დედის სიტყვის მაგია – ყველაზე ძლიერი ჯადოსნობა ბავშვის ცხოვრებაში, რომელიც კურნავს და შთააგონებს. ეს კიდევ ერთხელ დასტურდება ამ ქალბატონის ნაამბობით. ოლგა ველაევა ფსიქოლოგი და ბლოგერია. მისი შვილი აუტისტური სპექტრის აშლილობით იყო დაავადებული და ოლგა ამბობს, რომ სწორედ მისი სიტყვები დაეხმარა მას განკურნებაში:
„როდესაც ჩვენი შვილის გადარჩენისთვის ვიბრძოდით, ერთმა ფსიქიატრმა უდიდესი საჩუქარი გაგვიკეთა. მან მოგვიყვა ერთი ექსპერიმენტის შესახებ, რომელიც ინგლისში ჩაატარეს.
დედები, რომელთა შვილებიც ავად იყვნენ, ყოველ ღამე ატარებდნენ უბრალო რიტუალს: მას შემდეგ, რაც ბავშვი დაიძინებდა და შევიდოდა ძილის აქტიურ ფაზაში (ეს არის დრო, ჩაძინებიდან 15 წუთში), დედა უჩურჩულებდა ბავშვს უბრალო სიტყვებს: „მე შენ მიყვარხარ, მე ვამაყობ შენით, მიხარია, რომ ჩემი შვილი ხარ, შენ საუკეთესო შვილი ხარ დედამიწაზე.“ ტექსტი დაახლოებით ერთნაირია ყველასთვის. შემდეგ შეადარეს ეს ბავშვები იმ ბავშვებს, რომელთა დედებიც ამ ექსპერიმენტში არ იყვნენ ჩართული (ბავშვებს დიაგნოზები ერთნაირები ჰქონდათ). პატარები, რომლებიც ღამით იღებდნენ დედის სიყვარულს, უფრო მალე გამოდიოდნენ მდგომარეობიდან.
ჩვენ მაშინვე დავიწყეთ ამ მეთოდის გამოყენება. ეს ხომ ყველასათვის ხელმისაწვდომი და უფასოა, სხვა თერაპიებისგან განსხვავებით. თანაც – სასიამოვნო. თავიდან მივყვებოდი სცენარს, შემდეგ დავიწყე იმპროვიზაცია. გავიდა უკვე 5 წელი და ახლაც კი ჩავჩურჩულებ ჩემს ბიჭებს სიყვარულით გამთბარ სიტყვებს ყოველ ღამე.
ჩემი უმცროსი ბიჭი აუტიზმისგან განიკურნა. მე მჯერა, რომ ჩემმა ჩურჩულმა ითამაშა თავისი როლი. საოცარი ის არის, რომ მაგია ორივე მხარისთვის დადებითად მუშაობს. ძალიან „მნიშვნელოვანს“ იღებს როგორც ბავშვი, ასევე – დედა.
ეს შეუდარებელი შეგრძნებაა. რა ასაკისაც უნდა იყვნენ ისინი, ძილის დროს პატარა ანგელოზებს გვანან. ზოგჯერ მთელი დღე ისე გადის მოფერებასაც ვერ ვახერხებ (მითუმეტეს, თუ უკვე დიდები არიან), ღამე კი ვეფერები და ვესაუბრები იმაზე, რაც მნიშვნელოვანია ორივესთვის. ამ დროს ვგრძნობ, თუ როგორ იზრდება ჩვენი სიახლოვე.
ღამე შეიძლება ვუთხრა განსაკუთრებული რამ, რასაც დღე ვერ ვეტყვი. დღეები სახვადასხვაგვარია. შეიძლება დღე ისე გამაბრაზოს ბავშვმა, რომ ურთიერთობა გამწვავდეს. ღამე კი, როცა ვეუბნები, თუ როგორ მიყვარს, ყველა უთანხმოება წარსულში რჩება.
ბავშვი ხვდება სიყვარულს.
ერთხელ ჩემს შვილს ვუთხარი: “იცი, რომ შემეძლოს არჩევანის გაკეთება მთელი მსოფლიოს ბავშვებიდან – შენ ამოგირჩევდი-მეთქი. ჯერ გაუკვირდა, მერე გაუხარდა და შემეკითხა: „მართლა მე?“. მაშინ მივხვდი, რომ ბავშვისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც იგი გრძნობს, რომ განსაკუთრებულია და მშობლებს ისეთი, უყვართ როგორიც არის. მან კი საპასუხოდ მითხრა: “მე კი მშობლებიდან თქვენ ამოგარჩევდითო“.
აი, რა აღმოვაჩინე კიდევ: როდესაც მნიშვნელოვან ფრაზებს ვეუბნები ბავშვებს ღამე, ბევრი პრობლემა თითქოს თავისთავად გვარდება.
ჯადოსნური ფრაზების წარმოსათქმელად საჭიროა განწყობა. არ შეიძლება ამის მექანიკურად გაკეთება. ყველაზე რთული პროცესი მიმდინარეობს ჩვენში. სიტყვებმა რომ „იმუშაონ“, საჭიროა დაიმუხტონ დადებითად.
სეანსი არ უნდა გრძელდებოდეს დიდხანს. ხანგრძლივობა უნდა იყოს 3-5 წუთი. მაგრამ ეს დრო უნდა იყოს ემოციურად დატვირთული. აკეთეთ რეგულარულად. ჩვენ ხომ ყოველდღე ვიღებთ საკვებს და არა მხოლოდ კვირაობით? ნუ დაგავიწყდებათ ასეთი ფრაზების დღისითაც თქმა – ყოველგვარი მიზეზის გარეშე. ეს არის ის სითბო, რომელსაც ბავშვები მთელი ცხოვრება იმახსოვრებენ.
არ შეიძლება არ დავაფასოთ დედის სიტყვის ძალა. ამისათვის გაიხსენეთ, რა სიტყვები გახსენდებათ თქვენი დედისგან 30, 40 წლის შემდეგ და როგორი მნიშვნელოვანია ისინი თქვენთვის.
ეს მაგია ყველასათვის ხელმისაწვდომია, უფასოა და არაფერი განსაკუთრებული არაა საჭირო. მხოლოდ დაიცადეთ, სანამ თქვენი პატარა ტკბილად ჩაიძინებს: “ძალიან მიყვარხარ; შენით ვამაყობ; შენ საუკეთესო შვილი ხარ ჩემთვის და მამიკოსთვის!” – რა შეიძლება იყოს ამაზე მშვენიერი და ჯადოსნური, ვიდრე საყვარელი დედის გულიდან ამოსული სიტყვები?”
მოამზადა სალომე გორგოშიძემ
წყარო”http://www.mshoblebi.ge/