მეგონა ჩრდილები ფეხდაფეხ დამყვებოდნენ… უცნობი და ნაცნობი ჩრდილები, მარმარილოს ქვებიდან, რომ მიმზერდნენ…
– ვინ არის ეს გოგო? – ვკითხე ბებიას და ქვაზე სევდანარევიან მომღიმარ სურათს მივაშტერდი.
– ქეთევანია…
– რა დაემართა?
– თავი მოიკლა შვილი…
– რატომ?
ბებია რამდენიმე წუთით დადუმდა…
– იმიტომ, რომ გადარჩენილიყო – მე გაკვირვებულამა შევხედე ბებიას. ის მიხვდა, რომ ასეთი პასუხის შემდეგ, აუცილებლად გამიჩნდებოდა კითხვა, თუ რატომ იკლავენ თავს ადამიანები, თავის გადსარჩენად? საუბარი უმძიმდა. რამდენჯერემე ღრმად ამოიხრა და გააგრძელა – საკუთარი სინდისი მიანდო კაცს, რომელიც უყვარდა… კაცმა სინდისი არ შეუნახა. უარი უთხრა ცოლობაზე, როცა გაგიგო, რომ ორსულად იყო სასოწარკვეთილებაში ჩავარდა. ოჯახმა ყველაფერი მას შემდეგ შეიტყო, როცა აქაფებულ ტალღებს მისაცა საკუთარი სიცოცხლე, სირცხვილის ჩამოსარეცხად…
– ღმერთო ჩემო, რა ლამაზია… რატომ ჩაიდინა ეს საშინელება?
– ხომ გითხარი ბებო, გადასარჩენად…
– ვის გადსარჩენად?
– საკუთარი სინდისის, ოჯახის ღირსებისა და ტრადიციის გადასარჩენად…
– მერე, რომელი გადაარჩინა?
– მან, ხომ ეს არ იცის, რა მნიშვნელობა აქვს შვილო…
– შენ რას ფიქრობ, ბებია?
ბებიას სახე გაეყინა. მანიშნა ხელი მომაშველეო და იქვე, დიდ ლოდზე ჩამოჯდა…
– მე, იმ დღეს, ქეთევანთან ერთად დავმარხე ჩვენი ტრადიციაც და ღირსებაც… ჩემი სინდისიც ბებია, რომელიც მზად იყო მის გასასამართლებლად… მან, ჩვენს გამო მოიკლა თავი… თავის გადასარჩენად…
სულა სულაშვილი