„მუდმივად ვფიქრობ და ვრჩები იმ აზრზე, რომ ბავშვობიდანვე უნდა გვასწავლიდნენ საკუთარი თავის რწმენას, მიმღებლობას, ლიდერობას და მიზნების დასახვას“, – წერს სოციალურ ქსელში წარმატების აკადემიის ერთ-ერთი დამფუძნებელი მაია ხავთასი.
მაია ხავთასი: ადამიანების უმრავლესობა მექანიკურად ცხოვრობს, თავად მეც მიუხედავად საკმაოდ კარგი აკადემიური განათლებისა, სულ რამდენიმე წლის წინ მივედი ჩემი მიზნების ფორმირებამდე.
პირველად უცხოელი სპიკერის ტრენინგზე დავწერე და განვსაზღვრე ჩემი 5 წლის მიზნები, რომლის 70% უკვე შესრულდა. მანამდე, არავის, არსად, არასდროს უსწავლებია, რომ ლიდერული უნარების განვითარება და მიზნების განსაზღვრა ყველაზე მნიშვნელოვანია ჩვენ ცხოვრებაში. ამიტომაც არის, რომ ადამიანების 80% ცხოვრობს უმიზნოდ.
სანამ არ დავიწყე ტრენინგების გავლა და თვითგანვითარებაზე ზრუნვა, არსად არ მსმენია, რომ უნდა გვიყვარდეს საკუთარი თავი ისეთი, როგორიც ვართ და ყოველდღე უფრო მეტი რწმენა გვქონდეს, რომ ჩვენ ყველაფერს მივაღწევთ, რასაც ნამდვილად მოვინდომებთ.
არავინ გვასწავლიდა, რომ ჩვენი მომავალი ცხოვრება, ჩვენი ფიქრების და მიზნების შედეგია და არა მექანიკური პროცესი, რომელიც თავისით ხდება. ჩვენთვის, რომ ბავშვობაშივე ყოფილიყო ხელმისაწვდომი ეს სწავლება, ბევრად უფრო ადრე გავხდებოდით წარმატებული და რეალიზებული ადამიანები.
ჩვენ, რომ ბავშვობიდანვე გავეზარდეთ ლიდერებად, დღეს ქვეყანაც შესაბამისი გვექნებოდა. ყველა ადამიანშია პოტენციალი და განსაკუთრებული ნიჭი, რომელსაც ჩვენი საკუთარი მოწოდება ეწოდება. ყველამ უნდა იპოვოს მისთვის საინტერესო და საყვარელი საქმე.
აქვე გაგიზიარებთ ერთ ტექნიკას, რომელსაც ტრენინგზე ვაზიარებ ხოლმე. შეჩერდით წამით, აიღეთ პასტა და ფურცელი და გაეცით შემდეგ შეკითხვებზე პასუხი: რა მომწონს? რა მსიამოვნებს? რის კეთება მინდა? რა გამომდის კარგად?