დღევანდელი ჩვენი პოსტი, წმინდა ილია მართლის სიტყვებით მინდა დავიწყო:
“ამ წუთისოფელში ადამიანს ბევრი და მრავალი სახის საქმე აქვს საკეთებელი, როგორც კერძოდ თავის თავისთვის, ისე საზოგადოდ ყველასთვის. ყველას ერთნაირი დანიშნულება არ აქვს. სათითაოდ ყველას რაიმე დანიშნულება კი უსათუოდ აქვს. მაღალზნეობის თვალის წინაშე, სიდიდე ადამიანისა დანიშნულების სიდიდეზე არ არის დამოკიდებული, მრავალგვარია ნიჭიერება, ღონე და მიდრეკილება ადამიანისა. სიდიდე და ღირსება ის არის, ვინ როგორ აურჩია საქმე თავის ნიჭსა, ღონესა, მიდრეკილებასა და ვინ როგორ უძღვება. თვითონ საქმის მეტ ნაკლებობა აქ არაფერ შუაშია, დიდი და პატარა სულ ერთია, ოღონდ კაცმა იმას მიმართოს, იმას ჩასჭიდოს ხელი, რაზედაც გული მიუწევს და ნიჭი და უნარი მიუწვდება, უამისოდ ყოველი დიდი საქმე მცირეა და ამისით კი ყოველი პატარაც დიდია!”
იპოვო საკუთარი თავი, უმეტეს შემთხვევაში ნიშნავს, იპოვო საკუთარი მოწოდება… მოახდინო შენში დამალული ნიჭის [ტალანტის] ჯერ აღმოჩენა და შემდეგ მისი რეალიზება… გაიგო რა, რატომ და როგორ განიჭებს უდიდეს სიამოვნებას და შეიგრძნო ცხოვრების სისავსე… განსაზღვრო და მიიღო საკუთარი ძლიერი მხარეები და გაერკვე, რომელ საქმეში არიან ისინი შეუცვლელები.
მოდი ერთად გავარკვიოთ, თუ როგორ შეიძლება ყოველივე ამის გაკეთება.
იცი რაშია შენი ცხოვრებისეული მოწოდება?
რას ნიშნავს სიტყვა “მოწოდება”?
ძალიან საინტერესოა ხოლმე გაიგო სიტყვის ჭეშმარიტი არსი…
მოდი, თავიდან ჩავიხედოთ ლექსიკონში და ვნახოთ სიტყვა მოწოდების განმარტება.
მოწოდება:
მიდრეკილება, შინაგანი მისწრაფება რაიმე საქმის ან პროფესიისკენ [შესაბამისი და საჭირო უნარების ფლობის შემთხვევაში];
როლი, ამოცანა, დანიშნულება;
ცხოვრების [გულის] საქმე.
პირადად მე ვთვლი, რომ მოწოდება არის ის, რაც შენს დაბადებამდე იყო შენთვის განსაზღვრული — წოდება და/ან სტატუსი. თითოეული ადამიანი უნიკალურია და გააჩნია შემოქმედისგან ბოძებული ნიჭი… მგონი ამით ყველაფერი ნათქვამია — რახან ნიჭი გვეძლევა, ესეიგი უნდა გამოვიყენოთ. მე ვფიქრობ [და არა მარტო მე], რომ უდიდესი დანაშაულია, მისი [მათი] იგნორირება!
წარმოიდგინე ჭიანჭველების ბუდე, სადაც ცხოვრობს ბევრი ჭიანჭველა. ისინი ძალიან ბევრნი არიან და ერთი შეხედვით ყველა ერთმანეთს ჰგავს. მაგრამ სინამდვილეში, ისინი რადიკალურად განსხვავდებიან ერთმანეთისგან. არიან მეომარი ჭიანჭველები, აღმზრდელი ჭიანჭველები, მშენებელი ჭიანჭველები და ა.შ.
