გახშირებული ოჯახური ძალადობა, მეუღლეების ხოცვა, ბავშვების დაწიოკება, ძარცვა-ყაჩაღობა მკვლელობით (რაც ახლახანს ვაჩიანში მოხდა, დიასახლისისა და 3 შვილის მკვლელობა), თანაც, ახალგაზრდების მხრიდან, ნიშნავს, რომ საზოგადოებაში რაღაც პრობლემაა, რაღაც ისე არ არის, როგორც გვეგონა. მთლად ადამიანთმოყვარეები არ ვყოფილვართ, როგორც ვამტკიცებდით სადღეგრძელოებსა და თუ ხელოვნებაში.
რა დაგვემართა?
ვფიქრობ, საზოგადოებაში მსჯელობა დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს.
განსაკუთრებით კი მედიამ უნდა იაქტიუროს.
რაღაც არის შესაცვლელი – აღზრდაში, ცოლ-ქმრულ დამოკიდებულებაში, შეფასებაში, საზოგადოების მიდგომაში, რა ვიცი, ბევრ რამეში.
მე არ ვიცი, ოჯახური ძალადობის
მიზეზი რა არის, მაგრამ შედეგი რომ მძიმეა, ამას კი ვხედავ.
ჩვენ ადვილად ვიმეტებთ ერთმანეთს მოსაკლავად, მათ შორის სიტყვით.
გოგა ჩანადირი