fbpx

გარემო, სადაც ბავშვი საკუთარ თავს აღმოაჩენს

ავტორი დეა თავბერიძე
721 ნახვა

თუ გსურს, გაზარდო ბედნიერი და წარმატებული შვილები და შეუქმნა მათ სასურველი მომავალი, მაშინ გააგრძელე კითხვა. აქ უამრავ რამეს ამოიკითხავ, რაც შენ და შენს შვილს ძალიან დაგეხმარებათ.  

საჭირო ინფორმაციის მოსაპოვებლად საქართველოს ერთ-ერთ ულამაზეს კუთხეში გამოგზაურებთ. ამჯერად სამკურნალო ჰავით გამორჩეულ ცემში დავბანაკდებით.

ეს ის ადგილია, სადაც ბავშვები 10 დღით რჩებიან და მათთვის საჭირო უნარ-ჩვევებს იძენენ.

აქ მათ ხვდებათ: უსაფრთხო გარემო, მზრუნველი პერსონალი, პროფესიონალი კადრები, კეთილმოწყობილი და კომფორტული სასტუმრო. ასევე უამრავი მეთოდი იმ ნიჭის აღმოსაჩენად, რომელთა შესახებაც შეიძლება თავადაც არაფერი იციან.

და თუ როგორ და რანაირად ხდება ეს ყოველივე, ამის შესახებ  ჩვენი მეგზური, „ქინდერლაბის“ დამფუძნებელი და საერთაშორისო საბავშვო ბანაკის ხელმძღვანელი, ქალბატონი ხათუნა არწივიძე ისაუბრებს.

ხათუნა არწივიძე: ჩვენ ვართ საერთაშორისო ინოვაციური ლაბი – ზაფხულის, ზამთრის და უიქენდ ბანაკების მიმართულებით. საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ვმოგზაურებთ ჩვენი ძირითადი ბენეფიტების ვორქშოპებით – STEAM, მეწარმეობა, გლობალური მოქალაქეობა, მობილური ფოტოგრაფია-სოცმედია; აგრეთვე ვსტუმრობთ ბიო – მეწარმეებს, რომლებიც ვორქშოპებს უტარებენ ბავშვებს და უზიარებენ თავიანთ გამოცდილებებს მეწარმეობაში; 

სამომავლოდ ბანაკების გარდა გვექნება ვორქშოპები საქართველოს სხვადასხვა ქალაქების სკოლებში, ბავშვები შექმნიან საკუთარ პროექტებს და წელიწადში 2 ჯერ მოვახდენთ საერთაშორისო პროექტების კონფერენციებს, სადაც საუკეთესო პროექტების ავტორები დაჯილდოვდებიან.

დავფუძნდით 2019 წელს თბილისში. მაგრამ პანდემიის შემდეგ ინოვაციური ლაბი ბანაკის ფორმატში გადავიტანეთ. ასე აღმოვჩნდით ცემში, უკვე მეოთხე წელია.

ეს ტერიტორია ტყესთან არის ახლოს და აქაურობა საოცარი ჰაერითაა გაჟღენთილი. ეს არის მრავალფეროვანი, ჯანსაღი, სასიამოვნო და მართლა ზღაპრული გარემო.

ჩემს ბავშვობაში აქ ბავშვთა გამაჯანსაღებელი სანატორიუმი იყო. როგორც გამოკვლევების შედეგად ცნობილია, სამი ტიპის ჰავა იკვეთება იმ ტერიტორიაზე, სადაც ახლა ჩვენ ვართ. აქ ორ დღეში ბავშვები გაძლიერებულ კვებაზე გადადიან და ჯანსაღდებიან, ამას სხვადასხვა აქტივობაც უწყობს ხელს.

 – მინდა თქვენს აქტივობებზე, გუნდსა და ლიდერებზეც მოგვიყვეთ.

