ერთმა მოგზაურმა დაინახა როგორ ეზიდებოდა სამი ადამიანი მძიმე ქვებს. ამასთან, სამივე განსხვავებული სახის გამომეტყველებით.
ის მივიდა პირველთან, რომელიც გაღიზიანებული და ამავე დროს ძალიან დათრგუნული ჩანდა და ჰკითხა:
— რას აკეთებ?
— რას ვაკეთებ და ამ დაწყევლილ ქვებს ვეზიდები, ვერ ხედავ?- შეუღრინა მუშამ.
მოგზაური ახლა მეორესთან მივიდა, რომელიც დაღლილი კი ჩანდა, მაგრამ ამავე დროს ეტყობოდა, რომ გულმოდგინედ ეკიდებოდა საქმეს და მთლიანდა მასზე იყო კონცენტრირებული და მასაც იგივე კითხვა დაუსვა:
— რას აკეთებ?
— ვმუშაობ, რომ ჩემი ოჯახი ვარჩინო — უპასუხა მუშამ
მოგზაური ახლა მესამისკენ გაემართა. ეს უკანასკნელი ისეთი მხიარული სახით და ისეთი ღიღინ-ღიღინით მიათრევდა ქვებს, თითქოს დღესასწაულზე არის და ერთობაო.
— რას აკეთებ? — ჰკითხა მასაც მოგზაურმა.
— ტაძარს ვაშენებ! — უპასუხა მხიარულად მუშამ!
ამ პატარა იგავში გადმოცემულია უდიდესი სიბრძნე ჩვენი ყოფიერებისა. მთავარია არა ის, თუ რას ვაკეთებთ, არამედ ის, თუ რატომ ვაკეთებთ და რამდენ სიყვარულს ვაქსოვთ იმაში, რასაც ვაკეთებთ. და რაც უფრო ამაღლებულია მიზეზი, თუ რისთვისაც ვაკეთებთ, მით უფრო მეტი ენერგია გვეძლევა და მით უფრო მეტი შესაძლებლობები.
ადამიანი მზად არის დათმოს ყველაფერი, თუ მის სიცოცხლეს საფრთხე შეექმნება, ძალაუფლება, ფული, საქმე, იდეა, ოცნება, ადამიანებიც კი, მაგრამ ამაღლებული, დიადი იდეისთვის პირიქით — შეუძლია სიცოცხლეც კი გაწიროს.
თითოეულ ჩვენთაგანში არის რაღაც დიადი, რისთვისაც სამყაროს სჭირდება რომ ჩვენ აქ ვიყოთ, ამიტომ მუდმივად უნდა დავსვათ კითხვა «რატომ?» და ვეძებოთ ნებისმიერ ჩვენს სურვილსა და მიზანში სწორედ ეს ამაღლებული, დიადი მოტივები.
აი მაგალითად ახლა თქვენ აქ ხართ და ამ სტატიას კითხულობთ. დაუსვით საკუთარ თავს შეკითხვები:
რატომ ვარ აქ?
რატომ ვკითხულობ ამ სტატიას?
ეძებეთ თქვენი „რატომ“ თუ გინდათ იპოვოთ პასუხი კითხვაზე „როგორ?“
პიროვნული განვითარების პროცესი დაკავშირებულია ცვლილებებთან, ყოველდღე რაღაც ახლის კეთების ჩვევის გამომუშავებასთან, რაც, უმრავლეს შემთხვევაში, არც თუ ისე კომფორტული და სასიამოვნო საკეთებელია, მაგრამ თუ გავერკვევით, რისთვის ვაკეთებთ ამას, მაშინ ეს ყველაფერი ერთგვარ აზარტსაც კი შეგვძენს საიმისოდ რომ კიდევ უფრო მეტი მონდომებით გავაგრძელოთ მუშაობა საკუთარ თავზე.
ადამიანებს გვაქვს ერთი უცნაური თვისება: ჩვენ გვინდა ვიყოთ ბედნიერები, წარმატებულები, მდიდრები, მაგრამ არ გვინდა გამოვიმუშავოთ ის ჩვევები, რომელიც საჭიროა ამ ყველაფრის მისაღწევად.
