ზეზვა და მზია
ზეზვას უნდოდა, მზიას იდაყვს შეხებოდა…
უბრალოდ შეხებოდა.
ეგონა, რომ თუკი ეს მოხდებოდა,
უმალ დედამიწის ირგვლივ ათასი ბრწყინვალე პლანეტა ამოცურდებოდა,
და კოსმოსიდან გადმომდინარე რძის ჩანჩქერების ფონზე
ყველანი ერთად სიხარულის ღვთაებრივ ჰიმნს იმღერებდნენ…
მზია თორღვაზე ოცნებობდა,
თორღვა – მზემინარზე,
მზემინარს კი ზეზვა ესიზმრებოდა ყოველ ღამე…
მაგრამ მაშინ, იმ შავ-ბნელ 21-ე საუკუნეში სვინგერობა საზიზღრობად ითვლებოდა…
რა არის საზიზღრობა? – ის, რაც იცი, რომ არ შეიძლება.
რა არ შეიძლება? – ის, რაც გითხრეს!
რაც არ შეიძლება, ის გესიზმრება, და ამიტომაც სიზმრები უცნაურია…
მაგრამ ყველაზე საშიშია ის, რაც აღარც კი გესიზმრება.
რაც არ გესიზმრება, ის ბალღამისა და გუდრონის ნაზავ გუნდად იქცევა, და სიმსივნის სახით გარეთ გამოდის…
არიან ადამიანები, ყოველთვის რომ ზუსტად იციან, რა უნდათ.
მათ დიდი ხანია აღარ ესიზმრებათ სიზმრები, მაგრამ საკმაოდ კეთილმოწყობილი ონკოლოგიური ცენტრები აქვთ.
მათი სურვილები მათი ტვინების ფოლდერებში კუთხეში დგანან დასჯილები, კედლისკენ შებრუნებულები, და შემოტრიალებასაც ვერ ბედავენ.
არიან ადამიანები, რომლებიც მხოლოდ მთავარ ქუჩაზე დადიან, განათებულზე ოფიციალური სიმართლით.
მათ ზუსტად იციან, რა ხდება სხვა განზომილებაში მცხოვრები ღმერთის შუბლის ნაოჭებში, და ღმერთმა არ ქნას, ვინმეს რამე შეეშალოს…
და მიუხედავად იმისა, რომ ღმერთმა ორიათასჯერ დაწერა განცხადება თანამდებობიდან გადადგომის შესახებ, ზეზვას ვერასოდეს ეღირსება მზიას იდაყვის შეხება…
არან ადამიანები, რომლებიც არასოდეს ფიქრობენ, მაგრამ ყოველთვის ყველაფერი იციან…
ისინი გრანიტის ლოდებივით დგანან, მუდამ ცვალებადი მოლეკულების სამყაროში და ეს ცვლილებები მათ არ ეხებათ…
ისინი ლოდებივით დგანან და ათიათასიწლისწინანდელ ლეგენდებს იცავენ, მოგონილს სიმთვრალის ჟამს.
ისინი იცავენ ლეგენდებს მემბრანების ფეთქვისაგან…
ლევან რამიშვილი