თითოეულ მათგანს სხვადასხვა თანდაყოლილი უნარი გააჩნია და არცერთი მათგანი არ განიცდის სტრესს და არ ვარდება დეპრესიაში იმის გამო, რომ არ არის ჭიანჭველა-მეფე, ჭიანჭველა-ლიდერი ან ჭიანჭველა-ცნობილი მსახიობი. ისინი, არც მიზეზით და არც უმიზეზოდ ჭიანჭველა-ფსიქოლოგს არ მიმართავენ cheeky
გაინტერესებს რატომ?
იმიტომ, რომ თითოეული “თავის საქმეს” აკეთებს!
ახლა კი მოდი, გადავიდეთ ადამიანებზე. ჩვენ ნამდვილად განსხვავებულები ვართ — ძალიან განსხვავებულები. თითოეულ ჩვენგანს გაგვაჩნია უნიკალური ნიჭი [ტალანტი], ზოგს კი ტალანტები. შესაბამისად, აბსოლუტურად ყველას გვაქვს ჩვენი ცხოვრებისეული მოწოდება, ანუ თითოეული ადამიანის ცხოვრებისეული მოწოდებაა, ღვთისაგან ბოძებული ტალანტის რეალიზება.
სინამდვილეში ყველაფერი ძალიან მარტივია, უბრალოდ ჩვენ, ადამიანებს გვიყვარს ყველაფრის სასწაულად გართულება.
ადამიანებს ყველაზე დიდი პრობლემები ექმნებათ იმის გამო, რომ ისინი, “თავისი საქმით” არ არიან დაკავებულები!
“ადამიანი, რომელიც არ იყენებს საკუთარ ნიჭს, შეურაცხყობს თავის ღვთაებრივ არსს!” რენდი გეიჯი
აბა ერთი წამით წარმოიდგინე და შემდეგ გაავლე პარალელი:
არწივები ბრჭყალებით თხრიან სოროებს;
პინგვინები ცდილობენ იფრინონ;
კურდღლები ტირიან იმის გამო, რომ ვერ უზრუნველყოფენ საკუთარ უსაფრთხოებას ისე, როგორც კუები;
კუები თავისმხრივ ღიზიანდებიან იმის გამო, რომ ციყვები მათზე ბევრად უკეთ დაძვრებიან ხეებზე;
ციყვები კი საშინლად განიცდიან იმას, რომ არ შეუძლიათ ცურვა….
გეღიმება ხომ? არადა… ადამიანი…
ნებისმიერ ადამიანს შეუძლია თავბრუდამხვევი წარმატების მიღწევა… ამისთვის საჭიროა, გზის დასაწყისში მხოლოდ იმის გაგება, თუ რა წარმოადგენს ამ ადამიანის ძლიერ მხარეებს, რა საქმეში შეიძლება ამ ძლიერი მხარეების რეალიზება და შემდეგ სრული ფოკუსის ამ საქმეზე მოხდენა.
ვიღაც კითხულობს ახლა ამ სტროფებს და იძახის — ეჰ ასე ადვილი, რომ იყოს!
ამ ბოლო დროს ძალიან ხშირად მხვდება ეს ტოქსიკური წინადადება, რომელიც ყველანაირ ბრძოლისუნარიანობას თავშივე ახშობს და ხდება რა? რა და ის, რომ — გვაბადია ის, რაც გვაბადია.
როგორც უთქვამს ერთ ბრძენს: “შეუძლებელია ის ადამიანი იყოს ბედიერი, რომელსაც არ უყვარს თავისი საქმე!”
მეორე ბრძენმა კი დასძინა: “როდესაც შენ სწორ გზაზე დგახარ, მთელი სამყარო გეხმარება!”
სწორი გზა, სხვა არაფერს ნიშნავს, თუ არა “შენს საქმეს”.
ხოლო, თუ შენ არ დგახარ სწორ გზაზე, ესეიგი შესაშური რეგულარულობით, ყოველი ფეხის ნაბიჯზე გხვდება, როგორც ემოციური, ისე ფიზიკური წინააღმდეგობები, ხოლო ეს ის წინააღმდეგობებია, რომლის გადალახვის არანაირი სურვილი არ გაგაჩნია.
