„სწორი ნაბიჯებითა და სწორი მიმართულებით თუ ვივლით, აუცილებლად მივალთ დასახულ მიზნამდე“ – მეგი მაისურაძე
რამდენად მზარდია მოთხოვნა ბიზნეს ქოუჩინგზე, როგორ მიმდინარეობს ეს პროცესი და რა შედეგებზე გადიან მეწარმეები?
ამ თემაზე სასაუბროდ ბიზნეს ქოუჩსა და BPN Georgia – ს ხელმძღვანელს, მეგი მაისურაძეს, ვეწვიე, რომელიც უშუალოდ არის ჩართული ქოუჩინგ პროცესებში და უამრავი დამწყები თუ მოქმედი ბიზნესმენი ემადლიერება, მათ შორის მეც.
როგორც Jolo.ge-ის დამფუძნებელმა, მინდა აღვნიშნო, რომ „ჟოლოს“ ბიზნესის კუთხით განვითარება BPN Georgia-ს გუნდისა და მეგის დიდი დამსახურებაა. სწორედ მასთან ქოუჩინგმა აღმომაჩენინა საკუთარ თავში ის რესურსები და შესაძლებლობები, რაც jolo.ge-ის განვითარებისთვის იყო საჭირო.
მასთან არა მხოლოდ პროფესიული, უბრალო საუბრის შემდეგაც კი იმდენად მოტივირებული ხდები, რომ წარმატების მიღწევის სურვილი გიასმაგდება. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე ჩემი სამოტივაციო ჟურნალის იმ მკითხველს, ვისაც ბიზნესში წარმატების მიღწევა სურს, უფრო ახლოს გავაცნო მეგი და BPN Georgia.
– მეგი, უკვე რამდენიმე წელია თქვენთან ვთანამშრომლობ, „ჟოლოში“კი პერიოდულად ქვეყნდება თქვენი პროგრამის მონაწილეთა წარმატების ისტორიები. ინტერვიუს დროს ყველა აღნიშნავს, რომ BPN Georgia ერთი დიდი ოჯახია, საუბრობენ ბიზნეს ქოუჩინგის დროს შენს სწორ აქცენტებზე, გულწრფელ დამოკიდებულებასა და ყველა იმ სიკეთეზე, რაც მათთვის ამ პროცესს მოაქვს.
– მიხარია, თუ გრძნობენ ამ გულწრფელ დამოკიდებულებას. ვფიქრობ, გულწრფელობა შედეგზე ორიენტირებული ქოუჩინგის აუცილებელი წინაპირობაა. პროცესი ჩემთვისაც ბევრი სიკეთის მომტანი და სასიამოვნოა, იმის მოსმენა კი, რომ ამ პროცესში საკუთარ თავში აღმოჩენებს აკეთებენ და ცხოვრებასა და ბიზნეს საქმიანობას უკეთესობისკენ ცვლიან, ასმაგად სასიამოვნო… ეს უფრო მოტივირებულს მხდის და მაძლევს ძალას, კიდევ უფრო დიდი მოტივაცია მივცე მათ.
გულწრფელობასთან ერთად ამ პროცესში უმთავრესია, პარტნიორული ურთიერთობა და ნდობა ჩამოყალიბდეს ქოუჩსა და ჩვენს შემთხვევაში, მეწარმეს შორის. როდესაც ეს ფონი იქმნება, ბევრად უფრო გახსნილები არიან. სწორედ ორმხრივი ნდობა, გულწრფელობა, პარტნიორული დამოკიდებულება და ქოუჩინგის ინსტრუმენტების ერთობლიობა გვაძლევს საშუალებას გამოვკვეთოთ სწორი მიმართულებები და ამ პროცესში, რომელიც საინტერესო მოგზაურობას შეიძლება შევადაროთ, ჩვენთან მოსულმა მეწარმეებმა აღმოაჩინონ საკუთარი შინაგანი ძალა, ენერგია, რომელიც ზოგჯერ დაფარულია… ენერგია, რომელსაც ისინი ხშირად სასწაულ შედეგებამდე მიჰყავს.
– საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე, მინდა ვთქვა, რომ შედეგი ნამდვილად მოაქვს. BPN Georgia გარდა იმისა, რომ სხვადასხვა ტრენინგების დახმარებით ბიზნესის მართვის მნიშვნელოვან უნარ-ჩვევებს გვიყალიბებს, ბიზნეს ქოუჩინგითაც გვეხმარება გზის გაკვალვაში.
რამდენად ხშირია მომართვიანობა ინდივიდუალურ ქოუჩინგზე?
