ცირა პატურაშვილის პერსონა
“ოთხი წლის წინ, 21 აგვისტოს ხელახლა დავიბადე …
მანამდე ფსკერზე დავეშვი. სწორედ ეს ფსკერი დამეხმარა, საკუთარი თავის ძიება დამეწყო, ფეხზე დავმდგარიყავი და სხვა ადამიანებსაც დავხმარებოდი“- ამბობს ცირა პატურაშვილი.
ცირა 16 წელია, ემიგრაციაში იმყოფება. ამჟამად მადრიდში ცხოვრობს. ჰყავს ქართველი მეუღლე და პატარა ელისაბედი. მისივე თქმით, საკუთარ თავზე დაკვირვებით, თვითრწმენით, სწავლითა და მუშაობით შეინარჩუნა სულის, გონებისა და სხეულის ბალანსი და დღეს ბედნიერების მწვერვალზეა.
ცირა პატურაშვილი: „დიდი ხნის მანძილზე მჯეროდა, რომ ადამიანი ან ბედნიერი იბადებოდა, ან – არა. მაგრამ ერთხელაც, როცა შინაგანი სიმშვიდე მოვიპოვე,- მივხვდი, რომ ეს ასე არ იყო, შინაგან სიმშვიდესთან ერთად გაჩნდა ბედნიერების შეგრძნება“,
სწორედ მაშინ გადაწყვიტა ის გზა, რომელმაც შინაგან სიმშვიდემდე და ბედნიერებამდე მიიყვანა სხვებისთვისაც ესწავლებინა… ასე გაჩნდა ახალი პროფესია და მადლიერი ადამიანები… დღეს ემიგრანტებს იმ პრობლემების დაძლევაში ეხმარება, რასაც თავად წლების წინ გაუმკლავდა.
ამ ყველაფრის შესახებ ჩვენი რესპონდენტისგან შეიტყობთ, საუბარს ემიგრაციით ვიწყებთ.
– ცირა, რამდენი ხანია რაც უცხოეთში ხართ და რამ განაპირობა თქვენი ემიგრაციაში წასვლა?
– 21 წლის წამოვედი საქართველოდან. ჯერ გერმანიაში ვიყავი, მერე ესპანეთში გადავედი. რამდენიმე წელში საბუთიც მივიღე. 16 წელია, ესპანეთში ვცხოვრობ. ჩემი უცხოეთში წამოსვლის მიზეზი ის ინტერესი და დიდი სურვილი იყო, რომელიც ბავშვობიდან არ მასვენებდა. მინდოდა ბევრი ქვეყანა მენახა და ასევე ფინანსურად გავძლიერებულიყავი. სხვა სივრცეს და ამ სხვა სივრცეში ბედნიერებას ვეძებდი, დღეს ამას გაქცევას დავარქმევ… მოგვიანებით აღმოვაჩინე, რომ ადამიანები, ხშირად, ჩვენ თავებს, ჩვენსავე სულიერ სიღრმეებს გავურბივართ. სადაც უნდა ვიყოთ, თუ საკუთარ ,,მეს“ არ ჩავუღრმავდებით, ბედნიერებას ვერ ვიპოვით.
– როგორც მივხვდი, ესპანეთში ხელისგულით მორთმეული ცხოვრება არ დაგხვდათ…
– ზუსტად ასეა. მართალია, სამუშაოზე კარგი პირობები მქონდა, მაგრამ სულიერად გამოვიფიტე. დავსუსტდი, დავკარგე ენერგია, ერთ ნეგატიურ სიტუაციას მეორე ცვლიდა. პირადი ცხოვრება საერთოდ არ მქონდა, მხოლოდ გაუმართლებლობა. ერთ ადგილას გავიყინე. თითქოს თავი დავკარგე.
– საკუთარი თავის ძიება თავად დაიწყეთ თუ ვინმე დაგეხმარათ?
– ერთხელაც გადაწყვეტილება მივიღე, რომ თავი გადამერჩინა. ხომ გაგიგიათ, როცა მოსწავლე მზად არის, მასწავლებელიც გამოჩნდებაო. ასე გამოჩნდა ლუიზა ჰეიც ჩემს ცხოვრებაში… სრულიად შემთხვევით, აღმოვაჩინე მისი აუდიო წიგნები. ეს გახლავთ ფსიქოლოგი, პოზიტიური აზროვნებისა და ქმედების საფუძველზე თვითდახმარების ტექნოლოგიის ერთ – ერთი შემქმნელი. ლუიზა ჰეის აზროვნება ჩემთვის გახდა სტიმული, ახლებურად შემეხედა საკუთარი თავისთვის, საკუთარი პრობლემებისთვის. ამას მოჰყვა სხვა ავტორები, ისინი საუბრობდნენ, რომ ჩვენს ფიქრებს, ჩვენს სიტყვებს უდიდესი ძალა აქვს. როცა ეს გავიაზრე, მივხვდი, რომ აქამდე არასწორად ვფიქრობდი და ვცხოვრობდი.
– ადვილად გამოგივიდათ ფიქრების შეცვლა?
