„ვფიქრობ, მნიშვნელობა არა აქვს – ვინ ხარ და რას წარმოადგენ საზოგადოებაში, რა ნიღაბს ირგებ და რა როლს თამაშობ. მთავარია – როგორი პიროვნება შედგა შენსგან’‘, – ამბობს წარმატების ექსპერტი თამარ კვარაცხელია და თავის შესაცნობად საკმაოდ საინტერესო თემას გვთავაზობს.
მოდი, ერთი წუთით დავფიქრდეთ, არჩევანის საშუალება რომ გვქონდეს, როგორი ადამიანი ვიქნებოდით?
დააკვირდით, არ ვსვამ კითხვას – ვინ ვიქნებოდი?
არა, არავის ვეუბნები, გახდეს სხვა ადამიანი… უბრალოდ გთხოვთ, გავხდეთ უკეთესები, რამდენადაც ეს არის შესაძლებელი.
ამ რამდენიმე დღის წინ, ერთ-ერთ წვეულებაზე ვიყავი, ამ თემის დაწერის სურვილი იქ შეკრებილ საზოგადოების ნაწილთან ურთიერთობის შედეგად, გამიჩნდა.
საერთოდ, ბევრი თვლის, რომ თუ მუშაობს მაღალ ანაზღაურებად სამსახურში, თუ არის პრესტიჟული პროფესიის წარმომადგენელი, ან თუნდაც – ჩვეულებრივი რიგითი მოსამსახურე, ან ბიზნესის სფეროშია დაკავებული – ან თუნდაც მოგზაურობს…. – ის უკვე შემდგარი ადამიანია (თუმცა შესაძლებელია ასეც იყოს).
მეთანხმებით?
ზემოთ ხსენებულ კითხვაზე პასუხის გაცემა, ალბათ, ბევრს გაუჭირდება. საზოგადოების ნაწილს, არასდროს აქვს დრო, გაერკვიოს, თუ რა ხასიათის თვისებებს ფლობს. არიან თუ არა-ისინი მისაბაძნი და თუ არიან-რა თვისებით?
როგორ შეიძლება განვსაზღვროთ, თუ როგორი პიროვნება გვინდა ვიყოთ?
პრაქტიკულ ფსიქოლოგიაში არსებობს სხვადასხვა მეთოდები და სავარჯიშოები. მე შემოგთავაზებთ ყველაზე მარტივს. დაახლოებით არსებობს სამი „მეთოდი“ ამის განსაზღვრისთვის. თუმცა, ისინი ერთი მეორეს ხელს არაფერში უშლის (ანუ ეს დაყოფა პირობითია).
პირველი გამოდგება ყველასთვის; მეორე – ვისაც სწამს უფლის- შემოქმედის; მესამე კი – ათეისტებისთვის.
პირველი – თქვენს ცხოვრებაში, ყოველდღე ხვდებით ადამიანებს, რომლებშიც ხედავთ ხასიათის ისეთ შტრიხებს, რომელთაც ისურვებდით რომ ფლობდეთ. შეიძლება რომელიმე თვენგანს ჰყავს ახლობელი, რომლის დანახვაზეც გაგიფიქრიათ: „ნეტავი მეც ასეთი ვიყოო“. ამიტომ, როცა აღმოაჩენთ თქვენთვის მისაღებ თვისებას, გადმოიღეთ თამამად და იფიქრეთ – თქვენ უკვე გავხართ მას. იმ შემთხვევაში, თუ ეს ფასეული თვისებაა, მიიღეთ ის, როგორც საკუთარი და შეიტანეთ თქვენი ინდივიდუალიზმი.
მეორე – მორწმუნე ადამიანები მიმართავენ ბიბლიას და წმინდა წერილებს. ეცნობიან, სწავლობენ და ცხოვრობენ მოცემული პრინციპებით.
მესამე – ათეისტებს, შეუძლიათ შეხედონ ყველა დროის გამოჩენილი ადამიანების ცხოვრებას, იპოვონ ის მარცვალი მათში, რაც უნდათ განავითარონ საკუთარ თავში და იმოქმედონ, როგორც პირველ შემთხვევაში.
რა ხასიათის თვისებას აიღებდით დედა ტერეზასგან? – თანადგომას, უანგარობას, უსაზღვრო სიყვარულს, სათნოებას.
დონალდ ტრამპისგან? -საქმიანი ინტუიცია..
უოლტ დისნეისგან?– წარმოსახვას…
უინსტონ ჩერჩილისგან? -სიბრძნეს…
ილია ჭავჭავაძისგან? – აზროვნების სიღრმეს…
ვინ არის და რა თვისებით გიზიდავთ, ნებისმიერი თქვენთვის მისაბაძი ადამიანი? (ჩამოწერეთ სია)
1. ——————-
2. ——————-
ჩვენ გვინდა თუ არა ყოველ დღე გვიტევს ტელევიზია საინფორმაციო საშუალებებით, არაფრის მომცემი შოუ-პროგრამებით, სერიალებით. ქვეცნობიერში ილექება ყველა მოწოდებული ამბავი, მისაღები თუ მიუღებელი სტერეოტიპებით, რომელიც შემდეგ ვლინდება ჩვენს ქმედებებში და მეტყველებაში. ის ამავე დროს მოქმედებს ჩვენს ფასეულობებზე. ამიტომ გამოჩინეთ სიფრთხილე… სიფხიზლე…
შეეცადეთ თავად აირჩიოთ (არ გიკარნახოთ ტელევიზორმა – სერიალებით…..) ვინ და როგორი ადამიანი იყოთ, შექმენით საკუთარი თავი, გამოიყენეთ აზრების ძალა.
ამ მეთოდით თავისუფლად შეგიძლიათ შექმნათ ხედვა იმისა, თუ როგორი პიროვნება გინდათ, რომ იყოთ. ჩამოწერეთ სასურველი პიროვნებების და მათში მოსაწონი ხასიათის თვისებების სია, მიბაძეთ მათ, დაამატეთ თქვენი შტრიხი, შესძინეთ ინდივიდუალობა და იმოქმედეთ შესაბამისად.
გისურვებთ წარმატებებს!
პატივისცემით თამარ კვარაცხელია!
წყარო:https://zrda.wordpress.com