ცოტნე გამსახურდია „ფეისბუქის“ პირად გვერდზე ინგა გრიგოლიას გადაცემაში გაშუქებულ უმუშევრობის თემას ვრცელი სტატუსით ეხმაურება.
ცოტნე გამსახურდია: „თავიდანვე გეტყვით: არც იაფფასიან პოპულიზმს ვემხრობი, რომელიც გადაცემის მასპინძლების მხრიდან დავინახე: – საქართველოში უამრავი წესიერი, განათლებული, შესანიშნავი ადამიანია და სამუშაო ადგილები არ არისო…
არც ხელისუფლების პოზიციის დაცვას ვაპირებ, მით უფრო ტყემალაძის მსგავსთა – პენსიონერი 160 ლარს უნდა ეყოსო…
ჩემს მეგობართან ერთად პატარა ბიზნესი მაქვს, ავტოსერვისი. ფაქტობრივად, ჩემი მონაწილეობით ან ზედამხედველობით არის ყოველი აგური დადებული. საკუთარი დანაზოგით, ვალით, შეღავათით, მეგობრული დახმარებით – ვეცადე თანამედროვე სტანდარტით გამეკეთებინა. პირველი ეტაპი – მშენებლობა იყო, მეორე – ტექნიკით აღჭურვა, და მესამე… სწორედ ეს მესამე გამოდგა ყველაზე რთული: ადამიანური ფაქტორი, სპეციალისტებით დაკომპლექტება. სანთლით ვეძებთ მცოდნე, წესიერ ადამიანებს, ხელოსნებს, მენეჯერებს, მომმარაგებლებს. პირადი კონტაქტებით, ინეტით, ყველანაირად ვეცადეთ, თუმც უკვე თითქმის წელიწადია ერთი მესამედიც არაა დატვირთული. რატომ?
იმიტომ, რომ საქართველოში მუშაობა ასე უნდათ: მოვიდენ, რაც უნდათ აკეთონ მინიმალური კონტროლით, თვითონ იშოვონ მილიონი და მალე, შენ დაგიტოვონ კაპიკები და მერე მოულოდნელად წავიდნენ. არავითარი პასუხისმგებლობა, არავითარი პროფესიონალიზმი, არავითარი ვალდებულებები! ასეა აქ ყველა სფეროში: დაწყებული ექიმებით დამთავრებული მოტორისტებით!
აბსოლუტურად ვეთანხმები ამჯერად გ.მაღრაძეს: უამრავი პროფესიული თუ სხვა სასწავლებელია, რომელიც ერთ წელიწადში სხვადასხვა სპეციალისტებს ამზადებს, მათგან დაუსაქმებელი ფაქტობრივად არავინ რჩება. მაგრამ იქ მისასვლელად საჭიროა ინფორმაციის მოძიება, ცხოვრებისეული გაბედულება და ინიციატივა, ადაპტაცია, სწავლა – განა ამდენი შეუძლია ქართველ კაცს?! არ სჯობს სახლში დაჯდეს და საბერძნეთში წასული დედა-მამიდა-დეიდის გამოგზავნილ გროშებს ელოდოს?
ბევრი მინახავს ისეთიც, როცა სოფლად ჰექტარი მიწის პატრონები ქალაქში დაცვაში მუშაობენ 400 ლარად. მინახავს, როცა ტიპი სამუშაოს დაწყებაზე უარს ამბობს, რათა სოციალური დახმარება არ დაკარგოს! მუქთა იყოს – კუბო იყოს, კაცო…
და საერთოდ, ვინ და რატომ უნდა იზრუნოს შენს დასაქმებაზე? რომ ჰკითხო, აღარ უნდათ საბჭოთა კავშირი. თუმც მუქთამჭამელები არც მანამდე გვაკლდენ…
ესაა ჩვენი რეალობა. ვიცი, ახლა ვიღაც წუნკლები აყეფდებიან და დაიწყება უგნურ-პოპულისტური სისულელეების ბოდიალი. წინასწარ მინდა ვურჩიო:
სანამ ყეფას დაიწყებდეთ, ჩემი გაკეთებულის ნაწილი მაინც გააკეთეთ ადამიანების დასახმარებლად!
P.S. ზედმეტია ალბათ თქმა, რომ ეს სტატუსი არ ეხებათ ხანდაზმულებს, უნარშეზღუდულებს, ავადმყოფებს და საერთოდ მათ, ვისაც ბედის უკუღმართობით საკუთარ ცხოვრებაზე ზრუნვა გართულებული აქვს.”