ნუ გეშინია!
უკიდეგანოდ რთულია, მაგრამ დამშვიდდი, ნუ გეშინია დაჩაგრულო ადამიანო.
შენს ტკივილს ვერ და არ გაიგებს მჩაგვრელი, ის ღვთისპირიდან გავარდნილია და გულით ბრმა.
მისი არსებობა დაშვებულია. მან უნდა გატკინოს, სული გაგიმწაროს, შეგაშინოს, შურაცხყოფა მოგაყენოს, ცილი დაგწამოს, დაგამციროს და დაგაკნინოს, რათა შენი სული გამოიბრძნედოს, გაძლიერდეს და თვალი აგეხილოს.
სარეველა ბალახი აუცილებელია, ის აფხვიერებს მიწას და სასარგებლო მცენარეს ხელს უწყობს ზრდაში. საჭირო მცენარე მალე იზრდება, ძლიერდება და ჰყვავის. ასე იზრდებიან ულამაზესი და ნაყოფიანი ხეები, სარეველა დაბლა რჩება და ჭკნება.
შენ უნდა გაძლიერდე დაჩაგრულო ადამიანო. გაძლიერდე მორალურად, მდგომარეობით, სულიერად და ფიზიკურად. მჩაგვრელი ვეღარ მოგწვდება, მოგშორდება, მარტო დარჩება და განადგურდება.
დამშვიდდი გულცრემლიანო და გულმოკლულო ადამიანო, დროებითია შენი წყენა, დაჩაგვრა და ტკივილი.
იყავი ბედნიერი და ამაღლებული იმით, რომ თავად არ ხარ მჩაგვრელი, შენ უფრთხილდები ადამიანის გულს და გიყვარს ის.
იყავი ბედნიერი და გახარებული, რომ არ ხარ ის უზნეო და უღმერო, რომელმაც ეშმაკს სული მიჰყიდა.
შენ ბედნიერი ხარ იმითაც, რომ არ შგიძლია და არ გინდა, სხვას სული ატკინო.
მჩაგვრელი დასჯილია თავისი გულბოროტებით, ის იტანჯება, გაავებულია და თავის შხამში იხარშება. მისი მოწოდებაა სხვაც ჩაითრიოს და იძულებული გახადოს ბრძოლა გამოუცხადონ.
მჩაგვრელის უნებლიე სიკეთე არ მიიღოთ, მჩაგვრელის მოჩვენებითი სითბო ახალი ბოროტებისთვის გამზადებული ხაფანგია.
მჩაგვრელს ზნე დაკარგული აქვს, ის გაჩნდა მორალის გარეშე, მისი მოწოდებაა ბოღმა ანთხიოს, მას სხვაგვარად არ შეუძლია.
დამშვიდდი დაჩაგრულო ადამიანო, დროებითია შენი წუხილი. მჩაგვრელს უნდა განერიდო, მისი არ შეგეშინდეს, არ გაუღიმო, ნუ შეაქებ შიშით, ნუ დაუჯერებ და ნუ მიენდობი, ის ამით იკვებება.
მჩაგვრელს განერიდე, მარტო დატოვე, ყურადღება არ მიაქციო და ის თავისით დამთავრდება.
გიორგი ჯაჯანიძე
