სუჯუნაში ასი წლის სასახლე დაგხვდებათ. მისი ამგები ერთი კარგი ქართველი აკაკი ხოშტარიაა. ეს მისი განსაკუთრებული ნაკვალევია საქართველოში – ჰყვება ფოტოხელოვანი გოგა ჩანადირი.
გოგა ჩანადირი: „სოფელი სუჯუნა აბაშიდან 6-7 კილომეტრითაა დაშორებული. პირველად აბაშიდან წმინდა გიორგის ტაძრის სანახავად გადავუხვიე და მაშინ ვნახე ეს სასახლეც.
ამჯერადაც, ტაძრიდან გამოვედი თუ არა, ამ სასახლეს მივადექი. უწინდებური სილამაზე მხოლოდ იმიტომ აქვს დაკარგული, რომ რესტავრაცია დიდი ხნის მანძილზე არ ჩატარებია. ეზოში მოტრიალე მონაზვნები მიგახვედრებენ, რომ აქ დედათა მონასტერია, როგორც გავარკვიე, 2007 წლიდან. კარმიდამო ყველა სეზონზე მწვანეა, მაგრამ ჩანს, რომ ასი წლის წინანდელი ბაღისგან ისიც შორსაა. ლომის ქვის ქანდაკებაც გაშავებული დგას და მის მოდარაჯეობაში მრისხანება აღარ იკითხება. კედლების მორთულობა შემორჩენილია, მაგრამ შეკეთება მასაც ჭირდება.
ამის მიუხედავად, სასახლე მაინც ლამაზია. რამდენიმე სიტყვით მოგითხრობთ მასზე და მის დამკვეთზე.
1915 წელს სოფელ სუჯუნაში ერთმა ქველმოქმედმა ფინანსისტმა აკაკი ხოშტარიამ მე-20 საუკუნის საქართველოს ერთ-ერთი ლამაზი სასახლე ააგო. სოფელში ბევრი ამბობს, რომ აკაკი, მდიდარი კაცი, სულ საზღვარგარეთ იყო და სასახლეში დედამისი ცხოვრობდა. უფრო სწორად, ამბობენ, რომ სასახლე დედამისს აუგო და იმდროინდელი ფასებით, საკმაოდ ძვირადაც.
სასახლეს ღობიდან ვიღებდი, ადგილობრივი, თხელთმიანი და მოკლეწვერიანი მამაკაცი რომ მომიახლოვდა და აკაკი ხოშტარიასა და მის ლამაზ ორსართულიან სასახლეზე მელაპარაკა. სახელი არ მიკითხავს, მაგრამ დამამახსოვრდა მისი ამაყი ცისფერი თვალები, რომლებიც თანასოფლელის წარმატებულ საქმიანობასა და კარგ კაცობას გადმოსცემდა.
აკაკი 1873 წელს დაიბადა. ის ქველმოქმედი ბანკირი იყო. ეხმარებოდა სოფელს. ასევე, ქართველი სტუდენტების უცხოეთში სწავლას აფინანსებდა. აუქციონზე შეიძინა დავით სარაჯიშვილის სახლი და პარიზში გადასვლის წინ ქართველ ხალხს გადასცა, იქ დღემდე მწერალთა კავშირია. იქამდე კი ჟორდანიას მთავრობას საკუთარი სახსრებით ოთხი გემი შეუძინა და ქართული ფლოტი წელში გამართა.
ის პირველი ქართველი იყო, ვინც საქართველოში საპნის ქარხანა დააარსა და, ამასთან, პირველი ქართველი ბანკირი, ვინც ირანში საბანკო საქმიანობა დაიწყო. ფლობდა უზარმაზარ ქონებასა და მრავალ საწარმოს, რომელიც გასაბჭოების შემდეგ ბოლშევიკურმა მთავრობამ მიითვისა.
1924 წელს 43 წლის მეუღლე მინადორა ხოშტარია გარდაეცვალა. თეირანში დულაბის რუსულ სასაფლაოზე დაკრძალეს. აკაკიმ აკლდამა ააშენებინა, რომელიც თურმე ირანში არსებული ქართული სასულიერო არქიტექტურის ერთადერთი ნიმუშია. თვითონ 1931 წელს 59 წლის ასაკში პარიზში გარდაიცვალა და ნაპოლეონის დაარსებულ პერ-ლაშეზის სასაფლაოზე დაკრძალეს, იქ, სადაც მარსელ პრუსტი, ონორე დე ბალზაკი, ვინჩენცო ბელინი, აისედორა დუნკანი, ამადეო მოდილიანი და სხვა უამრავი ცნობილი ადამიანი განისვენებს.
აი, ასეთი კაცი იყო აკაკი ხოშტარია, რომლის განსაკუთრებული კვალიც საქართველოში სუჯუნაში მდებარე ასი წლის სასახლის სახით შემორჩა.”