“იმ გზაზე თუ დადგა კაცი, რომ აუარება ცუდი საქმიდან ცოტა მაინც გადააკეთოს კარგ საქმედ, მაშინ ცუდი კაცების მტრად მიჩნევა არ გამოდგება და გეტყვი, რატომ.
ის ცუდი კაცები მთელი ქვეყანაა, თითქმის. მტრად თუ ჩათვალე აქეთ შენ დარჩები და იქით ყველა ისინი ერთად და გაჯობებენ უვჭველად. ეს ერთი.
მეორე ის, რომ თვითონ კაცს რომ ებრძოლო, ათს აჯობე, თუ გინდა ეს ცხოვრება კრუხივით ჩეკავს ცუდ კაცებს და ათივეს მაგიერ მოიძებნება სხვა ცუდი კაცები უცბად; გამოვა, რომ ამრავლებ და კი არ ამცირებ სიგლახეს.
მესამეა კიდევ: როგორიც გინდა იყოს საქმე, სიყვარულით თუ არ მიუდექი ვერ მოერევი. კაცი მტრად თუ ჩათვალე, შეგძულდება და მისი მოტანილი ზიანის კარგ საქმედ გადაკეთებაში სიძულვილი ვერ გამოგადგება ამხანაგად. მიტომაა, მტრად რომ არ უნდა ჩათვალო ცუდი კაცები, მან ჩაგთვალოს მტრად, გდიოს, გებრძოლოს, ის მდევარი იყოს, შენ დევნილი და ხალხი შენს საქციელს მიბაძავს, შენს მხარეს დაიჭერს მაშინ.
ცუდ კაცს ნურც მტრად ჩათვლი, ნურც მოყვარედ. მის გაფუჭებულ საქმეს და მის მოტანილ ზიანს უნდა ხედავდე არაფერს სხვას. ამას უნდა დევდე და კარგ საქმედ აქცევდე. სხვები დაინახავენ, კარგმა გლახას აჯობაო, მოგბაძავენ თვითონაც, უკეთესი გახდებიან, ვიდრე იყვნენ. გამრავლდება ასეთი ხალხი და გაუჭირდება ავ საქმეს. ყველა კაცის ვალია ეგ”
დათა თუთაშხია
ჭაბუა ამირეჯიბი