მაშ, დავიწყოთ თავიდან:
ვინც ხართ სინამდვილეში?
„სამყაროში არ არსებობს არანაირი შემთხვევითობა და ყველაფერი ერთმანეთს მიზეზ–შედეგობრივად უკავშირდება “ – დიპაკ ჩოპრა.
თქვენ ხართ ენერგია, წმინდა და მარტივი, იმავე მასალისგან შექმნილი, რისგანაც მზე, მთვარე, ვარსკვლავები… თქვენ ბრძნული ენერგიით სავსე ხართ და არსებობთ ადამიანური, სხეულებრივი ფორმით, რომელიც მოძრაობს. თქვენ შექმნილი ხართ უჯრედებისგან, რომლებიც, თავის მხრივ, შედგება ატომებისაგან, ხოლო ისინი შედგებიან სუბატომური ნაწილაკებისაგან.
რა არის სუბატომური ნაწილაკი? ენერგია!!!
ყველაფერი ენერგიაა! ენერგია, რომელიც არ იქმნება ან ქრება. ენერგია არის, ერთსადაიმავე დროს, მიზეზიც და შედეგიც. ის ყოველთვის და ყველგან სახეზეა, აშკარაა! ენერგია მუდმივად მოძრაობს, არასდროს ჩერდება, არ ისვენებს, მუდმივად გარდაიქმნება ერთი ფორმიდან მეორედ.
ადამიანი დაკავშირებულია ყველასთან და ყველაფერთან. ის ერთი დიდი მთლიანობის, კოსმოსის შემდაგენელი ერთადერთი უნიკალური ნაწილია.
თქვენ ხართ დიდი ენერგიის მცირე ნაწილი და ბევრად უფრო დიდი ძალის შემადგენელი მცირე ძალა! თქვენ ხართ ღვთის ნაწილი! მთელი სამყაროს სიბრძნე თქვენიცაა და მხოლოდ თქვენს თხოვნას ელის!
დაახლოებით ასეა ენერგიის შემთხვევაშიც. რამდენჯერ მომხდარა, რომ თქვენ და თქვენი მოსაუბრე ერთდროულად ამბობთ ერთსადაიმავეს ან ასრულებთ მის დაწყებულ წინადადებას. ეს დამთხვევა არ არის. ეს კავშირია. ადამიანები დაკავშირებული ვართ ერთმანეთთან და ყველაფერთან, რაც გარს გვაკრავს.
ყველას გამოგვიცდია, რომ, როცა ვინმეზე ფიქრს ვიწყებთ ( ვინც წლებია არ გვინახავს ან არაფერი გაგვიგია მის შესახებ), თითქმის იმავე მომენტში ტელეფონს დაურეკავს და სწორედ ის ადამიანი ყოფილა ყურმილთან , რომელზეც ვფიქრობდით. გაკვირვებისგან წამოგვიძახნია: „ზუსტად ახლა ვფიქრობდი შენზე!“; სინამდვილეში ჩვენ უნებლიედ გამოვავლინეთ იმ პიროვნების სურვილი, დაერეკა ჩვენთვის.
ჩვენი აზრები დაუჯერებელი სისწრაფით მოგზაურობს დროსა და სივრცეში. სწორედ ამ კავშირის საშუალებით მოახერხეთ დაგეჭირათ მისი სურვილის ენერგია, სანამ ნომერს აკრეფდა. ან კიდე, იმ ფაქტმა, რომ მასზე ფიქრობდით, უბიძგა მას დაერეკა თქვენთვის.
თქვენ ხართ ცოცხალი მაგნიტი. თქვენ იზიდავთ იგივეს. სრულად, მთლიანად იზიდავთ საგნებს, ადამიანებს, იდეებსა და გარემოებებს, რომლებიც ვიბრირებს, ხმიანობს, ექოს გამოსცემს და ჟღერს თქვენივე ენერგიის სიხშირეზე.
ადამიანის ენრგეტიკული ველი მუდმივად იცვლება მისივე აზრებისა და გრძნობა-შეგრძნებების შესაბამისად და თან უკანვე აბრუნებს იმ ენერგიას, რომელსაც თავად გამოსცემს. რაც უფრო ძლიერია ემოცია, მით მეტია მაგნიტური ძალა. მაგნიტმა არ იცის როგორ მიიზიდოს, ის ამას ბუნებრივად აკეთებს და იგივეს გზავნის. ადამიანიც მთელი ცხოვრების მანძილზე მუდამ მიზიდვის პროცესშია.
„ჩვენი ცხოვრება ჩვენივე ფიქრების შედეგია.“ – ბუდა.
იმედია, ხვდებით, რომ ამ წუთშიაც თქვენი ცხოვრება არის შედეგი იმისა, რაზეც ფიქრობდით, რასაც აკეთებდით, რისიც გჯეროდათ, რასაც შეიგრძნობდით.