– ადამიანები წიგნებს კითხულობენ, ან ზოგჯერ თვალს გადაავლებენ, მე კი წიგნებს ვსწავლობ. როცა ისწავლი, როგორ შეიცვალო, შეცვლა ადვილია… მთავარია დიდი სურვილი და გადაწყვეტილება. ეს უბრალოდ კი არ უნდა გინდოდეს, მთლიანად ამით უნდა იყო შეპყრობილი… აი, ამის მერე იწყება საოცრებები…
ორ-სამ კვირაში ჩემ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ცვლილებები დაიწყო, ეს მთელი წლის მანძილზე გაგრძელდა. ერთდროულად მოვიდა სიყვარულიც, გამართლებაც და წარმატებაც. ცხოვრება დალაგდა და ეს იყო უდიდესი გარდასახვა. მე ახალი პიროვნება გავხდი, სრულიად სხვა ცირა…
არა მხოლოდ შევცვალე ჩემი ფიქრები და აზრები, არამედ, იმის საფუძველზე, რაც ვისწავლე, დავამუშავე მნიშვნელოვანი თემები და შევქმენი წიგნი, სათაურით – ,,დაასრულე ჯოჯოხეთი, გახდი ბედნიერი“. ჩემი წიგნი დასაბეჭდად მზად არის და მალე გამოიცემა საქართველოში. ასევე დავბეჭდე 5 სახის ბლოკნოტი – პოზიტიური აფირმაციებით. ეს ერთგვარი დღიურებია, სადაც ადამიანი მუშაობს საკუთარ მიზნებზე და შედეგად აუცილებლად აღწევს წარმატებებს.
“მე ვარ ჩემი ბედის მწერალი“, “მე ვარ ჩემი ცხოვრების შემოქმედი“, „აქციე შენი ოცნებები მოგონებად“, „იმსახურებ, რაზეც ოცნებობ“, “მადლიერების დღიური“.
– საკუთარი თავის შეცნობა სხვათა დათმობის, ბევრ რამესა და ვინმეზე ,, არას“ თქმით მოგიხდათ თუ არც ასე რთულად ყოფილა საქმე?
– მთელი ჩემი გარემოცვა შევცვალე. უარი ვთქვი ბევრ რამესა და ვინმეზე. ეს იყო ჩემი არჩევანი გადარჩენის გზაზე, სადაც სულ მარტო ვიყავი. ძველი ურთიერთობებიდან დღემდე მხოლოდ ორი ადამიანი მომყვა. მაგრამ იმდენი სიახლე, იმდენი საიმედო ურთიერთობა მივიღე, ისე ლამაზად, ნაბიჯ – ნაბიჯ მოვაწესრიგე ყველა ძირითადი სფერო, რომ წარსულს უკვე სიხარულითა და მადლიერებით დავემშვიდობე.
დღეს მყავს ოჯახი, მეუღლე, შვილი – ელისაბედი. ვაგრძელებ სწავლასა და განვითარებას, პარალელურად, ვმუშაობ პოზიტიურ ფსიქოლოგიაში – ვეხმარები ადამიანებს, უმეტესად, ემიგრანტებს ვუწევ კონსულტაციებს და ვეხმარები მტკივნეული სიტუაციებიდან გამოსვლაში, საკუთარი თავის პოვნაში, რომ დაძლიონ სირთულეები და გახდნენ ბედნიერები.
ხშირად უთქვამთ ჩემთვის, როცა ძალიან მჭირდებოდი, მაშინ გამომიგზავნა ღმერთმა შენი თავიო. ვარ პიროვნული ზრდის და ფინანსური ქოუჩი, ფეისბუქზე შევქმენი ,,წარმატებული ემიგრანტების ჯგუფი“, სადაც საკუთარ გამოცდილებას და ტექნიკებს ვაზიარებ. ვთანამშრომლობ ,,წარმატების სკოლასთან“, განიხილება სამომავლო პროექტი, რითაც ემიგრანტებს კიდევ უფრო მეტად დავეხმარებით, რომ საკუთარი ძალები ირწმუნონ.
– რა არის თქვენი დღევანდელი გზავნილი ადამიანებისთვის?
– იოცნებონ და ირწმუნონ საკუთარი ძალების… შეცვალონ ფიქრები… როცა ფიქრებს შეცლიან, საკუთარ თავთან დამოკიდებულებაც შეიცვლება და ეს ყოველივე ცხოვრებას სასიკეთოდ შეცვლის. გაიაზრონ ჩემი მაგალითი. მე ხომ ოთხი წლის წინ სრულიად დაკარგული ვიყავი. დღეს აბსოლუტურად სხვა ადამიანი ვარ, ვიპოვე საკუთარი თავი და ღმერთი ჩემ თავში. ღმერთი, ვისთანაც ყოველდღიური კავშირი მაქვს. ის არის ჩემი ბრძენი წინამძღვარი. მე მას მშვიდად მივყვები. აღარ ვიბრძვი სურვილებისთვის, ისინი თავის დროზე, თავისით სრულდებიან.
ადამიანებს, განსაკუთრებით კი ემიგრანტებს, ვეტყოდი, რომ იზრუნონ საკუთარ თავზე, ნუ დაკარგავენ თავს მხოლოდ იმიტომ, რომ სხვას ასიამოვნონ, თითოეულმა ადამიანმა ჯერ თავის თავში არსებული უფალი უნდა შეიყვაროს, დააფასოს, პატივი სცეს და იზრუნოს მასზე, ხოლო შემდეგ უკვე იგივე თავის მოყვასთან მიმართებაში გააკეთოს.
ნინო მოდრეკილაძე
ცირა პატურაშვილი https://www.facebook.com/tsira83