კლუბი გაიხსნება 20 აპრილს, თბილისის ყველაზე ლამაზ ადგილას – ძველ თბილისში, ნარიყალას მთაზე, კაფე „144 საფეხურში“. კლუბი არ არის კომერციული. მისი წევრობის საფასური არ არის განსაზღვრული და წევრის კეთილ ნებაზეა დამოკიდებული.
კლუბის იდეის ავტორია ლევან რამიშვილი – მთარგმნელი, აღმოსავლეთმცოდნე, რუსთველოლოგი, რამოდენიმე წიგნის ავტორი.
ლევან რამიშვილი: მედიტაციის კლუბი – ეს იქნება ადგილი, სადაც ადამიანები შეიკრიბებიან და დაეხმარებიან ერთმანეთს ადამიანური ცხოვრების უმთავრესი მიზნის – სულიერი ტრანსფორმაციის მიღწევაში. მედიტაცია ერთადერთია, რითაც შეიძლება განთავისუფლდე თავის ნებაზე მიშვებული იმ მუდმივად მშფოთვარე ქარბორბალისაგან, რომელსაც ფიქრები ეწოდება.
ჩვენ აქ არა მხოლოდ მედიტირებას ვისწავლით, არამედ აზროვნებასაც.
აზროვნებას სწავლა უნდა. რასაც ჩვენ ვაკეთებთ, ეს აზროვნება კი არა, შემთხვევითი და ქაოსური ფიქრების ტყვეობაში ყოფნაა. დააკვირდით ხუთი წუთის განმავლობაში თქვენს ფიქრებს. სად არის აქ თანმიმდევრულობა, კვლევა, ჩაღრმავება, ლოგიკა? სინამდვილეში ჩვენ არც ვაზროვნებთ, და არც მედიტაციაში ვართ. ჩვენ ერთიც დავკარგეთ და მეორეც. სწორედ ამისთვის შევქმენით მედიტაციის კლუბი.
მედიტაციის კლუბში ყოველთვის განვიხილავთ სხვადასხვა საკითხებს, ოღონდ განვიხილავთ თანმიმდევრულად და საგნის გამოკვლევით, და მხოლოდ ამის შემდეგ შევუდგებით მედიტაციას.
გადადით ბმულზე და გაეცანით ვრცელ ინტერვიუს ლევან რამიშვილთან „ის, რაც ჩვენ ცხოვრება გვგონია, სინამდვილეში სიკვდილის მდგომარეობაა“ — ლევან რამიშვილი