ზუსტად სამი წლის წინ 13:15 წ-ზე, საშინელი ტკივილი ვიგრძენი და არა ადამიანური ხმით ვიყვირე – მამა!
კაბინეტში რამდენიმე თანამშრომელი შემოვარდა…
– რა მოხდა ?- იკითხეს გაკვირვებულებმა.
– მამა აღარა მყავს – ვუპასუხე მათ და ქვითინი ამივარდა…
რამდენიმე წუთში ჩემმა ძმამ დარეკა…
– ნუგზარ…
– ვიცი! როდის?
– რამდენიმე წუთია…
ცხადლივ ვიგრძენი, რომ მამა მოვიდა… დამხედა და წავიდა…
– ვინ გითხრა? ასე უცებ, როგორ გაიგე?
– ჩემთან იყო. დამემშვიდობა…
ალბათ ეგონა, რომ ჭკუიდან შევიშალე…
მეც ასე მეგონა…
9 წლის შემდეგ შევხვდი იმ დახუჭულ თვალებს, რომელმაც ჩემს ლოდინში ჩინი დაკარგა… 9 წლის შემდეგ შევეხე იმ მკერდს, რომელშიც მონატრების ტკივილით გარდაცვლილი გული ისევ მელოდებოდა…
მამამ იცოდა, რომ ჩემს ბილეთს მხოლოდ ერთი მიმართულება ჰქონდა და მაინც მელოდებოდა…
შენ მამა ხარ და ვიცი მაპატიე ეს განშორება… მე კი ვერ ვპატიობ ჩემს თავს და მტკივხარ აქ, გულში…
სულა სულაშვილი