– ინდივიდუალური ბიზნეს ქოუჩინგი ჩვენი პროგრამის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია, რომელიც მეწარმეს ეხმარება ცოდნა, რომელსაც ის ასევე პროგრამის ფარგლებში სემინარებსა და ვებინარზე იღებს, აქციოს სტრატეგიულ ნაბიჯებად, რომლებსაც სწორედ სასურველ მიზნამდე მიჰყავს. ამის არაერთი მაგალითი დაგროვდა BPN Georgia-ს ისტორიაში და ეს ჩვენ ძალიან გვეამაყება.
ჩვენთვის, როგორც დამწყები ბიზნესისათვის, BPN Georgia თავის დროზე რამდენიმე სტრატეგიული გადაწყვეტილების ინსპირატორი გახდა. სემინარებთან ერთად ინდივიდუალური ქოუჩინგის კომბინაცია, ვფიქრობ, საუკეთესო ვარიანტია ცოდნის გადასაცემად.
ინდივიდუალური ქოუჩინგი ჩვენთვის ასოცირდება იმედთან, პროფესიონალიზმთან, კომფორტულ ურთიერთობასთან.
ზურა ჯაფიაშვილი
8 წლის წინ, როდესაც ჩვენმა ორგანიზაციამ საქართველოში საქმიანობა დაიწყო, ბიზნეს ქოუჩინგით დაინტერესებულ მეწარმეთა რიცხვი არცთუ ისე მაღალი იყო, მომართვიანობა დღითიდღე მატულობს, ქოუჩინიგის სიკეთეებით ყოველდღიურად უფრო და უფრო მეტი სხვადასხვა კომპანიის მმართველი თუ დამფუძნებელი სარგებლობს. სამუშაო თემების პალიტრაც ფართოვდება და საბედნიეროდ, იმ ადამიანთა რიცხვიც იზრდება, ვინც ინდივიდუალური ქოუჩინგების შემდეგ დასახულ მიზნამდე წარმატებით დგავს ნაბიჯებს, ან იმედგაცრუების შემდეგ ისევ პოულობს ძალასა და მოტივაციას, რომ გამოწვევებთან ბრძოლა განაგრძოს და გამარჯვებაც იზეიმოს.
– მოდი, უფრო დეტალურად ვისაუბროთ მათთვის, ვინც არ იცის, თუ რა ხდება ქოუჩინგ შეხვედრების დროს…
– ინდივიდუალური ბიზნეს ქოუჩინგის ფორმატში ჩვენი ბიზნესის ხელშეწყობის პროგრამის მონაწილეები სხვადასხვა ბიზნეს თემებსა და გამოწვევებზე სასაუბროდ მოდიან ჩვენთან. მოტივაცია ალბათ მთავარი ფონია, რომელიც მუდმივად ახლავს ამ შეხვედრებს, მაგრამ ქმედითი ნაბიჯების გარეშე მხოლოდ მოტივაცია თავისთავად ვერაფერს იზამს…
ზოგჯერ შეხვედრა რამდენიმე თემის მიმოხილვით იწყება, ქოუჩინგ ტექნიკების დახმარებით ხდება პრიორიტეტული საკითხის გამოკვეთა და კონკრეტული მიზნის დასახვა, რომელიც ბიზნესისთვის მოცემულ მომენტში აქტუალურია და სასურველ შედეგზე გასვლას ემსახურება.
შემოქმედებითი ერი ვართ, ბიზნესთან მიმართებაშიც მრავალი იდეა უტრიალებს ხშირად ადამიანს თავში, მაგრამ თუ ათას საქმეს ვეჭიდები და ათასი მიმართულებით იხარჯება ჩემი რესურსი, შესაბამისად შედეგი შეიძლება გვიან დადგეს. ამის გაანალიზება და პრიორიტეტების გამოკვეთაც გარდამტეხია ხოლმე ბიზნესისთვის. ხშირად სწორედ ამ პროცესის გავლაც გვიწევს ინდივიდუალური ქოუჩინგის ფარგლებში.
ზოგს შეხვედრაზე ერთ კონკრეტულ საკითხზე სურს მუშაობა, A პუნქტიდან B პუნქტში მისვლა აქვს დასახული მიზნად, მაგრამ გარკვეულ შინაგან წინააღმდეგობებს აწყდება. ჩვენი მიზანია, მოსმენით, გააზრებით, სწორი შეკითხვებით ამ წინაღობების გადალახვასა და საკუთარ თავში ახალი ენერგიის, მოტივაციის, შემართების პოვნაში დავეხმაროთ მომხმარებელს, რათა სასურველ შედეგამდე დროულად და წარმატებით მივიდეს.
