საქართველო ყველას გვიყვარს, მაგრამ უნდა ვაღიაროთ მისი ჩამორჩენილობა. მაგალითად ესაა ქვეყანა, სადაც არ არსებობს ფსიქოლოგიური სკოლები. ერთადერთი, გეშტალტთერაპიის ინსტიტუტია, რომელიც ერთი დალოცვილი ადამიანის ენთუზიაზმის ხარჯზე არსებობს მხოლოდ, მაგრამ ეს დიდი ვერაფერი შეღავათია, რადგან თვით ეს მიმდინარეობა დიდი ეფექტურობით არ გამოირჩევა…
სკოლები კი არა, ერთი სერიოზული ფსიქოლოგიც კი არა გვყავს. მიუხედავად ჩემი დიდი სიყვარულისა ცალკეული ადამიანების მიმართ, რომლებიც თავის თავს ფსიქოლოგებად თვლიან, არ შემიძლია არ ვთქვა, რომ საქართველოში არცერთი სერიოზული ფსიქოლოგი არ არის. სერიოზულ ფსიქოლოგს ვუწოდებ იმას, ვინც შეძლებს სერიოზული პრობლემის, ვთქვათ, PTSD-ის განკურნებას. იმათ, ვინც ფსიქოლოგიური დახმარების ცენტრებს აარსებენ, რუსი ფსიქოლოგები ჩამოყავთ, რადგან ესმით, რომ ქართველი “ფსიქოლოგი” საშუალო სირთულის პრობლემების მოგვარებასაც კი ვერ გაქაჩავს.
ასევე არ არსებობს მთარგმნელობითი სკოლა, რის გამოც ქართულ ენაზე ნათარგმნი წიგნი უბრალოდ არ იკითხება, მიუხედავად იმისა, რომ ათასობით თარგმანი დევს წიგნის მაღაზიებში…
თუკი რომელიმე დარგში რაიმე დონე გვაქვს, ეს ყოველთვის ერთი თავგადაკლული “გიჟის” ხარჯზე ხდება. მაგალითად უძველესი ქართული მედიცინის შესახებ ცოდნა მხოლოდ იმიტომ არსებობს, რომ არსებობს გენიალური მკვლევარი და ექიმი დათო ვაშაძე . ღმერთმა დიდხანს აცოცხლოს დათო, მაგრამ როცა ის აღარ იქნება, აღარც ქართული ფიტოთერაპია აღარ იქნება… საერთოდ, ისიც გაუგონარ სიბნელედ მიმაჩნია, რომ ქართული მედიცინის შესახებ მოსახლეობის ყველაზე განათლებულმა ნაწილმაც კი არაფერი იცის, მაშინ როცა მასთან შედარებით ტიბეტური, ფილიპინური თუ სხვა მედიცინები, თავად აიურვედაც კი მაგარი საბავშვო ბაღია. იმის ნაცვლად, რომ მთელი მსოფლიო გიჟდებოდეს ქართულ მედიცინაზე (რაც უდიდესი შემოსავლის წყარო იქნებოდა ჩვენთვის), თვითონაც კი არ ვიცით, რომ ასეთი რამ საერთოდ გვაქვს… აი, ასეთი “პატრიოტები” ვართ და ასე ვუვლით “სამშობლოს”… და კიდევ გვგონია, რომ სხვები გვართმევენ “ქართველობას”…
ასეთი მაგალითი კიდევ ბევრი შემიძლია მოვიყვანო, ამიტომ არ გეწყინოთ, თანამეინახენო, მაგრამ პირადად ჩემთვის თუკი რაიმეს ნიშნავს სიტყვა ‘ქართველობა”, მხოლოდ სიბნელეს, გაუნათლებლობას, ფარისევლობას და ბოროტებაში გადასულ სიბრიყვეს…
ლევან რამიშვილი