fbpx

გაბედეთ ბედნიერება

ავტორი admin
935 ნახვა

იცი, მეგობარო, გუშინ დამესიზმრა… საფლავის ქვაზე მიწერილი ტირესავით ყოფნა–არყოფნის ზღვარზე დააბიჯებდნენ ადამიანები… არც ყოფნა იყო, არც – არყოფნა… არც… არც რაღაც სხვა…
რატომ, მეგობარო! რატომ არ ვაფასებთ ადამიანები სიცოცხლეს! არც კი გვგონია, რომ რაიმე გვაქვს დასაფასებელი ამქვეყნად და მუდმივ წუწუნსა და უმადურობაში ვატარებთ სანუკვარ წამებს!..

მე არ მინდა ასეთი სამყარო… არ მინდა! არა…

მე მჯერა ხვალინდელი აისის… ფეთქვის, სამყაროს წიაღიდან რომ იფრქვევა და… „მომენდე, მე შენთან ვარო“, რომ გაგრძნობინებს! მჯერა ხეზე კვირტების აფეთქების ძალის… აფეთქებისა, „ცოტაც მოითმინეო“, რომ გაჰყვირის… 

ცხადად ვგრძნობ მის სუნთქვას, მის ძალას, მამობრივ სითბოს! ვგრძნობ, როგორ მზრუნველად მისვამს თმაზე ხელს და ჩურჩულით მეუბნება: „ყველაფერი კარგად იქნება, მე შენ გვერდით ვარო“. მეც ვეკვრი მის დიად სხეულს და ცრემლები მახრჩობს. ეს სიხარულის ცრემლებია, რადგან მე ის ვიგრძენი! ის ჩემს გულში დაიბადა!

„მე დავიჩოქებ შენ წინაშე, მაღალო ღმერთო,
სანთლად დაგინთებ ჩემი სულის დაღლილ სიცოცხლეს…“

ახლა, როცა ასე ცხადად შევიგრძენი მისი ძალა, მჯერა, ავედევნები! ავედევნები და… ერთად წავალთ ქარში…

რატომ ეძებენ ღმერთს ცაში? ნუთუ, გულები არა აქვთ?!

შესაძლოა, მკითხო, – ახლა, როცა სრული სისავსით შეიგრძენი სრულყოფილება, სამყარო ბუნება, ადამიანი, თავად უფალი… – რას იყვირებდი, ცას რომ შესწვდეს შენი ყვირილიო. იცი, მეგობარო, რას ვიყვირებდი? „მიყვარხარ“… ამას ვიყვირებდი, ალბათ, ოდესმე… ასეა, შენ თუ მოინდომებ, გული სამყაროს სიყვარულს დაიტევს…

იცი, მეგობარო, როგორია ჩემთვის იდეალური სამყარო?

ადამიანებს აქვთ პატარა სახლები, მაგრამ ჰყავთ დიდი, მოსიყვარულე ოჯახები; ცოტა პრეტენზია აქვთ და ბევრი ფასეულობა; არავინ მატებს წლებს საკუთარ სიცოცხლეს, არამედ, მატებენ სიცოცხლეს წლებს; კოსმოსურზე მეტად, სულიერ სივრცეებს იპყრობენ; წმენდენ ჰაერს, თუმცა არ აბინძურებენ სულს; ატომის გაყოფაც იციან და პურისაც; ყველგან სიცილი ისმის; არავის უჭირს გულახდილი ემოციების გამოხატვა; ბედნიერებას ასხივებს ყველა, ბედნიერებას, რომელიც ძნელია, არ გადაგედოს…

ზღვა იმიტომაა დიდი, რომ პატარა მდინარეებსაც იერთებს. ყველას გული იტევს დიდ სიყვარულს… ყველა მზადაა გულიდან გასცეს სანუკვარი განძი, ისე, რომ არც კი ელოდება რაიმეს… ურთიერთობები არის გულღია… წვიმიანი დღეც მზიანი გვეჩვენება, რადგან ყველა იღიმის და ასხივებს შინაგანად… თუმცა, არც წვიმაა ცუდი.:) ადამიანები ხედავენ საუკეთესოს იმაში, რაც აქვთ, უზიარებენ ერთმანეთს პოზიტივსა და სითბოს, რადგან ერთ თბილ სიტყვას შეუძლია, გაათბოს ზამთრის სამი ცივი თვე… მაგრად იკრავენ გულში საყვარელ ადამიანებს და ცხადად შეიგრძნობენ, რომ ეს ერთადერთი განძია, რომელიც გულიდან შეიძლება გასცე…

როცა გულს უხარია, სიარულიც ადვილიაო, ნათქვამია. ასე რომ, ყველა მსუბუქად, ნარნარი მოძრაობით დადის და ესალმება გარშემო სამყაროს… სამყაროს, რომელიც „გვაქვს უთვალავი ფერითა“… ადამიანები ქმნიან თავიანთი ბედნიერების ისტორიას… გასცემენ და იღებენ კიდეც…

განა ისეთი ხანგრძლივია ჩვენი სიცოცხლე, რომ ერთმანეთი მივატოვოთ, თუნდაც დროებით?! ამიტომ, არასოდეს არ ტოვებენ ერთმანეთს!

