როგორ ბედავ სახელმწიფო ხაზინაში ხელის ჩაყოფას?!
ნუ გაქურდავ სამშობლოს, რამეთუ დიდ ფასადაა მოსყიდული. შენი ძმები მამულის დაცვისას დაიღუპნენ, სიცოცხლე სამშობლოს უძღვნეს და როგორ ბედავ მოპარვას, ქურდულად დატაცებას ამ ფასდაუდებელი მონაპოვრისა?!
ჩვენი სახელმწიფო მარტო შენ კი არ გეკუთვნის, არამედ იმათაც, უფრო მეტადაც კი, ვიდრე შენ, რადგან მათ უფრო მეტი შესწირეს სამშობლოს, ვიდრე შენ, მეტი ფასი გადაიხადეს მამულისთვის, ვიდრე შენ, უფრო მეტი დააბანდეს მასში, ვიდრე შენ. მტკიცედ ვიტყვი: ჩვენი სამშობლო მარტო საზეიმოდ გაწყობილ დარბაზებში მოცეკვავეთ კი არ ეკუთვნის, არამედ მათაც, ვინც საფლავებში წევს. შესაბამისად, ის ვინც ძარცვავს სამშობლოს, იმნაირივე მოროდიორია, ბრძოლის ველზე დაჭრილებსა და მოკლულებს ტანთ რომ ხდის.
შენი პაპები და პაპის პაპები ჩვენი ქვეყნისთვის იბრძოდნენ, დაითმენდნენ შეჭირვებას და სატანჯველს, ოხრავდნენ და წუხდნენ, ცრემლსა და სისხლს ღვრიდნენ, ეწამებოდნენ და კვდებოდნენ. უგუნურო, ვის ქურდავ?! ძარცვავ ახლობელ ადამიანებს, რომლებიც საფლავებიდან გწყევლიან.
შენ უარი თქვი საკუთარ ნათესავებზე და ისინიც უარს იტყვიან შენზე. შენი წინაპრები არ სცნობენ შენს უფლებებს თავიანთ სახელმწიფოში, ისინი უარგყოფენ ღვთის წინაშე და შეგიტანენ ავაზაკთა სიაში, ჰპარავ სახელმწიფოს და ამ დროს ქურდავ შენს სამშობლოს, მამა-პაპათა მიწას, შენს ძმებს, მათ ძეთ და ასულებს.
ყველა შენნაირად რომ მოიქცეს, მაშინ რა მოხდება? მოწამეთა და რაინდთა მიწა ავაზაკთა ბუდედ გადაიქცევა. მაშინ ყოვლის მხედველი ღმერთი წაართმევს ამ მიწას ქურდებს და გადასცემს ახლო მეზობლებს ან შორიდან მოსულთ.
წმინდა ნიკოლოზ სერბი
ნუ იქურდებ, განსაკუთრებით კი სამშობლოს ნუ მოჰპარავ: ნუ მიითვისებ ნურც ხალხის ფულს, ნურც მიწას, ნურც ტყეს, ნურც წიაღისეულს – ნუ ხელყოფ შენი სამშობლოს სიმდიდრიდან რაიმეს, რამეთუ თუ იქურდებ, მოაწევ წყევას შენს თავს, შენს სახლს და შენს ქვეყანას. სადაც ქურდობაა, იქ მადლი არ არის, სადაც მადლი არ არის – იქ წყევა სუფევს. ამაზე მოწმობს წმინდა წერილი, რომლის პირველივე ფურცლებზე დაწერილია ღვთის მცნება: არა იპარო
(გამოსვლათა 20,15)
Francis Prymerski