„მოულოდნელად, თქვენს ოთახში ლურჯი ჩიტი შემოფრინდა. რაღაცნაირად მიგიზიდათ ამ ჩიტმა და გადაწყვიტეთ დაიტოვოთ ის თქვენთვის… თქვენდა გასაკვირად, მეორე დღეს ჩიტმა შეიცვალა ლურჯი ფერი და გახდა ყვითელი! ეს საოცარი ჩიტი, ფერს იცვლის ყოველღამე. მესამე დღეს, დილით ის უკვე კაშკაშა წითელი იყო, ხოლო მეოთხე დილით –შავი ფერის…“
მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო! ის რაც ზემოთ წაიკითხეთ, იყო ნაწყვეტი«კოკოლოგიის» სახელით ცნობილი იაპონური ფსიქოლოგიური ტესტ–თამაშების სერიის ერთ–ერთი ტესტიდან.
ფსიქოლოგიაში „კოკოლოგია“ არის პოპულარული ტერმინი ადამიანის ქცევების და სიტუაციური საპასუხო რეაქციების დაფარული მნიშვნელობების ინტერპრეტაციისათვის. (კოკორო იაპონურად ნიშნავს ცნობიერებას, შეგრძნებას, გონებას, სულს + ბერძნული ლოგია – შესწავლა)
ხოლო იაპონელი ფსიქოლოგების მიერ შექმნილი თამაში „კოკოლოგია“ არის, მხიარული და სახალისო ფორმით გადმოცემული ფსიქოლოგიური ტესტების სერია, რომელიც ეფუძნება ღრმა ფსიქოლოგიურ პრინციპებს და რომელთა დანიშნულებაცაა მოთამაშის ემოციონალური და ქცევითი თავისებურებების გამოვლენა…
კოკოლოგია გვთავაზობს უნიკალურ მიდგომას საკუთარი თავის შესაცნობად. ის გთხოვთ უპასუხოთ თითქოსდა ჩვეულებრივ, უწყინარ კითხვებს, მაგალითად ოთახში შემოფრენილი ჩიტის ფერი, და შემდეგ ხსნის თუ რას ამბობს თქვენი პასუხი.
ეს არის თამაში, რომელიც დაფუძნებულია ფსიქოლოგიურ მეცნიერებაზე, მაგრამ ამავე დროს მისი მხიარული და მსუბუქი მიდგომა იძლევა შესაძლებლობას ნებისმიერმა მიიღოს სიამოვნება ცნობიერების სამყაროსგან.
თქვენ დარჩებით გაოცებული, იმით, თუ რა ზუსტად გამოხატავენ პასუხები ადამიანების ხასიათს, მათ შორის თქვენსას. ეს ხდის თამაშს საინტერესოს და ამავე დროს წარმოგვიდგება შესანიშანავ საშუალებად მეგობრებსა და საყვარელ ადამიანებს შორის გაუგებრობების გადასალახავად, ის დაგაახლოებთ უფრო მეტად და შეგაძლებინებთ ისეთ თემებზე საუბარს, რომელზეც სხვა გარემოებებში საუბარი იქნებოდა რთული და შეიძლება უხერხულიც კი.
კოკოლოგია, გამოსვლისთანავე იქცა ბესტსელერად. მარტო იაპონიაში ის გაიყიდა ოთხ მილიონზე მეტი ტირაჟით.
გაეცანით კოკოლოგიის შემქნელების, იაპონელი ფსიქოლოგის, პროფესორისამუ საიტოს და პროექტ „კოკოლოგიას“ ხელმძღვანელის ტადასიკო ნაგაოს რვა რჩევა – მინიშნებას, რომელთა გათვალისწინებითაც თქვენი შეხვედრა „კოკოლოგიასთან“ იქნება ბევრად უფრო საინტერესო, სახალისო და სასარგებლო.
რვა რჩევა–მინიშნება თამაშისთვის
- უპასუხეთ პირველივე სიტყვებით, რაც მოგივათ თავში.
თამაში–ტესტი ყველაზე კარგად მაშინ გამოდის, როცა თქვენ არ ყოყმანობთ და არ იტანჯებით პასუხის გაცემისას სიტყვების შესარჩევად. არ არსებობს სწორი ან არასწორი პასუხები. უბრალოდ მოეშვით და უპასუხეთ ის რაც პირველად მოგივათ თავში.
- თუ არის შესაძლებლობა, ითამაშეთ სხვა ადამიანებთან ერთად.
