fbpx

„ჰოდა, ვემსგავსებით დოღის ცხენებს, რომლებსაც უკან მათრახი დაუტკაცუნეს“…

ავტორი ჟოლო
281 ნახვა

ერთხელ, როცა ძალიან ძალიან რთული პერიოდი მქონდა ცხოვრებაში, ერთმა უფროსმა მეგობარმა მითხრა: ნატ, როგორც კი გარედან შეხედავ შენს სიტუაციას და მიხვდები, რომ ცხოვრება ამ ყველაფრითაც კი ძალიან მაგარია, მაშინვე გამოჩნდება გზა, რომელიც დაგაძლევინებს ამ რთულ პერიოდს…

სწორედ ისე მოხდა, როგორც მითხრა…

ხდება ძალიან ხშირად, რომ ჩვენ იმდენად მიბმული ვართ რაღაც შედეგს, რაღაც წერტილს, რომ სრულიად გვავიწყდება ის ფაქტი, რომ მისკენ მიმავალ გზაშია ბედნიერება… გვავიწყდება, რომ სიამოვნება და სიხარული უნდა მივიღოთ ყოველი გათენებული დღისგან, რომ უნდა მოვეფეროთ და გვიხაროდეს ირგვლივ საყვარელი ადამიანები…

გვავიწყდება, რომ მთავარი არაა ის, სადაც მივდივართ… მთავარია, ვისთან ერთად მივდივართ, ამ გზაზე რა თავგადასავლები გვხვდება, ამ დროს ცა რა ფერია, ზღვა რა ფერია, ჰაერში როგორი სურნელი ტრიალებს…

გვავიწყდება, რომ ამ გზაზე შეგვიძლია სირბილი, ხტუნვა, სიგიჟეები, დასვენება, წამის შეჩერება და გვერდზე მდგომი ადამიანის ჩახუტება თუნდაც…

ჰოდა, ვემსგავსებით დოღის ცხენებს, რომლებსაც უკან მათრახი დაუტკაცუნეს, სახეზე ნიღაბი ააფარეს, რომ მხოლოდ წინ სარბენ ბილიკს ხედავდეს და თავაწყვეტილი გარბოდეს… რომ მასზე დადებული ფსონი გაამართლოს… ყურში ჩაგვესმის მხოლოდ სხვების და საკუთარი გონების ყვირილი: ჩქარა, ჩქარა, ჩქარა… თორემ… მოგასწრებენ, უკან ჩამოგიტოვებენ, გაგთელავენ, აღარავის დასჭირდები… იჩქარე, იჩქარე, იჩქარე…

ამ დროს ჩვენში კვდება ყველაზე მთავარი – სიცოცხლის უნარი, სიხარულის უნარი, სიყვარულის უნარი, ბედნიერების უნარი, თანაგანცდის უნარი, სილამაზის დანახვის უნარი… და რჩება მხოლოდ სიცარიელე… მტანჯველი და უსასრულო სიცარიელე… რომელსაც გამარჯვებაც კი ვეღარ ავსებს…

მე მინდა, ყოველ ადამიანს შეგვეძლოს ყოველი წამით ტკბობა… ადამიანებთან ურთიერთობით ტკბობა… ცხოვრებით ტკბობა… გამარჯვებაც ასე უფრო მარტივი და სასიამოვნო გახდება…

გვიყვარდეს სამყარო და ერთმანეთი და სამყაროსაც ვეყვარებით ჩვენ…

ნატა თვალაძე

მსგავსი სტატიები

Leave a Comment