fbpx

ოცნება–რეალობა–კრიტიკა ანუ უოლტ დისნეის წარმატების სტრატეგია

ავტორი ჟოლო
518 ნახვა

ცხადია, ყველას გვსმენია ლეგენდარული უოლტ დისნეის შესახებ: გენიალური მულტიპლიკაციური ფილმების ინდუსტრიის მამა, დისნეი–ლენდის შემქმნელი, რომელმაც აშშ–დან სხვა ქვეყნებში გადაინაცვლა (მე , მაგალითად, ტოკიოში ვეწვიე იქაურ დისნეი–ლენდს), დიდი ბიზნესმენი და ხელოვანი.

მაგრამ ალბათ, ძალზე ცოტამ თუ იცით, რომ მის სახელთანაა დაკავშირებული წარმატების მიღწევის ერთი ტექნოლოგია, რომლის სახელწოდება შეიძლება ასე დავაფორმულიროთ –  მეოცნებე–რეალისტი–კრიტიკოსი.

დისნეი თვლიდა, რომ ყველა შემოქმედებით და წარმატებულ პიროვნებას ან ადამიანთა ჯგუფს აქვს სამი ნაწილი: მეოცნებე, რეალისტი, კრიტიკოსი.

მეოცნებე ნაწილის ფუნქციაა შექმნას „ტვინის შტურმითა“ თუ სხვა საშუალებებით ფანტასტურ იდეათა კასკადი, დაახვავოს რაც შეიძლება მეტი ისეთი შემოქმედებითი იდეა, რაც ოცნებებისა და ფანტაზიის სფეროა;

რეალისტი ნაწილის ფუნქციაა –  რეალობის პრინციპიდან (ზ. ფროიდის ტერმინოლოგიით) გამომდინარე მოხაზოს ის რეალური პირობები, რესურსები  თუ გარემოებები, რაც ხელს უწყობს ან ხელს უშლის ოცნებების ახდენას, მათ ცხოვრებაში რეალურ გატარებას;

ხოლო კრიტიკოსი ნაწილის ფუნქციაა – წამოაყენოს კრიტიკული არგუმენტები როგორც ოცნებათა მიმართულებით, ისე მათი ცხოვრებაში რეალურად გატარების ხერხების მიმართ ანუ კრიტიკა წარიმართება როგორც მეოცნებე ნაწილის, ისე რეალისტური ნაწილის მისამართით.

უოლტ დისნეი რაიმე ამოცანის გადაწყვეტის დროს თავის თანამშრომელთა ერთ ნაწილს ანიჭებდა მეოცნების როლს, მეორეს – რეალისტისა, ხოლო მესამეს კრიტიკოსის როლს. ადამიანთა ეს სამი ჯგუფი თავიანთი როლური პოზიციებიდან გამომდინარე ერთმანეთთან დისკუსიისა და იდეების ან არგუმენტების ურთიერთგაცვლის შედეგად აგნებდა პრობლემათა გადაწყვეტის ყველაზე შემოქმედებით, რეალისტურ და კონკურენტუნარიან იდეებს. ამის საფუძველზე დისნეი და მისი თანამშრომლები ღებულობდნენ შესაბამის ეფექტურ გადაწყვეტილებებს.

თქვენ ეს მეთოდი შეგიძლიათ თქვენს პირად ცხოვრებაში გამოიყენოთ:

ჯერ ააგეთ ოცნებათა კოშკები;

შემდეგ დაძებნეთ ამ ოცნებათა განხორციელების რეალური გზები;

ხოლო ამის შემდეგ, კრიტიკულად შეხედეთ როგორც ოცნების საგანს და ღირებულებებს, ისე მისი განხორციელების რეალურ გზებსა და საშუალებებს და იმოქმედეთ!

სცადეთ და აუცილებლად გამოგივათ!

ნოდარ სარჯველაძე

წყარო: sarjveladze.blogspot.com

მსგავსი სტატიები