თუ არ მეთახმები, იქნებ შენ სწორედ ის კატა ხარ, რომელმაც გადაწყვიტა, რომ მისი ადგილი წყლის ქვეშ არის?
საკუთარი მოწოდების გაგება, მისი შეცნობა და მიღება [მიუხედავად იმისა, რომ 6 წელი დახარჯე პროფესიულ განათლებაზე] — აი საიდან უნდა დაიწყოს ასეთ მდგომარეობაში აღმოჩენილმა ადამიანმა… ბოლოს და ბოლოს ჩვენს შვილებს მაინც უნდა გავაკეთებინოთ ამ 6 წლის ეკონომია.
როგორც უკვე კარგად იცი, ჩვენს ბლოგზე “პაპსა” პოსტები არ იწერება, ამიტომ, მოდი გადავიდეთ ამ პოსტის პრაქტიკულ ნაწილზე.
ამ შემთხვევაში კითხვა: როგორ? — ეს არის ტექნიკური ხასიათის შეკითხვა და შესაბამისად ტექნიკურადვე ხდება მისი გადაჭრა.
აქ შენთვის ძალიან სასარგებლო იქნება, თუ წყნარად, აუღელვებლად და რაც მთავარია ალალად უპასუხებ შემდეგ 3 შეკითხვას:
- რას გააკეთებდი მილიარდი დოლარის მფლობელი რომ იყო?
წარმოიდგინე დეტალურად, დამიჯერე ეს სასიამოვნო შეგრძნებაა და არ ისე რთული, როგორც შენ გგონია;
- რისი არ გაკეთება არ შეგიძლია?
ამბობენ, რომ მხატვარი ის არის, ვისაც ხატვის გარეშე არ შეუძლია, მომღერალი ის არის, ვისაც სიმღერის გარეშე არ შეუძლია და ა.შ. მაგალითად ამ პოსტის ავტორს, არ შეუძლია წერის გარეშე, როდესაც ვმუშაობ პოსტებზე ან წიგნზე [სწორედ ახლა ვმუშაობ ჩემს მესამე წიგნზე] იმდენად ვიძირები პროცესში, რომ დროის შეგრძნებას ვკარგავ, თითქოს დრო ჩერდება. ასევე არ შემიძლია — ქოუჩინგის გარეშე, თვითგანათლების გარეშე და ა.შ. მემგონი გასაგებია კითხვის არსი…
- რას აკეთებ ასეც და ისეც, როდესაც გეძლევა შესაძლებლობა?
დაფიქრდი, რაზე ხარჯავ დროს სიამოვნებით, რაზე თანხმდები მომენტალურად?
ამ კითხვებზე გაცემული, გულახდილი და სიღრმისეულად გააზრებული პასუხები, სინამდვილეში დაგანახებს საქმის მდგომარეობას და მოგცემს სწორ მიმართულებას იქეთკენ, სადაც არის დამალული შენი ცხოვრებისეული მოწოდება. ძალიან მნიშვნელოვანია ამ პასუხების ჩაწერა. ხალტურას არანაირი აზრი არ აქვს…
ხოლო, ზემოთ მოცემულ კითხვებზე კეთილსინდისიერად გაცემული პასუხების შემდეგ, უმნიშვნელოვანესია კიდევ 3 კითხვაზე პასუხის გაცემა. შემდეგი კითხვები საჭიროა, რათა უფრო კარგად და სიღრმისეულად გაერკვე საკუთარ ძლიერ მხარეებში და გაიგო რით დაკავდე ამ უმშვენიერეს ცხოვრებაში.
აუცილებლად ჩაიწერე.
- ყველაზე მეტად რა გიყვარს?