BPN Georgia კონკრეტული რეცეპტი არ მოუციათ, მაგრამ ინდივიდუალური შეხვედრების დროს დამისვეს ბევრი საჭირო შეკითხვა, რაც დამეხმარა და მაპოვნინა ჩემს საქმიანობაში არსებულ გამოწვევებთან გამკლავების გზები.
ქეთევან გუჯაბიძე
– სულ რამდენი შეხვედრაა საჭირო ამ საკითხების მოსაგვარებლად?
– შეიძლება კონკრეტულ შემთხვევაში ერთი შეხვედრაც საკმარისი აღმოჩნდეს, შესაძლებელია რამდენიმე შეხვედრა გახდეს საჭირო. ეს ძალიან ინდივიდუალურია და იმ თემაზეა დამოკიდებული, რაზეც ვმუშაობთ. თუმცა, როგორც იცით, ჩვენ გრძელვადიანად ვთანამშრომლობთ მცირე და საშუალო ბიზნესების წარმომადგენლებთან და მათ მნიშვნელოვან და აქტუალურ საკითხებზე საჭიროებისამებრ შეუძლიათ მოგვმართონ.
მინდა აღვნიშნო, ზოგჯერ კონკრეტულ საკითხზე მუშაობის გარდა ინდივიდუალური ქოუჩინგის პროცესში იმის საჭიროებასაც ვაწყდებით, მომხმარებელს იგივე ტექნიკების მეშვეობით პატარა ნაბიჯების მნიშვნელობა დავანახოთ. ვაგრძნობინოთ, რომ დიდ მიზნამდე მისასვლელად ზოგჯერ სულ არ არის საჭირო გრანდიოზულ საქმეებთან შეჭიდება, ხშირ შემთხვევაში სწორედ პატარა ნაბიჯებს მივყავართ უზარმაზარ წარმატებამდე. მცირე ნაბიჯები და მათი გადადგმის შედეგად მიღწეული შედეგები გვაძლევენ დიდ მოტივაციას, ხშირ შემთხვევაში სწორედ პატარ-პატარა ნაბიჯები ახდენენ სასწაულებს.
– მგონი, საქართველოში მაცხოვრებლებს გრანდიოზულთან შეჭიდება უფრო გვხიბლავს, ვიდრე პატარ-პატარა ნაბიჯები.
– ყველაფერი ძალიან სწრაფად გვინდა მივიღოთ და თან ერთი დიდი ნაბიჯით. ზოგჯერ თვალის გასწორება არ გვსურს იმასთან, რომ ამ ერთი დიდი ნაბიჯის გადადგმა შეიძლება უსასრულოდ გაგრძელდეს მაშინ, როდესაც შესაძლებელია იგივე შედეგი პატარა ნაბიჯებით უფრო სწრაფად მივიღოთ. სწორედ ამ პატარა ნაბიჯებით ხდება სწავლა, გამოცდილების მიღება, თუნდაც წაქცევა-ადგომის ხარჯზე და მიზნამდე მისვლაც. სწორი მიმართულებით მივდივართ თუ არა, ესეც შეიძლება აღმოვაჩინოთ ზუსტად ამ პროცესში. ეს პატარა ნაბიჯები გვაძლევენ საშუალებას შინაგანი მოტივაცია შევინარჩუნოთ, თითოეული ნაბიჯის შემდეგ მიღწეული შედეგი ჩვენს მოტივაციას კიდევ უფრო აძლიერებს, თვითშეფასებას გვიმაღლებს. მე ეს შევძელი, მე ამას მივაღწიე! – ამის მოსმენა ყველას კიდევ უფრო მეტ ენერგიას გვაძლევს.
– როგორც ბიზნეს ქოუჩი, რას ეტყოდი დამწყებ და მოქმედ ბიზნესმენებს, რა იქნება შენი მესიჯი?
– საკუთარი თავის რწმენა გქონდეთ, გჯეროდეთ თქვენი შესაძლებლობების! თუ გჯერა, თუ ენერგიას არ დაიშურებ, თუ მართლა გულით გინდა, ე.ი გაქვს ამის რესურსი და აუცილებლად შეძლებ, რომ დასახული მიზანი სისრულეში მოიყვანო. ოცნება არ შეწვყვიტოთ, მაგრამ მხოლოდ ოცნებას არ დასჯერდეთ, მიწაზეც მყარად დადექით, იმოქმედეთ და პატარა ნაბიჯებიც შეიყვარეთ…
სწორი ნაბიჯებითა და სწორი მიმართულებით თუ ვივლით, აუცილებლად მივალთ დასახულ მიზნამდე!