ჩვენ გვინდა გვქონდეს მეტი ენერგია, მაგრამ არ გვინდა დავიცვათ ძილის რეჟიმი.
გვინდა გვქონდეს სპორტული აღნაგობა, მაგრამ არ გვინდა დავიცვათ კვების რეჟიმი და სტაბულურად მივმართოთ ფიზიკურ აქტივობას.
გვინდა გვქონდეს ბევრი ფული, მაგრამ არ გვინდა შევიცვალოთ აზროვნების ფორმები და გამოვიდეთ ჩვენი კომფორტის ზონიდან.
„არა, ადგომა არ მინდა, ლოგინში მომართვით“, — გავიძახით ჭირვეული ბავშვივით.
არადა ლოგინში რომ მოგართვან, ამას დამსახურება სჭირდება. ჭეშმარიტი სიმდიდრის საფუძველი გაცემაა და არა მიღება. ჩვენ გვინდა მიღება გაცემის გარეშე.
მსგავსი ხაფანგის ხუნდები განსაკუთრებით უმოწყალოდ მაშინ გვიჭერს, როცა რაღაც ახლის კეთებას გადავწყვეტთ. იმიტომ რომ ეს ყველაფერი ტვინის ოინებია. ჩვენი ტვინის უმთავრესი ფუნქცია, ჩვენი უსაფრთხოებაა. და რადგან ყველაფერს, რაც უცხოა, ის აღიქვამს საფრთხედ, როგორც კი საკუთარ თავზე მუშაობას დავიწყებთ, ის მაშინვე რთავს განგაშის სიგნალს და იწყებს ათასგვარი ხრიკებით ჩვენი გადარწმუნების მცდელობებს.
სწორედ ამ დროს არის მნიშვნელოვანი ვიცოდეთ თუ რისთვის გვჭირდება ეს ყველაფერი.
თუ მე უბრალოდ ვიძახი მინდა ვიყო ჯანმრთელი, კარგად გამოვიყურებოდე, მქონდეს მეტი ენერგია, მაგრამ არ მაქვს კარგად გაცნობიერებული, თუ რისთვის მჭირდება ეს ყველაფერი, გამიჭირდება დისციპლინის დაცვა საწყის ეტაპზე, რომ მივიღო პირველადი შედეგი, რომელიც უკვე თავად იქნება მოტივაცია შემდგომში მოქმედებისთვის.
დღევანდელ დავალებაში თქვენ მოგიწვეთ აზრობრივად გადასწვდეთ თქვენს იდეალურ ცხოვრებას. ძალიან გთხოვთ ყურადღებით მოეკიდეთ ამ სავარჯიშოს. კარგად გააცნობიერეთ, რისთვის გჭირდებათ თუნდაც ის იდეალური ცხოვრება, რომელსაც დღეს წარმოიდგენთ და აღწერთ დავალების შესრულებისას. აუცილებლად ჩასვით ჩამონათვალში შემდეგი პუნქტი: „რა სარგებელი მომაქვს სამყაროსთვის, ადამიანებისთვის, საზოგაოდებისთვის, რომელშიც ვცხოვრობ?“
მუდამ გახსოვდეთ თანამედროვეობის უდიდესი ბრძენკაცის, ბატონ შალვა ამონაშვილის სიტყვები: „თითოეულ თქვენთაგანში არის რაღაც დიადი, რისთვისაც სამყაროს სჭირდება თქვენი აქ ყოფნა, მაგრამ თუ რა — ეს არის საიდუმლო, რომელიც თავად თქვენ უნდა ამოხსნათ“
მე მჯერა რომ თქვენ შეგიძლიათ ამ საიდუმლოს ამოხსნა. დაიჯერეთ თქვენც. სასწაულები იქ ხდება, სადაც მისი სჯერათ!
შევხვდებით მწვერვალზე!
სიყვარულით და მადლიერებით, ხვიჩა მებონია