მაშ, დაიწყეთ ახლავე, გაცნობიერებულად, შეგნებით, მუდმივად მიიზიდოთ ყველაფერი, რაც გსურთ ცხოვრებაში. მიზიდულობის კანონი საშუალებას გაძლევთ გაცნობიერებულად და თქვენივე ნებით მიიზიდოთ ხალხი, რესურსები, თანხა, იდეები, სტრატეგიები და გარემოებები, ყველაფერი, რაც გჭირდებათ ახალი საოცნებო მომავლის შესაქმნელად. თქვენ ბევრად მეტი შეგიძლიათ ვიდრე წარმოგიდგენიათ.
როგორც კი ამ რეალობას სრულად მიიღებთ, გააცნობიერებთ, რომ ეს ასეა და პასუხისმგებლობას აიღებთ საკუთარ თავზე, შეგეძლებათ შექმნათ ყველაფერი, რისი შექმნაც გინდათ. თქვენ ხართ ავტორი საკუთარი ცხოვრებისა და შეგიძლიათ აირჩიოთ სასურველი მიმართულება. გაქვთ უნარი შეცვალოთ ცხოვრება, შექმნათ სასურველი მომავალი, თქვენში ამის უზარმაზარი პოტენციალია, უსაღვრო პოტენციალი!
დაიჯერეთ, ეს ასეა!!!
ვინ ხართ სინამდვილეში?
„ ფიქრი არის მოქმედება მზადების პროცესში“ – ზიგმუნდ ფროიდი.
თქვენი ფიქრები ჰგავს მომცრო ღრუბლებს. ფიქრი და აზრი არის ენერგიის ერთეული, ბიოქიმიური იმპულსი. ეს არის ენერგიის ტალღა, რომელიც აღწევს დროსა და სივრცეში. ის რეალურია და მზომადი. ის ენერგიაა!
აზრი/ფიქრი სამყაროსადმი მიმართული სურვილის განაცხადია . ყოველი მათგანი იწვევს ფიზიოლოგიურ ცვლილებას თქვენს სხეულში. თქვენ ხართ პროდუქტი თქვენს გონებაში გავლილი თითოეული ნაფიქრისა , ნაგრძნობისა თუ ნამოქმედარისა. და ყველა ისინი: ფიქრები, გრძნობები, ქმედებები, რომელსაც დღეს ფიქრობთ, შეიგრძნობთ თუ შეასრულებთ, იქნება შედეგი მომავლისა.
აუცილებელია, ისწავლოთ სწორად ფიქრი და იფიქროთ იმის შესაბამისად, რაც გსურთ, იყოთ, აკეთოთ ან განიცადოთ ცხოვრებაში. ცხადზე ცხადია, რომ თქვენი აზრები მოქმედებენ თქვენსავე სხეულზე.
სიცრუის დეტექტორის პოლიგრაფთა ტესტებმა უჩვენა, რომ სხეული რეაგირებს ფიქრებზე და ცვლის: სხეულის ტემპერატურას, სისხლის მიმოქცევას, სუნთქვის რიტმს, კუნთთა დაძაბულობას და ოფლიანობის ხარისხს.
ვთქვათ, მიერთებული ხართ სიცრუის დეტექტორთან. თუ თქვენ, დავუშვათ, მოიპარეთ ფული და იტყუებით, თქვენი სუნთქვა ჩქარდება, ხელები თრთის, კუნთები იძაბება. ასეთი ფიზიოლოგიური პროცესები მიმდინარეობს არა მხოლოდ მაშინ, როცა ცრუობთ, არამედ ყოველ ფიქრთან და აზრთან მიმართებაში. ყოველი თქვენი აზრი თუ სურვილი, სხეულის ყოველ უჯრედზე აისახება და ცვლის მის შემადგენლობას.
აქედან გამომდინარე, თქვენ აუცილებლად უნდა ისწავლოთ პოზიტიურად ფიქრი და მაქსიმალურად შეეცადოთ, იფიქროთ პოზიტიურად. ნეგატიური აზრი მომწამვლელია და წამლავს სხეულს, იწვევს საერთო სისუსტეს, აფერხებს სუნთქვას, ძაბავს კუნთებს და აბინძურებს სხეულის გარემომცველ აურას. ის ზრდის სიმსივნისა და სხვა დაავადებათა რისკს. ნეგატიური აზრი ქმნის ნეგატიურ ვიბრაციას და კიდევ უფრო მეტ ნეგატიურ ვიბრაციას იზიდავს.
მეორე მხრივ, დადებით აზრს დადებითი ეფექტი აქვს სხეულზე, ასტიმულირებს ენდორფინის გამოყოფას გონებაში, ამცირებს ტკივილს და ზრდის სიამოვნებას. მისი წყალობით უკეთ გრძნობთ თავს, ხართ გაწონასწორებული, თავისუფალი და ლაღი. უფრო მეტიც, პოზიტიური აზრები გზავნის სამყაროში პოზიტიური ენერგიის ვიბრაციას, რაც კიდე უფრო მეტ პოზიტიურ ენერგიას იზიდავს თქვენს ცხოვრებაში.
/ გაგრძელება იქნება… /
„მიზიდულობის კანონის გასაღები“/აუდიო წიგნი/
ჯეკ ქენფილდი, დევიდ ვეტკინსი, II
ფრანგულიდან თარგმნა ია ხაჭაპურიძემ
იხილეთ ასევე: „მიზიდულობის კანონის გასაღები“ (ნაწილი პირველი)