fbpx

„არ შეგეშინდეს“ – შეხვედრა ქართველ ემიგრანტებთან ბრიუსელში

ავტორი ჟოლო
102 ნახვა

საოცარი დღე იყო გუშინ ბრიუსელში, განცდებით და სხვადასხვა ემოციებით სავსე. ბელგიაში მიმოფანტული ქართველების ერთადყოფნის საზეიმო ერთი დღე, ერთმანეთის და სამშობლოს მონატრებით და სიყვარულით გაჯერებული

ვიცი, დიდხანს გამყვება ეს შეგრძნებები

უღრმესი მადლობა ბრიუსელში მცხოვრებ ხატია ოზაშვილს, ქალბატონ რუსუდანს და მეუფე დოსითეს ამ ლამაზი და ერთმანეთით სავსე დღისთვის. მათი დამსახურებაა ბელგიის სხვადასხვა ქალაქში მცხოვრები ქართველი ემიგრანტების შეკრება და მათთვის დღესასწაულის მოწყობა.

ეს დღესასწაული შვეიცარიიდან ჩამოსულ საბავშვო პოეტს, სოფო ფოცხვერაშვილს უკავშირდება. ქალბატონმა სოფომ  ბელგიაში მცხოვრებ პატარებს თავისი ფერადი წიგნები ჩამოუტანა საჩუქრად და ამით ძალიან გაახარა ისინი.

არასოდეს დამავიწყდება ამ პატარების უცხო აქცენტითა და ომახიანი ქართულით წაკითხული ლექსები. არც ამ ბავშვების მიერ გათამაშებული „კაცია-ადამიანი“, არტისტიზმს რომ თავდადებაც ახლდა თან.

ანტვერპენელ პატარა მსახიობებიდან რამდენიმეს საქართველო არასოდეს უნახავს.

… არც ის ქართული სიმღერა დამავიწყდება, სამშობლოდან მოწყვეტილმა კაცმა რომ ფანდურზე ააკვნესა. უცხოეთში ეს კვნესაც ტკბილად ჩაგესმის თურმე, მერე სუნთქვას გიკრავს, გული ყელში გებჯინება და უნებურად მოვარდნილ სამშობლოზე ფიქრს აქ მყოფ ქართველებს უკავშირებ… ათასი აზრი გიტრიალებს თავში …

შესცქერი უცხო მიწას შეკედლებულებს და მთელ სხეულში შიში გივლის … გაციებს …

მერე ისევ სიმღერა გაფხიზლებს და სისხლს გიჩქროლებს – არ შეგეშინდესო …

„არ შეგეშინდესო“ – გეუბნება სოფო ფოცხვერაშვილის კეთილი საქმე და პატარებს მომლოდინე მაგიდაზე დაწყობილი წიგნები…

არ შეგეშინდეს! – ეუბნები სასკუთარ თავს და ამ პოეტი ქალბატონის ირგვლივ შეკრებილი პატარა ქართველების ანთებული თვალებით თბები…

დეა თავბერიძე

11 დეკემბერი, 2017 წელი

ბრიუსელი

მსგავსი სტატიები

Leave a Comment