გურუ პურნიმასთან დაკავშირებით ერთ ტექსტს დავდებ იდრის შაჰის წიგნიდან „იცოდე, როგორ უნდა იცოდე“. ეს ტექსტი „ჩემს ინდურ სასწაულში“ ერთ-ერთი თავის წამძღვარებაცაა – წერს რამაზ გიგაური.
„როდესაც ინდოეთში ვმოგზაურობდი, შესაძლებლობა მომეცა, რომ ადგილობრივ სულიერ ლიდერებს გავსაუბრებოდი. სწორედ, ერთ-ერთ ასეთ პატივსაცემ სულიერ ადამიანთან ვიჯექი, როდესაც მოახსენეს, რომ ვიღაც ამერიკელ ბატონს მისი ნახვა სურდა. ჯენტლმენს უამრავი დრო და ძალისხმევა დაეხარჯა, რომ აქამდე მოეღწია.
ახლად ჩამოსულმა ამერიკელმა სტუმარმა ჩემ გვერდით მჯდომ გურუს ასეთი სიტყვებით მიმართა:
– მითხარით, ვინ არის გურუ? როგორ ვიცნო გურუ და ვინ არის ამქვეყნად ყველაზე დიდი გურუ?
ეს ის კითხვები იყო, რაც მას აინტერესებდა. მისი კითხვები დიდწილად ემთხვეოდა ჩემს ინტერესებსაც. ჩემი წიგნების მკითხველები მსგავსი კითხვებს ყოველდღიურად მისვამდნენ. ინდოელმა გურუმ გაიღიმა და ამერიკელს უპასუხა:
– ის, რასაც გეტყვი, სიამოვნებას არ მოგანიჭებს. ვიმედოვნებ, აქ შენ სიამოვნების მისაღებად არ ჩამოსულხარ?!
– არა! მე მინდა სიმართლე ვიცოდე! – დაჟინებით თქვა ამერიკელმა.
– კარგი. აი შენი კითხვის პასუხი:
თუ მე ჯუნგლებში ბილიკზე მიმავალი ფეხს ქვას წამოვკრავ და წავიქცევი, მაშინ ეს ქვა იქნება ჩემი გურუ, რა თქმა უნდა თუ ასე ვისწავლი ფეხქვეშ ყურებას და გზაზე სწორად სიარულს. გურუ ის კი არ არის, ვინც აპირებს რაიმე გასწავლოს ან ვისაც შეუძლია რაიმე გასწავლოს, არამედ ის – ვინც უკვე გასწავლა. თუ ქვისგან რაიმეს ისწავლი, შენი გურუ – ქვაა. თუმცა შენ ალბათ ადამიანს გულისხმობდი, ღმერთკაცის მსგავსს.
მაშ ასე, გურუ ის ადამიანია, ვისგანაც შენ რაიმე ისწავლე და არა ის, ვისგან სწავლას მოინდომებდი, პატივს სცემ ან სხვები სცემენ პატივს. თუ შენ სწავლა არ შეგიძლია, მაშინ შენთვის გურუც არ არსებობს“.
