ურთიერთობა მხოლოდ გრძნობები არ არის, ეს არის ყოველდღიური გაცნობიერება | საკუთარი თავის, მეორე ადამიანის და იმ სივრცის, რომელიც თქვენ შორის იქმნება.
ხშირად გვგონია, რომ თუ სიყვარული არსებობს, ყველაფერი თავისით დალაგდება.
მაგრამ რეალობა უფრო სიღრმისეულია,- სიყვარული საჭირო პირობაა, თუმცა არასაკმარისი.
სიფხიზლე ნიშნავს, რომ არ იკარგები ურთიერთობაში.
აუცილებელია სიფხიზლე.
არ კარგავ საკუთარ თავს, საკუთარ შეგრძნებებს და შიდა ხმას.
ეს არის უნარი, რომ შეამჩნიო:
– რას გრძნობ სინამდვილეში და არა მხოლოდ რას ამბობ;
– რას აკეთებს მეორე ადამიანი და არა იმას, რასაც მისგან ელოდები;
– როგორ იცვლები ამ ურთიერთობაში | იზრდები თუ ნელ-ნელა იკარგები;
ურთიერთობაში ერთ-ერთი ყველაზე უხილავი, მაგრამ მნიშვნელოვანი საფრთხე არის გაუცნობიერებლად „ავტომატურ რეჟიმზე გადასვლა“.
– როცა ვეღარ ვუსმენთ საკუთარ თავს,
– როცა ვეჩვევით იმას, რაც არ გვაძლიერებს,
– როცა ვხუჭავთ თვალებს იმაზე, რაც სინამდვილეში გვტკივა.
სწორედ ამ მომენტიდან ირღვევა კავშირი –
ჯერ საკუთარ თავთან და შემდეგ ერთმანეთთან.
სიფხიზლე არის უნარი, რომ საკუთარ თავთან დარჩე მაშინაც კი, როცა გიყვარს.
– არ დაიკარგო სხვის სურვილებში.
– არ უღალატო საკუთარ საზღვრებს.
– არ ჩაახშო შენი ხმა მხოლოდ იმისთვის, რომ ურთიერთობა შეინარჩუნო.
სიყვარული, რომელიც შენს დაკარგვას ითხოვს, სიყვარული აღარ არის, – ეს უკვე შიშია, მიჯაჭვულობა ან დამოკიდებულება.
გაცნობიერება იწყება მარტივი, მაგრამ გულწრფელი კითხვებით:
– რა ხდება ჩემში ამ ურთიერთობაში?
– რას ვგრძნობ ახლა რეალურად?
– ეს ურთიერთობა მაძლიერებს თუ მცლის?
– ვარ აქ ნამდვილი, თუ ვცდილობ ვიყო ის, ვინც „უნდა ვიყო“?
ურთიერთობა არის ენერგიის გაცვლა.
ჩვენ ვუზიარებთ ერთმანეთს ყურადღებას, ემოციებს, ფიქრებს და შინაგან ენერგიებს.
და ის, თუ როგორ ვგრძნობთ თავს ამ გაცვლის შემდეგ, ბევრს გვიჩვენებს თავად ურთიერთობის ხარისხზე.
თუ გაცვლა არაბალანსირებულია, ჩნდება დაღლა, გაღიზიანება, სიცარიელე | ხშირად ისე, რომ ბოლომდე ვერც ვაცნობიერებთ მიზეზს.
ამიტომ მნიშვნელოვანია ჰიგიენა არა მხოლოდ ფიზიკურ დონეზე, არამედ შინაგანშიც:
გონებრივი ჰიგიენა:
ეს ნიშნავს, რომ აკვირდები შენს ფიქრებს და შიდა დიალოგს.
ხშირად ჩვენ თვითონ ვიმეორებთ აზრებს, რომლებიც გვაზიანებს |
„მე არ ვარ საკმარისი“, „სიყვარული რთულია“, „უნდა მოვითმინო“.
გონებრივი ჰიგიენა არის უნარი, შეამჩნიო ეს აზრები და არ მიიღო ისინი ავტომატურ სიმართლედ.
შეამოწმო, რამდენად რეალურია, და ნელ-ნელა ჩაანაცვლო უფრო ჯანსაღი ფიქრებით და ხედვებით.
ემოციური ჰიგიენა:
ეს არის შენი ემოციების მიმართ პატივისცემა.
არ ნიშნავს, რომ ყოველთვის მშვიდი უნდა იყო | ეს ნიშნავს, რომ რასაც გრძნობ, არ ახშობ და არ აგროვებ შიგნით.
დაუგროვებელი ემოცია არ ქრება | ის გროვდება და შემდეგ ან ფეთქდება, ან შიგნიდან განადგურებს.
ემოციური ჰიგიენა არის უნარი, დროულად შეამჩნიო, დაასახელო და გამოხატო შენი განცდები |
საკუთარ თავთანაც და ურთიერთობაშიც.
ენერგეტიკული ჰიგიენა:
ეს უფრო უხილავი, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანი სივრცეა.
ნიშნავს, რომ აკვირდები, როგორ გავლენას ახდენს შენზე ადამიანი:
– გიმატებს ენერგიას თუ გაკლებს
– გაფართოებს თუ გკუმშავს
– გაძლიერებს თუ გაბნევს
ეს არ არის მისტიკა, ეს არის შენი შინაგანი მდგომარეობის დაკვირვება ადამიანებთან კონტაქტის შემდეგ.
ენერგეტიკული ჰიგიენა ნიშნავს, რომ არ რჩები იქ, სადაც მუდმივად იცლები და სწავლობ შენი სივრცის დაცვას.
სიფხიზლე არ ნიშნავს დაძაბულობას ან მუდმივ კონტროლს.
ეს არის მშვიდი, ფხიზელი ყოფნა საკუთარ თავთან.
როცა ეს კავშირი შენში მყარია, შენ უკეთ ხედავ, უკეთ გრძნობ და უფრო გაცნობიერებულად ირჩევ:
ვისთან იყო, რამდენად ახლოს იყო და საერთოდ, დარჩე თუ წახვიდე.
ჯანსაღი ურთიერთობა არ იქმნება მხოლოდ სიყვარულით.
ის იქმნება გაცნობიერებით, პასუხისმგებლობით და სიფხიზლით.
როდის გიგრძვნია, რომ ურთიერთობაში საკუთარი თავი დაკარგე და როდის იყავი ნამდვილად შენ?
ფსიქოლოგი | თერაპევტი