პეპელა ითვლის არა თვეებს, არამედ – წამებს და აქვს საკმარისი დრო… ადამიანებმაც, დიდი ხანია, დააფასეს დრო და ისწავლეს ყოველი წამით ტკბობა…

აი, ასეთია, მეგობარო, ჩემი წილი ბედნიერი სამყარო. ეს ხომ შესაძლებელია! ხომ შეგვიძლია ვიყოთ ბედნიერები!

ამიტომაც:

გაბედეთ ბედნიერება… გაბედეთ… ძალიან ცოტაა ეს ცხოვრება, ამიტომ, გაბედეთ… სანამ შეგიძლიათ, სანამ დროა, სანამ არის შანსი…

გაბედეთ ბედნიერება… ყოველ დილით, როცა თვალს გაახელთ, როცა ნახავთ, მზე შემოვიდა თქვენს ოთახში, როცა ხედავთ, რომ კიდევ ერთი წყვდიადი შეცვალა სინათლემ…

გაბედეთ ბედნიერება… მოეფერეთ თქვენთვის საყვარელ ადამიანებს, გულში ჩაიკარით და დააფასეთ ის, ვინც ფიქრობს თქვენზე, ვინც თქვენზე ზრუნავს, ზრუნავს, როგორც შეუძლია… გაუღიმეთ, ჩაეხუტეთ, აკოცეთ მათ… ერთად ყველაფერია შესაძლებელი…

გაბედეთ ბედნიერება! გაბედეთ ვისთანაც გინდათ, ოღონდ… გაბედეთ!

ნუ ატკენთ, ნუ აწყენინებთ ნურავის! იცოდეთ, ყველა ემოცია ბუმერანგია – რასაც გაუშვებთ, იგივე დაგიბრუნდებათ!

ყოველ დილით, ყოველ დღე, ყოველ წუთს, ყოველ წამს გაბედეთ ბედნიერება!..

რაც გინდათ აკეთეთ, ოღონდ, შეავსეთ დაუვიწყარ მოგონებათა ყულაბა…

გაბედეთ! გაბედეთ! გაბედეთ ბედნიერება!!!

დაიმახსოვრეთ და მხურვალედ მიიკარით გულზე საყვარელი ადამიანი… იმიტომ, რომ ეს ერთადერთი განძია, რომელიც შეიძლება, გულიდან გასცე. დაიმახსოვრეთ და უთხარით თბილი სიტყვები, როცა ამას მართლა გრძნობთ. ერთი თბილი სიტყვა ხომ ზამთრის სამ ცივ თვეს ათბობს. კოცნას ან ჩახუტებას შეუძლია, გამოასწოროს ნებისმიერი უსიამოვნება, თუკი ეს გულიდან მოდის. დაიმახსოვრეთ და ხელები ჩასჭიდეთ ერთმანეთს, დააფასეთ მომენტები, რადგან, ერთხელაც, ეს ადამიანი აღარ იქნება თქვენ გვერდით.

იპოვეთ დრო სიყვარულისთვის, საუბრისთვის და იპოვეთ დრო, გაუზიაროთ ყველაფერი, რისი თქმაც გინდათ. რადგან… ცხოვრება შვებით ამოსუნთქვების რაოდენობით კი არ იზომება, არამედ, იმ მომენტების ჯამით, როცა ემოციებისგან სუნთქვა გეკვრით…

სიცოცხლე იმაზე მეტია, ვიდრე სენტიმენტალურ ცნობათა კრებული… ყოველი დღე პატარა ცხოვრებაა, ყოველი გამოფხიზლება – პატარა დაბადება, ყოველი დილა პატარა სიჭაბუკეა, ყოველი ძილი – პატარა სიკვდილი…

„ადამიანებად“ არ იბადებიან, „ადამიანები“ ხდებინ!

ნუ ებრძვით სიბნელეს, ის არავითარ ძალაუფლებას არ ფლობს! უბრალოდ, აენთეთ…
. . .

ამბობენ, ყველა ადამიანს აქვს ამქვეყნად კუნჭული, სადაც ის თავისი ცხოვრებით ცხოვრობსო. მე კი იმ კუნჭულში მოვიკალათე, საიდანაც სამყარო უფრო მრავალფეროვანია, სადაც ადამიანებს ერთმანეთის სიყვარული „სჭირთ“ და სადაც ყველა ბედნიერია…

ავტორი: თაკო ჯანუაშვილი

P.S. გაუზიარე ეს პოსტი მეგობრებს, გაავრცელე სიყვარულის ენერგია, შევცვალოთ სიყვარულით სამყარო!

შევხვდებით მწვერვალზე!

სიყვარულით და მადლიერებით, ხვიჩა მებონია

მსგავსი სტატიები

Leave a Comment