კოკოლოგია შეიძლება წაიკითხო დამოუკიდებლად, როგორც ნებისმიერი წიგნი, მაგრამ ბევრად უფრო სახალისო და სასრგებლოა ითამაშოთ პარტნიორთან ან მეგობრების ჯგუფთან ერთად. ეს არის კარგი შესაძლებლობა გართობისა და ამავე დროს ერთმანეთის კარგად შეცნობისთვის. თქვენ შეიძლება აღმოაჩინოთ, რომ თქვენს შორის ბევრად უფრო მეტი საერთოა, ვიდრე წარმოგედგინათ და პირიქით, იმდენად განსხვავდებით ერთმანეთისგან, თითქოს სხვადასხვა პლანეტებიდან იყოთ.
- ნუ ეცდებით წინასწარ განსაზღვროთ ტესტის ფარული არსი.
მართალია, ეს ბუნებრივი რეაქციაა, განსაზღვრო რა ფარული ზრახვები აქვს გამოკითხვის ავტორს, მაგრამ რას ისწავლით ასეთ შემთხვევაში?
- იყავით გულახდილი საკუთარ თავთან.
კოკოლოგიას, როგორც ნებისმიერ თამაშს, შეუძლია ბევრი რამ გასწავლოთ, თუ რა თქმა უნდა თქვენ ამას ისურვებთ. ნუ შეგეშინდებათ სიმართლის მიღების, როცა თავს იჩენს თქვენი რაიმე ნაკლი. მე ვგრძნობ, რომ თქვენ საერთოდ ძალზე კარგი, სასიამოვნო, ინტელიგენტი ადამიანი ხართ. თქვენ ხომ კოკოლოგიას თამაშობთ?
- იყავით მზად.
ზოგიერთი ტესტი–თამაშის დავალება მოითხოვს რამის დაწერას და დახატვას, ამიტომ კარგია, თუ წინასწარ მოემზადებით და ხელთ გექნებათ ფურცელი და ფანქარი, ან ავტოკალამი. ზოგიერთი გამოცდილი კოკოლოგი ვიდეოზეც კი იღებ თამაშის პროცესს.
- ნუ დაიწყებთ ბოლოდან.
ეს რჩევა ავსებს მე–3 რჩევას (ნუ ეცდებით ტესტის ფარული არსის გამოცნობას) მაგრამ მიმართულია ისეთი ტიპის მკითხველებისკენ, რომლებიც დეტექტიური წიგნების კითხვას ბოლოდან იწყებენ. ნუთუ თქვენ ასეთ სიამოვნებას განიჭებთ შესაძლებლობა თქმისა, რომ: „ასეც ვიცოდი, მე ამას თავიდანვე მივხვდი?“
- დააკვირდით ადამიანების რეაქციას (საკუთარი თავის ჩათვლით)
ტესტებში მოცემული სხვადასხვა სახის სცენარების ინტერპრეტაცია, მხოლოდ ათვლის წერტილია იმისთვის, რომ გაიგოთ მეტი საკუთარ თავზე და სხვებზე. ზოგჯერ ბევრად უფრო სასწავლოა (და სახალისოც) თუ როგორ რეაგირებს ადამიანი პასუხზე, რომელიც აღმოჩნდა არც თუ ისე ზუსტი, ვიდრე წაიკითხო ინტერპრეტაცია, რომელიც ზუსტად მიზანში ხვდება.
- შეინარჩუნეთ თქვენი გონება გახსნილად.
კოკოლოგიაში, ისევე როგორც ცხოვრებაში, მთავარია უყუროთ საგნებს პერსპექტივაში. არ არსებობს სწორი პასუხები, ისევე როგორც არ არსებობს ერთადერთი სწორი საშუალება ამა თუ იმ სიტუაციის ინტერპრეტაციისა. თუ თქვენ თამაშობთ მეგობრებთან ერთად, გამოიყენეთ შესაძლებლობა გაიგოთ რაიმე ახალი მათგან და მათზე. რა იქნებოდა საინტერესო სამყაროში ყველა რომ ერთნაირად ფიქრობდეს? მრავალფეროვნება – ცხოვრების მარილია.
დარწმუნებული ვარ ყველაფერი გასაგებია. ამიტომ მოდით პირდაპირ საქმეზე გადავიდეთ.
ახლა შემოგთავაზებთ სრულ ვერსიას ტესტისა „ლურჯი ჩიტი“, რომლის ნაწყვეტსაც ამ სტატიის დასაწყისში გაეცანით.
