fbpx

ოთხი შეთანხმება – ტოლტეკების პრაქტიკული გზა პირად თავისუფლებამდე

ავტორი ჟოლო
3,751 ნახვა

ცნობილი მექსიკელი მწერალი დონ მიგელ რუისი თავის ბესტსელერში „ოთხი შეთანხმება“ გადმოგვცემს დღევანდელი მექსიკის ტერიტორიაზე, კოლუმბამდე მცხოვრები უძველესი აბორიგენი ხალხის, ტოლტეკების, სიბრძნეს იმის შესახებ თუ რა გავლენას ახდენს ადამიანზე მისი სოციუმის მიერ თავსმოხვეული აზრები და შეხედულებები, რომლებიც უმეტესწილად ზღუდავენ ჩვენს აზროვნებას სხვადასხვა მიმართულებით და არ აძლევენ ჩვენს ცნობიერებას განვითარების გასაქანს.

ჩვენი ცხოვრების ძალიან ბევრი ასპექტი ჩვენით არ აგვირჩევია, მაგალითად მშობლიური ენა, რელიგია, ზოგადი მორალი, სხვადასხვა მიკრო შეხედულება თუ ტაბუ. ეს და სხვა მრავალი ელემენტი აზროვნებაში ჩნდება ცხოვრების საწყის ეტაპზე, როცა ჩვენ ჯერ კიდევ ბავშვები ვართ (რა თქმა უნდა იცვლება კიდეც, მაგრამ ამას უფრო მოგვიანებით შევეხოთ).

მშობლები, დედმამიშვილები, თანატოლები, მასწავლებლები და ა.შ. ყველა სხვადასხვა დოზით იღებს მონაწილეობას ბავშვის ცნობიერებაში რაღაც „წესების“ კომპლექტის ჩანერგვაში. ამ პროცესს ტოლტეკები „მოშინაურებას“ ეძახდნენ. როგორც შინაური ცხოველები მოიშინაურა ოდესღაც ადამიანმა, სწორედ ასე „იშინაურებს“ სოციუმი ბავშვსაც, რომელიც თავის მხრივ, თანდათანობით ლოგიკურად რეაგირებს სოციუმის წესებზე, ხვდება რაზე დასჯიან და რაზე დააჯილდოვებენ. შედეგად, „იდეალურ“ შემთხვევაში, ვიღებთ ზრდასრულ ადამიანს, რომელსაც ხშირ შემთხვევაში უჭირს საზოგადოებრივი აზრის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება, თავისი განსხვავებული შეხედულების გამოთქმა (თუნდაც ფიქრობდეს, რომ უმრავლესობა ცდება) და ა.შ.

რიგ შემთხვევებში, მსგავსმა „მოშინაურებამ“ შეიძლება გამოიწვიოს ისეთი ერთი შეხედვით მცირე, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში ადამიანის ფსიქიკისთვის დამანგრეველი ჩვევა-თვისებები, როგორიცაა გამუდმებული დანაშაულის გრძნობა და თვითგვემა იმისთვის, რომ ძილის წინ ნამცხვარი შევჭამეთ ან საკუთარი თავის არარაობად გრძნობა მხოლოდ იმიტომ, რომ რომელიღაც დავალებისა თუ პროექტის დედლაინს ერთი დღით გადავაცილეთ.

როგორც ამბობენ, არასწორი ნასწავლის დავიწყება უფრო რთულია, ვიდრე სწავლა. (unlearning is harder than learning). ამიტომ, კარგი იქნება თუ პირველ რიგში დავიწყებთ ყურადღების გამახვილებას ისეთ წარმოდგენებსა და რწმენებზე რაც მოგვდის შიშისგან და ბედნიერებას გვართმევს. ბუნებრივია, როცა ბავშვები ვიყავით, არ შეგვეძლო შევწინააღმდეგებოდით გარშემომყოფებს, რომლებიც ასე გამალებით ეწეოდნენ ჩვენს „მოშინაურებას“, მაგრამ დროა გავიზარდოთ და გავაანალიზოთ როგორ აზროვნებს ჩვენი გონება, ერთის მხრივ, რას ვფიქრობთ და ვეთანხმებით რეალურად და მეორეს მხრივ, რას ვფიქრობთ ინსტინქტურად, გაუაზრებლად და ხშირ შემთხვევაში ამა თუ იმ შიშზე დაფუძნებით.