დილას აერობიკით ვიწყებთ, გვაქვს სპორტული აქტივობები, „ჰეფი გეიმები“ და არის ერთი დიდი ჟრიამული. სპორტულ აქტივობებს წარმართავს ლაშქრობის ლიდერი. რომელიც ასევე ასწავლის ლაშქრობის წესებს, კოცონის დანთებას, კარვის გაშლას. მინდა გითხრათ, რომ სალაშქროდ ძალიან ბევრი ბილიკი გვაქვს.

წელს ბანაკში ბავშვებს 4 ლიდერი მოემსახურება სხვადასხვა მიმართულებით – ინგლისური, ლაშქრობა-სპორტული აქტივობები, გლობალური მოქალაქეობა კვალიფიციურ პედაგოგთან ერთად და კრეატივ არტი, რომელსაც ფსიქოლოგი გაუძღვება. ეს მოიცავს ქვაზე ხატვას, ფიტო-არტს. ბავშვებმა უნდა გადმოსცენ თავიანთი ემოციები ხელოვნებაში. აი, ასე შეფარვით მართავს ემოციებს ფსიქოლოგი.

ჩვენი სამი მთავარი მიმართულება გახლავთ: STEAM მეწარმეობა და მობილური ფოტოგრაფია. ანუ ამ 4 ლიდერს ემატება 3 ტუტორი, რომლებიც თითო-თითო დღე გამართავენ თავიანთ ვორქშოპებს.

ჩვენთან აბსოლუტურად ყველაფერი თამაშ-თამაშით ისწავლება, ზოგჯერ სირბილია, ზოგჯერ სკეტჩი, ზოგჯერ სიმღერა და ეს ყველაფერი ძალიან სახალისოა. როგორც ერთმა მშობელმა თქვა, ვერც კი ხვდებიან, ისე შემოესწავლებათ ხოლმე ბევრი რამო.

ქინდერლაბის ერთ-ერთი ინტენსიური მიმართულება ინგლისური ენა ESL ინტერაქტიულ, შემეცნებითი თამაშებია. ჩვენთან სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები ერთ მეგობრულ სივრცეში იკრიბებიან, აქტივობები ინგლისურ ენაზე ტარდება, ამით ბავშვები ენობრივ ცოდნასაც იუმჯობესებენ, ხდება ინგლისურად კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარების განვითარება. ენის გარდა უცხოელი ბავშვებისგან დამოუკიდებლობასაც სწავლობენ ქართველი ბავშვები.

– როგორც თქვით, თქვენთან ბავშვებს STEAM – უნარები უვითარდებათ

– დიახ, STEAM მიმართულებით ბავშვები სწავლობენ მეცნიერებას, ინჟინერიას, მოკლე კოდის წერას, ეცნობიან, რა არის კოდი, რისთვის არის საჭირო, რა დატვირთვა აქვს ალგორითმს და რისთვის გამოიყენება. ცოტათი ხელოვნური ინტელექტის ბენეფიტებსაც მოიცავს, რადგან უკვე რობოტების ეპოქაში გადავედით. ჩვენს ტუტორთან ერთად, შარშან ბავშვებმა ააწყვეს კრეატიული ხიდი, რომელიც იშლებოდა და იკეცებოდა კოდის მინიჭებით, ასევე ჯოხი უსინათლოსთვის, რომელიც წინააღმდეგობის შეხვედრისას სიგნალს გამოსცემდა. აქაც ძალიან მარტივ ენაზე სწავლობენ – თამაშით და გართობით. ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც შეიძლება ბავშვს მივცეთ, არის ის, რომ ინტერესი გავუღვივოთ და სწორედ ეს ინტერესი უჩნდებათ მეცნიერების და ტექნოლოგიების მიმართაც. მსგავსი აქტივობები კი მათში ალგორითმული აზროვნების ჩამოყალიბებას უწყობს ხელს, რომელიც პრობლემის გადაჭრის უნარს უვითარებს.

– ერთ-ერთ მიმართულებად მეწარმეობა დაასახელეთ. ცოტა მეტი გვითხარით ამის შესახებ.

