fbpx

„ეს წამები ყველას დაამახსოვრდება“ – ბავშვი, სტამბულის აეროპორტში …

ავტორი ჟოლო
96 ნახვა

უთენია. სტამბულის აეროპორტი, სადაც აღმოსავლეთი ხვდება დასავლეთს. ბაბილონის გოდოლია. ყველა ჯური და სჯული ირევა. თუმცა ერთი რამ აერთიანებთ – უძილობა და უხასიათობა.

ზოგი ჩამოფრინდა, ზოგი მიფრინავს, ზოგი აცილებს, ზოგი ტუალეტიდან გამოდის ხელსაბანში ხელფეხდაბანილი. ყველას თვალები ჩაწითლებულია, ტვინი კი გათიშული. ამიტომ ლუნატიკებივით დადიან, უხმოდ. მხოლოდ საპასპორტო კონტროლთან ჩერდებიან, სადაც ბევრი ხალხია. დიდ დაკლაკნილგველიან რიგში დგანან. კუს ნაბიჯებით წინ მილასლასებენ.

უცბად ამ ჩუმი ჯგროს შუიდან ისმის მჭექარე ხმა და ბახ! მომენტალურად ხალხი ფრთხება. ჩოჩქოლი ტყდება. გაურკვეველი შფოთი ჩნდება. ფორიაქში ზოგს ამ აეროპორტში მომხდარი ტერაქტები ახსენდება, ლამის ყოველწლიური ცერემონია რომ გახადეს ისლამისტმა კამიკაძეებმა – ურჯულოთა მოკვლით სამოთხეში 72 ქალწული ელოდებათ ვითომ. ზოგს დრო არ ყოფნის აზრზე მოსასვლელად. ზოგი ინსტიქტურად დაბლა წევს თავს საფრთხის ასაცილებლად. ზოგს ჰიპერტონია უაქტიურდება და ამიტომ მოჭუტული თვალები უფართოვდება.

ამ დროს ანუ 1-2 წამში პატარა ბავშვი გარბის და პირველ გაურკვეველ ხმამაღალ ყვირილს ახლა უკვე გარკვეულად ამატებს – ალაჰუ აკბარ! თან ხელში პატარა პისოლეტი უჭირავს, ატკაცუნებს და ხმაურიანად სიცილით მირბის. უკან ჰიჯაბიანი ქალი მისდევს და მალე დაიჭერს.

ზოგი შეიგინებს, ზოგი ალბათ გონებაში ლოცულობს კიდეც სხვადასხვა ღმერთს, ზოგს შეიძლება ცივი ოფლი ასხამს ან კანკალი უტყდება. მაგრამ ყველა ამოისუნთქებს და ყველას გულზე მოეშვება. ეს წამები ყველას დაამახსოვრდება. შიში ოხერია, დიდი თვალები აქვს.

მამუკა კუდავა

წყარო: facebook.com

მსგავსი სტატიები

Leave a Comment