, და ყველა ის სიკეთე, რომელიც არის, ვთქვათ ა.შ.შ.–ში, მოპოვებულია 300 წლიანი გამუდმებული, სასტიკი ბრძოლის შედეგად.
გაეცანით ამერიკის პროფკავშირების ისტორიას და საერთოდ დასავლური სამყაროს ისტორია არ იძლევა იმის საფუძველს, რომ ვთქვათ, რომ მოსახლეობა ზის გულხელდაკრეფილი და მთავრობა გაქაფული შრომობს, რომ მას მუდმივად დაუკმაყოფილოს გამოუხატავი სურვილები…
ასე რომ თუ რამე გვინდა, უნდა მოვითხოვოთ კიდეც, და რაც მთავარია, ბოლომდე მივყვეთ ჩვენს მოთხოვნებს! ქართველებს სწორედ ეს გვაკლია – თანმიმდევრულობა, პრინციპულობა, გრძელვადიანი სამუშაოს დაგეგმვა და მისი მიყოლის უნარი. ზედმეტად იმპულსურები ვართ და ინფანტილურები.
ვინმეს თუ მოკლავენ, ან ცეკვის დროს შემოგვივარდებიან, გიჟებივით გამოვცვივდებით მთავრობის სასახლესთან, ბევრს ვიდოღრიალებთ, მჯიღებით მკერდებს ჩავიმტვრევთ, ვიღაცის ბოდიშით ან გადადგომით გავიხარებთ, დავიშლებით, და საქმეს გაუკეთებელს დავტოვებთ, არც კი გაგვახსენდება, რომ რაღაც არის გასაკეთებელი, რომ იგივე აღარ განმეორდეს…
ამ ათ ადამიანს, ვინც აქ შევიკრიბეთ, გვინდა სხვანაირად მოვიქცეთ, გვინდა თანმიმდევრულად მივყვეთ საქმეს და შედეგს მივაღწიოთ, თუნდაც ეს 20 წლის შემდეგ იყოს, რადგან გვესმის, რომ უკან დასახევი გზა არ არის. მე ჯერ კიდევ 15 წლის წინ დავდიოდი თბილისის ქუჩებში აირწინაღით პროტესტის ნიშნად. გავიდა 15 წელი და არაფერი შეცვლილა… და არც შეიცვლება, თუ ჩვენ არ შევცვლით!!!
ნუ მოგეჩვენებათ პათეტიკურად, და ჩვენ ამ შემთხვევაში ჩვენს სიცოცხლეებს ვიცავთ, რადგან თბილისის ჰაერი უკვე მომაკვდინებელი გახდა!!! კვლევები ამის შესახებ არსებობს, ისევე, როგორც დაზარალებული, ჰაერში ტყვიის მაღალი შემცველობისგან დაავადებული ბავშვები…
ჩემი 7 წლის შვილი ყოველ დღე თამაშობს ეზოში, რომელიც ორ გამზირს, ვაჟა ფშაველასა და ყაზბეგის გამზირებს შორისაა და სუნთქავს ამ მომწამვლელ ჰაერს, ასე რომ ჩვენ მართლა ჩვენი და ჩვენი შვილების სიცოცხლის დაცვა გვინდა!!! თუ ვინმე კიდევ ხართ ისეთი, რომ ხვდებით, რომ ეს ასეა, შემოგვიერთდით და ერთად ვიმუშავოთ იმაზე, რომ ჰაერი გვკვებავდეს და არა გვწამლავდეს!!!!
p.s. ვისაც გაქვთ სურვილი, მიიღოთ მონაწილეობა ამ საქმეში, შემოუერთდით ჩვენს ჯგუფს ფეისბუქზე! ჩვენ ბევრი რამე გვაქვს გასაკეთებელი, ასე რომ გვჭირდება თქვენი დახმარება!!!
ლევან რამიშვილი
[ot-video type=”youtube” url=”https://www.youtube.com/watch?v=CfmQdYTmJIg”]