– მეწარმეებთან ვთანამშრომლობთ. ისინი ჩამოდიან და საუბრობენ თავიანთ წარმატებულ ბიზნესზე და ბავშვებს აცნობენ მეწარმეობის საიდუმლოებებს. ამჯერად მოვიწვიეთ ქართული ბრენდის “ბუნების არტის” წარმომადგენელი, რომელიც ორგანული თავის მოვლის საშუალებების მწარმოებელია. ასევე ასწავლის, ბუნებრივი ინგრედიენტებით როგორ მზადდება თავის მოვლის საოცარი საშუალებები – შამპუნი, საპონი, სკრაბი. თეორიულთან ერთად, ჩვენ ორიენტირებული ვართ პრაქტიკულ სწავლებაზეც და ბავშვები იწყებენ ამ საპნებისა და ხსნარების დამზადებას. დიდია ბავშვების ინტერესი ქიმიის და ბიოლოგიის მიმართ… გასულ წელს ერთმა თქვა, მე საპნების ბიზნესი უნდა მქონდესო; მეორემ – მე სუნამოები უნდა დავამზადოო.

ანუ ქიმიასაც აყვარებთ.

– ქიმიას, ბიოლოგიას, ასევე ფიზიკასა და ტექნოლოგიას. ჩვენთვის პრიორიტეტია მეცნიერება, ტექნოლოგია და მეწარმეობა, რაც დღეს მსოფლიოსთვის დიდი გამოწვევაა. გვინდა, ბავშვმა ეს უნარები განივითაროს და არ დასვას კითხვა, ქიმიის ფორმულები რაში გამომადგებაო? არ გამოთქვას ამ საგნის სწავლაზე პროტესტი.

– ყველა სკოლაში რომ დანერგილიყო მსგავსი მიდგომა, იქნებ უფრო გასჩენოდათ ბავშვებს ამ საგნებისადმი მეტი ინტერესი…

– დიახ, სწორედ ეს იყო ჩემი მიზანი, რომ ბავშვში ინტერესი აღგვეძრა და ცხოვრების ის გაკვეთილი მიგვეცა, რასაც არაფორმალური გარემო აძლევს ბავშვს.

 უნდა ნახოთ, აქ როგორ იცვლებიან, როგორ ბედნიერდებიან. სხვანაირად იწყებენ ფიქრს. ბავშვი გახარებულია იმით, რომ თავისი თავი წარმოაჩინა, რომ ჩვენ დავინახეთ ეს ნიჭი, გამოვიყენეთ და არა მარტო ჩვენ დავინახეთ, არამედ თავადაც დაინახა, რა რესურსის მატარებელია. აქ იმასაც ვასწავლით, როგორ უნდა რეალიზდნენ ცხოვრებაში.

როცა ზემოთ ჩამოთვლილ მიმართულებებში გაერკვევიან, მერე ვუყვებით, რომ შეიძლება ჩამოყალიბდეს კომპანია, შეიქმნას კომპანიის ლოგო, წესდება, შეიფუთოს ეს პროდუქტი და გაიყიდოს. ამ ყოველივეზე საუბრობს მესამე ტუტორი. ეს არის მობილური ფოტოგრაფია, ფოტოთი გადმოცემული ამბავი. ფოტოებს იღებენ და მერე თავიანთ ემოციებს გვიზიარებენ. მსჯელობენ, რამდენად მნიშვნელოვანია მარკეტინგი და ამ ყველაფერში სოცმედიის როლი.

ამდენ აქტივობაში იმდენი საკუთარი ნიჭი აღმოაჩინეს ბავშვებმა, რომ თვითონაც უკვირდათ, თურმე მე ეს შემძლებიაო. ამიტომაც არის ალბათ, რომ დამშვიდობება უძნელდებათ, წასვლა არ უნდათ.

– თქვენ თავად რას გაძლევთ ბანაკი და ბავშვებთან ურთიერთობა?

