****
გადავწყვიტე ჩემს სასიმამროს დავხვდები სამსახურის კიბებთან და ყველაფერს კარგად ავუხსნი მეთქი.
სასიდედროსთან უკვე შეხვედრილი ვიყავი…
გამომკითხა ვინ ვიყავი, რას ვსაქმიანობდი და მეც თავაზიანად ვპასუხობდი: სტუდენტი ვარ, მომავალი იურისტი; მომავალი მწერალი; მომავალი პარლამენტარი; შიძლება მომავალი მინისტრიც მეთქი…
ჰოდა, მომავალში გამოგვიარე შვილოო: მოკლედ მომიჭრა და დამემშვიდობა…
ნუ კაცი მაინც სულ სხვაა, მამამისი გამიგებს მეთქი. იხტიბარი არ გავიტეხე…
– გამარჯობა ვასილიჩ…
-გაგიმარჯოს.
– მე ისა ვარ… აი… ის…
– ვიცი. რა გნებავს?
-თქვენი ქალიშვილი მიყვარს…
– ჰოო?
– დიახ…
– როგორ?
– სიგიჟემდე…
– კაი კაცო… მაინც?
– მისი სიყვარულით გულის ტკივილები დამჩემდა…
– კიდევ?
– უძილობა.
– კიდევ?
– წნევები…
– კიდევ?
– მოიცა, ეს რა ცოტაა?
– ჰოდა ცოტა რომ არ არის, დაანაბე შვილო თავი, სანამ ბოლომდე მოგტყვნია კეთილები…
– ???
– რას მიყურებ. ვერ გაგიგე?
– გავიგე, მაგრამ იცოდეთ რომ ინანებთ!
ვნახოთ, ვნახოთო… ირონიულად მიპასუხა. შემდეგ მშვიდად ჩაჯდა მანქანაში, საქარე მინა ჩამოწია და მომაძახა
– ბევრს ნუღარ მიედ-მოედები! სიყვარულსა მალვა უნდა მალვა!
ზუსტად კვირის თავზე გავიპარეთ…
რამდენიმე დღე ვიმალებოდით. ბოლოს მეუღლემ მთხოვა დამერეკა და შესარიგებლად პატიება მეთხოვა…
– ალო… ვასილიჩ მე გაწუხებთ. სიძე…
– სიძე კი არა სანამ გამისწორებიხარ სიგრძე სიგანეში დამალაპარაკე ჩემი ქალიშვილი!
– ანუ ჩემი მეუღლე?
რამდენიმე წუთიანი პაუზა გააკეთა და შედარებით დამშვიდებული ხმით მითხრა
– შვილს უნდა შემახვედრო და დამალაპარაკო…
– ნწუ… ჯერ არა..
– რატომ?
– ჯერ ცოტახანს კიდევ დავიმალებით და მერე მოვიფიქრებ…
ახლა უკვე ნერვებმა უმტყუნა.
– ბიჭო შენ ჩემი გაგიჟება გინდა?! ღამეები არ მძინავს. გული მაწუხებს. წნევა მაქვს 180-ზე!
– კიდევ?
– არ არის საკმარისი?
– მე რომ ვიყავი მაგ დღეში გახსოვს?
– მახსოვს…
– და რა მიპასუხე?
ახლა უკვე შედარებით ხანგრძლივი პაუზა გამოუვიდა...
– რატომ მიმალავ შვილს, რატომ?
– შენ არ იყავი მანქანიდან რომ მომაძახე სიყვარულსა მალვა უნდაო?
რამდენიმე წუთი სამარისებური სიჩუმე ჩამოვარდა… შემდეგ თავშეკავებული ჩუმი სიცილის ხმა გავიგე და უცებ ყურმილი ახარხარდა….
– კარგი მოვდივართ! მოვდივართ! – ვუთხარი და გამარჯვებულმა ტელეფონი ჰაერში მოვისროლე….
სულა სულაშვილი