ტესტი
ლურჯი ჩიტი
ერთხელ მოულოდნელად თქვენს ოთახში ლურჯი ჩიტი შემოფრინდა. რაღაცნაირად მიგიზიდათ ამ ჩიტმა და გადაწყვიტეთ დაიტოვოთ ის თქვენთვის, მაგრამ თქვენდა გასაკვირად, მეორე დღეს ჩიტმა შეიცვალა ლურჯი ფერი და გახდა ყვითელი! ეს საოცარი ჩიტი ფერს იცვლის ყოველღამე. მესამე დღეს, დილით ის უკვე კაშკაშა წითელი იყო, ხოლო მეოთხე დილით შავი ფერის.
და აი გათენდა მეხუთე დღე. რა ფერისაა ჩიტი?
- ჩიტი არ იცვლის ფერს, ის ისევ შავია.
- უბრუნდება თავის საწყის ლურჯ ფერს.
- ხდება თეთრი ფერის.
- ხდება ოქროსფერი.
გასაღები ტესტისთვის „ლურჯი ჩიტი“
ოთახში შემოფრენილი ჩიტი აღიქმება, როგორც წარმატების სიმბოლო, მაგრამ მისი ფერის მოულოდნელი ცვლილება იწვევს თქვენ შეშფოთებას, შეგრძნებას იმისა, რომ ბედნიერება შეიძლება ხანმოკლე აღმოჩნდეს.
თქვენი რეაქცია ამ სიტუაციაში ახდენს იმის დემონსტრირებას, თუ როგორ რეაგირებთ ცხოვრებისეულ სიძნელეებსა და მოულოდნელობებზე.
- ისინი, ვინც უპასუხა, რომ ჩიტი დარჩა შავი ფერის, ცხოვრებას უყურებენ პესიმისტურად. თქვენ ფიქრობთ, რომ თუ სიტუაცია ერთხელ გაუარესდა, შემდეგ არ გამოსწორდება.
შეიძლება თქვენთვის აუცილებელია იფიქროთ შემდეგი გასაღებით: თუ ყველაფერი ასე ცუდადაა, მაშინ ამაზე უარესი არაფერი მოხდება. დაიმახსოვრეთ, რომ არ არის ისეთი წვიმა, რომელიც არ გადაიღებს და ისეთი ღამე, რომელიც არ გათენდება.
- ისინი, ვინც თქვეს, რომ ჩიტი ისევ ლურჯი ფერის გახდა, არიან პრაქტიკული ოპტიმისტები.
თქვენ გწამთ, რომ ცხოვრება – ეს არის კარგისა და ცუდის ნაზავი და საჭიროა ამ რეალობის შეგუება. თქვენ ხვდებით უსიამოვნებებს მშვიდად და უფლებას აძლევთ საგნებს იარონ თავიანთი რიგით ყოველგვარი ზედმეტი შფოთისა და სტრესის გარეშე. ასეთი მიდგომა საშუალებას გაძლევთ უსაფრთხოდ გადაიტანოთ კატასტროფების ტალღები, არ მისცეთ რა მათ საშუალება თან გაგიყოლონ.
- ისინი, რომლებმაც უპასუხეს, რომ ჩიტი გახდა თეთრი ფერის, წნეხის ქვეშაც მშვიდად და მტკიცედ იქცევიან.
თქვენ არ კარგავთ დროს შფოთვაზე და ყოყმანზე, მაშინაც კი, როცა ვითარდება კრიზისი. როცა სიტუაცია ხდება საკმაოდ ცუდი, თქვენ გრძნობთ, რომ ჯობია დროულად შეწყვიტოთ უსარგებლო საქმე და ეძებოთ სხვა გზა საკუთარი მიზნისკენ, ვიდრე გაეხვიოთ შარში, რომელიც არავის არ სჭირდება.
ასეთი მიდგომა ნიშნავს, რომ თითქოსდა ყველაფერი ხდება ბუნებრივად და თქვენებურად.
- ისინი, ვინც თქვეს, რომ ჩიტი გახდა ოქროსფერი – შეიძლება აღვწეროთ სიტყვით „უშიშარი“.
თქვენ არ იცით რა არის წნეხი. თქვენთვის ნებისმიერი კრიზისი – ეს არის ხელსაყრელი შესაძლებლობა. თქვენი შედარება შეიძლება ნაპოლეონთან, რომელმაც თქვა: „… შეუძლებელი – ეს არ არის ფრანგული სიტყვა.“
მაგრამ იყავით ფრთხილად, არ მისცეთ უფლება თქვენს უსაზღვრო თავდაჯერებულობას, რომ გაჯობოთ. სიმამაცესა და უგუნურებას შორის ძალზე მოკლე მანძილია.
სიყვარულით და მადლიერებით, ხვიჩა მებონია
წყარო:http://mebonia.com/