– ძალიან მინდა ბავშვები გაიზარდონ ლაღ გარემოში, გააზრებულად დაამთავრონ სკოლა და თუ უნივერსიტეტში ჩააბარებენ, ზუსტად იცოდნენ თუ რატომ ჩააბარეს. მინდა რომ 21-ე საუკუნის გამოწვევებისთვის იყვნენ მზად და საკუთარ ქვეყანაში რეალიზდნენ. ამ ბავშვებმა შეიძლება სკოლის დამთავრებამდეც კი შექმნან თავიანთი სტარტაპეპი, თავიანთი ფული გამოიმუშაონ და წარმატებულები გახდნენ. მთავარი არ არის, რომ ათოსანი იყო, მთავარია უნარები შევძინოთ ბავშვებს. ამიტომ იმ საქმით რასაც ვაკეთებ ბედნიერი ვარ და ვივსები. ბავშვში რასაც ჩადებ ის ბუმერანგივით უკან დაგიბრუნდება.

იქდან გამომდინარე, რომ ძალიან ბევრ ბავშვთან გქონიათ ურთიერთობა, რას ეტყვით მშობლებს, რა აკლიათ მათ შვილებს?

– ძალიან სასარგებლოა ბავშვთან საუბარი. ჩვენს ბავშვებს აკლიათ საუბარი, დისკუსია და ამიტომაც არიან გაჯეტებზე დამოკიდებული, ეს არის მთავარი პრობლემა. დედებმა ცოტა მეტი დრო უნდა დაუთმონ ამ კუთხით შვილებს, ყოველი დღე შეაჯამონ მათთან ერთად, გამოჰკითხონ, რით იყო ის დღე გამორჩეული, რა იყო ცუდი, რა იყო კარგი, რას გააკეთებდა ამა თუ იმ შემთხვევაში. ეს უყვართ ბავშვებს, როცა აღიარებენ და როგორც დიდებს, ისე  ეპყრობიან. ამ საუბარსა და დისკუსიაში იკვეთება ბავშვის საჭიროება და ნიჭი.

დედები მადლობებს გვიხდიან და გვეუბნებიან: ბედნიერი ვარ, რომ ჩემი შვილი ბედნიერიაო…  მათი შვილი ბედნიერია იმიტომ, რომ მოუსმინეს, აღიარეს, ინტერესი გაუღვივეს, საკუთარი თავი აღმოაჩენინეს, ნიჭი დაუფასეს. მე ძალიან მომწონს ეს თაობა. ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში ვართ და ეს ბავშვები ნამდვილად არიან მზად ხელოვნური ინტელექტის სამყაროში შესასვლელად, უბრალოდ ჩვენი ხელშეწყობა უნდათ.

ქალბატონ ხათუნას განათლების სისტემაში მუშაობის 20 – წლიანი გამოცდილება აქვს. პროფესიით ეკონომისტი გახლავთ.  2002 წელს ტექნოლოგიებმა გაიტაცა და ამ მიმართულებით მეორე პროფესია შემოვიდა მის ცხოვრებაში. დღეს სხვადასხვა სკოლაში საგანმანათლებლო ტექნოლოგიების ექსპერტად მუშაობს და არა მარტო ბავშვებს, პედაგოგებსაც ეხმარება ინოვაციური მეთოდების დანერგვაში.

KinderLab

ქინდერლაბი – საერთაშორისო ინოვაციური ლაბი 7-15 წლის ბავშვებისთვის. რომლის მიზანია 21-ე საუკუნის უნარების მქონე მომავალი თაობის აღზრდა.

დეტალური ინფორმაციის გასაგებად მიჰყევით ბმულს:  KinderLab.pdf

რეგისტრაცია: https://forms.office.com/e/NPijuzK8rL

ან დარეკეთ ნომრებზე:

📞 591959771

📞 574234745

მსგავსი სტატიები

Leave a Comment