fbpx

ვინ არის ქართველი გოგონა, რომელსაც ბრაზილიაში დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ – მარიამის გზა სიღატაკიდან ჰარვარდამდე

ავტორი ჟოლო
101 ნახვა

მარიამ ტოპეშაშვილი ოთხი წლის იყო, როდესაც მშობლიური ქალაქის – თბილისის დატოვება მოუწია. ის მშობლებთან ერთად ჯერ თურქეთში, შემდეგ კი ბრაზილიაში გაემგზავრა, სადაც ოჯახმა პოლიტიკური დევნილის სტატუსი მიიღო – ასე იწყებს სტატიას ქართველი გოგონას შესახებ უდიდესი ბრაზილიური გამოცემა globo.com . 

რიო–დე–ჟანეიროში ჩასულმა მარიამმა ერთი სიტყვაც კი არ იცოდა პორტუგალიურად. ოჯახი სამხრეთში, ტაბაჯარასის თავშესაფარში ცხოვრობდა. მარიამი კოპაკაბანას პლაჟზე ლუდს ყიდდა, რადგან მარიამის მამის საბჭოთა დიპლომი პოლიტიკურ და ეკონომიკურ მეცნიერებაში, ბრაზილიამ არ აღიარა, ხოლო დედას, რომელიც ექთანი იყო, ორი წელი მოუწია ლოდინი, რათა გიდის სამსახური მიეღო. 

მარიამი ძალიან ბევრს მეცადინეობდა, მშობლები შემოსავლის დიდ ნაწილს მის განათლებაში ხარჯავდნენ. გოგონამ რიოს პრესტიჟული, პედრო მეორის სახელობის კოლეჯი დაასრულა, იღებდა მონაწილეობას მათემატიკის, ქიმიის და ისტორიის ოლიმპიადებში და თავისუფალ დროს უსინათლო ადამიანებს წიგნებს უკითხავდა.

ამჟამად მარიამ ტოპეშაშვილი ბრაზილიის მოქალაქეა, ის სრულყოფილად საუბრობს პორტუგალიურად. მარიამი პორტუგალიურის გარდა, კიდევ ხუთ ენას ფლობს, დაინტერესებულია პოლიტიკითა და ეკონომიკით და დიდ დროს უთმობს მოხალისეობას.

გასულ წელს მარიამი ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობამ ახალგაზრდობის ელჩად აირჩია. განათლების ფონდისა და აშშ-ის მთავრობის საგანმანათლებლო პროგრამის საშუალებით მან საბუთები ამერიკულ უნივერსიტეტებში გაგზავნა და 31 მარტს სრული სტიპენდიით პრესტიჟულ ჰარვარდის უნივერსიტეტში ჩაირიცხა.

მარიამი აცხადებს, რომ გული წყდება, რადგან მის წარმატებას მამა, ავთანდილი, ვერ მოესწრო. “მამამ ჩემი განათლებისთვის დიდი მსხვერპლი გაიღო. მან მასწავლა ყველაფერი, რაც პოლიტიკის შესახებ ვიცი. მამას უყვარდა, როცა წიგნებს მიკითხავდა. უსინათლოთათვის წიგნების კითხვაც მისგან ვისწავლე,” – ამბობს მარიამი.

ქართველ გოგონას ბრაზილიაში დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ.


წყარო :www.presa.ge

მსგავსი სტატიები

Leave a Comment