81 წლის ასაკში გარდაიცვალა ძირძველი თბილისელი, საქართველოს ტელევიზიის პირველი არხის ჟურნალისტი, ფოტოხელოვანი, სპორტის ოსტატი, უშიშარი და გულანთებული ადამიანი ხაჩატურ ვართანიანცი.
იგი, როგორც ტელეჟურნალისტი, ორჯერ იმყოფებოდა ჩერნობილში, ატომური ელექტროსადგურის ავარიის შესახებ ვიდეომასალის მოსამზადებლად..
ხაჩატურის ტელეფილმმა „პარაშუტისტები“ მრავალი პრემია დაიმსახურა. ამ ტელეფილმის გადაღებისას მას თავად მოუწია პარაშუტით 147-ჯერ გადმოხტომა.
მას მომზადებული აქვს ინტერვიუები ისეთ ცნობილ ადამიანებთან, როგორებიც იყვნენ: ვ. ვისოცკი, ა.ხაჩატურიანი, ი.ლევიტანი, კ.სიმონოვი, ა.მარესიევი, ი.გაგარინი, ა.ბაბაჯანიანი, ა.გელოვანი, ფ.მკრტჩიანი და სხვები.
1997 წელს დააფუძნა და დღემდე იყო საქართველოს ხანდაზმულთა ასოციაცია „სავანეს“, დამფუძნებელი-პრეზიდენტი. აღნიშნული ასოციაცია საქართველოში მცხოვრებ ხანდაზმულებს უწევდა როგორც მატერიალურ, ასევე მორალურ მხარდაჭერას, აწყობდა მათთვის სხვადასხვა შეხვედრებსა და ღონისძიებებს.
თბილისში, ერევანსა და გურჯაანში, ხაჩატურ ვართანიანცის დაბადების 60 წლისთავთან დაკავშირებით მოეწყო ფოტოგამოფენა – „კავკასიის ცის ქვეშ“.
დაბადების 75 წლისთავთან დაკავშირებით საქართველოს მწერალთა და ჟურნალისტთა კავშირმა ხაჩატურ ვართანიანცი დააჯილდოვა აკაკი წერეთლის სახელობის პრემიით, ხოლო
პატრიოტული მოღვაწეობისათვის იგი დაჯილდოვებული იქნა ქ. ვენეციის ოქროს სამაგიდო მედლით.
ნათელში ამყოფოს უფალმა ხაჩატურის (ჩვენი ხაჩის) სული.
პანაშვიდი სამშაბათს (13 ნოემბერს) და ოთხშაბათს (14 ნოემბერს).
გამოსვენება – 15 ნოემბერს (ხუთშაბათს) 15:00 საათზე.
მის.: მარჯანიშვილის,16; მე-4 კორპუსი, პირველი სადარბაზო, მე-8 სართული