ტოლტეკების აზრით, ყველაფრის მიუხედავად, არსებობს გზა, რომ ადამიანმა შეცვალოს შეხედულებები, განაგდოს შემზღუდავი რწმენები და მოიპოვოს პირადი თავისუფლება, პრაქტიკაში დასანერგად კი გვთავაზობენ ოთხ შეთანხმებას, რომელიც ადამიანმა ერთხელ და სამუდამოდ უნდა დადოს საკუთარ თავთან და ყოველდღიურად ეცადოს არ უღალატოს ამ შეთანხმებებს თუ უნდა რომ გათავისუფლდეს:

1. არ შესცოდო სიტყვით

– სიტყვას ტყვიაზე მეტი ძალა აქვს. პირველ რიგში არასდროს ისაუბრო საკუთარ თავზე დამამცირებლად ან ნეგატიურად, არასდროს განსაჯო ან გაკიცხო. ასევე, სხვებზე საუბრისას არასდროს გაჭორო, მოიტყუო ან დაამცირო ზურგს უკან. სამწუხაროდ, ჩვენ ბოლომდე ვერ ვაცნობიერებთ სიტყვის ძალას, მართალია ყველას გვესმის, რომ თუ ადამიანს დავუყვირებთ ან შეურაცხმყოფელ სიტყვებს ვეტყვით მას ეწყინება, მაგრამ ნაკლებად ვაანალიზებთ შედეგებს, რომელიც მოაქვს იგივეს გაკეთებას ზურგს უკან.

არასდროს თქვა იმაზე მეტი ან ნაკლები ვიდრე საჭიროა, არც შეუსრულებელი დაპირებები გასცე და არც უთქმელად, გულში ჩაიტოვო რაიმე. ყოველთვის მიმართე შენი სიტყვები სიმართლის ან სიყვარულის გამოსახატად.

2. არ მიიღო პირადად

– ყველაფერი თქმული ჩვენი მისამართით, სინამდვილეში მთქმელზე უფრო მეტ ინფორმაციას გვაწვდის ვიდრე ჩვენზე. როცა ადამიანები ჩვენი მისამართით რაიმეს გვეუბნებიან ან გარკვეულ ქცევას ამჟღავნებენ, ეს სიტყვები ან ქმედება მათი თავის ანარეკლი უფროა. არ არსებობს, რომელიმე ადამიანმა მოგვცეს სრულიად ობიექტური ფიდბექი. რატომ? იმიტომ, რომ ყველა ადამიანი თავის მხრივ „მოშინაურების“ მსხვერპლია და როდესაც თავის აზრს გამოთქვამს, ან გარკვეულწილად იქცევა, მხოლოდ და მხოლოდ საკუთარ გადმოსახედს, მის პრიზმას გვანახებს. ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ჭეშმარიტებას ღაღადებს. ამიტომ, კარგი იქნება თუ სხვის აზრზე დავფიქრდებით და გავითვალისწინებთ, მაგრამ არ მივანიჭებთ გადამეტებულ მნიშვნელობას. ეს დაგვეხმარება ვიყოთ ნაკლებად რეაქტიულები, ნაკლებად ჩავდგეთ ხოლმე თავდაცვით მდგომარეობაში და შევძლებთ ვიყოთ უფრო გაწონასწორებული და საკუთარ თავში დარწმუნებული, შესაბამისად თავიდან ავიცილებთ არაფრისმომცემ ტანჯვას.

3. ნუ ივარაუდებ

– იმდენად, რამდენადაც ადამიანები ცხოვრების უდიდეს ნაწილს ვატარებთ ჩვენს გონებაში, ფიქრებთან, მიდრეკილი ვართ რომ არ დავსვათ კითხვები და სუბიექტური ვარაუდები შევქმნათ. მაგ. „ახალი თანამშრომელი გოგო არასდროს მესალმება, ალბათ თავიდანვე ამითვალწუნა.“ ამ დასკვნას ჩაიხვევს გონება და თავს დავარწმუნებთ, რომ რაღაც ჩვენში ისე არ არის, ვინმეზე ნაკლები ვართ და ა.შ. სინამდვილეში ჩვენს თანამშრომელ გოგონას თავისი გასჭირვებია, დაბადებიდან მორცხვია და ძალიან რთულად ეგუება ახალ ნაცნობებს.

ასე რომ იპოვე გამბედაობა დასვა კითხვები და გამოხატო რაც გულით გსურს.

კომუნიკაციის გარეშე ადამიანები ვერ მოვიდოდით იქ, სადაც დღეს ვართ. ხშირ შემთხვევაში ადამიანებს, ვისაც ჩვენი დახმარება ხელეწიფებათ, სურვილიც არანაკლები აქვთ რომ დაგვეხმარონ, მაგრამ თუ არ ვუთხარით, რომ დახმარება გვჭირდება, არ დაესიზმრებათ. ყოველთვის ჯობია დასვა კითხვები, უკეთეს და უარეს შემთხვევებშიც უფრო მეტს გაიგებ, ვიდრე შეკითხვის დასმამდე იცოდი.

4. ყოველთვის დაიხარჯე ბოლომდე

– საკუთარ თავთან ასეთი შეთანხმების დადებით ორ კურდღელს დაიჭერ: ერთი, რომ ნებისმიერ საქმეში ასეთი მიდგომით წარმატების მეტი შანსი გექნება და მეორე, რომც არაფერი გამოგივიდეს იმას მაინც მიაღწევ, რომ საკუთარ თავს არ დაადანაშაულებ და არც ეჭვები მოგკლავს, რომ აი ის მცირედი რომ არ დაგეკლო, იქნებ ყველაფერი სხვანაირად ყოფილიყო.

Nikoloz Archvadze

მსგავსი სტატიები