აქ ერთადერთ კრიტერიუმს — შენი დადებითი ან უარყოფითი სურვილი წარმოადგენს. იმოქმედე მიყვარს-არ მიყვარს პრინციპის მიხედვით. შეადგინე სია იმისა, რაც სინამდვილეში გიყვარს და სიამოვნებას განიჭებს. მნიშვნელობა არ აქვს რეალურ ცხოვრებაში იყავი თუ არა ამ საქმიანობით დაკავებული. აქ შენს საზომ ერთეულს წარმოადგენს — სინდისი და ემოცია;
- პირველი შეკითხვის სიიდან, რისი კეთება გამოგდის ყველაზე უკეთ?
პირველ კითხვაზე გაცემული პასუხებიდან, გადმოწერე ყველაფერი, რისი კეთებაც მართლაც საუკეთესოდ გამოგდის, ე.ი. მოახდინე რაც ყველაზე მეტად გიყვარს იმ საქმისა და რაც ყველაზე კარგად გამოგდის იმ საქმის [საქმეების] შერწყმა.
- რაში [პირველი და მეორე სიიდან] გადაგიხდიან ყველაზე მეტ ფულს?
აქ იგულისხმება სხვა საქმეებთან შედარებით….
როგორც ხედავ საკუთარი მოწოდების განსაზღვრა არც ისე რთული საქმეა, როგორც ერთი შეხედვიღ ჩანს. რა თქმა უნდა, თეორია საკმარისი არ არის და ამის პრაქტიკულად შესრულებაა საჭირო, მაგრამ შემოთავაზებული მეთოდების გამოყენებით, შენ შეძლებ თავიდან აიცილო უაზრო ხეტიალი და ძალიან დიდი დრო დაზოგო. დამიჯერე, ისევე როგორც ყოველივე გენიალური, აქაც ყველაფერი ძალიან უბრალოა.
იმისათვის, რომ ჩვენი ამოცანა კიდევ უფრო გავაადვილოთ, შეგიძლია გააკეთო შემდეგი:
წარმოიდგინე, სად მიგიყვანს ერთ წელიწადში ცხოვრების ის სტილი, რომლითაც ცხოვრობ დღეს;
წარმოიდგინე, რა მოხდება შენს შინაგან სამყაროში, საერთოდ არაფერი რომ არ შეცვალო;
შემდეგ წარმოიდგინე, რა მოხდება სამ წელიწადში;
ხუთ წელიწადში;
ათ წელიწადში;
აქ საკვანძო მნიშვნელობა აქვს იმას, რომ, თუ შენი მომავლის წარმოსახვითი სლაიდი, რომელსაც დაინახავ გაგახარებს და სასიამოვნო შეგრძნებას გაგიჩენს, ეს იქნება იმის ნათელი დადასტურება, რომ შენ სწორ გზაზე დგახარ. ხოლო, თუ წარმოსახვა, პირიქით ბურუსით იქნება მოცული, მაშინ შენ შეგიძლია დღესვე მიიღო გადაწყვეტილება — რას და როგორ შეცვლი საკუთარ ცხოვრებაში, რათა ხვალ ის გახდეს ისეთი, როგორიც შენს ჭეშმარიტ მოწოდებას შეეფერება.
ყველას თავისი გზა აქვს!
არ არის საჭირო ყველა დაკეტილი კარის შეღება!
არ არის საჭირო ყველა ღია კარებში შეხედვა!
არ არის საჭირო მოტივაციის ხელოვნურად შექმნა იმ საქმის საკეთებლად, რომელ საქმეც შენი არ არის!
არ არის საჭირო საკუთარ თავთან ბრძოლა, იმის გაკეთებასთან დაკავშირებით, რის მიმართაც არანაირი მისწრაფება და მიდრეკილება არ გაგაჩნია!
როგორ გააკეთო ყოველივე ეს, შენ უკვე იცი….
“ადამიანი, რომელმაც არ იცის რაში მდგომარეობს მისი ცხოვრების აზრი, ეგზისტენციალურ ფრუსტრაციას განიცდის!” ვიქტორ ფრანკლი
რაც არ უნდა მოტივირებული იყოს ყველაზე საუკეთესო მოცურავე, ის ვერასოდეს დაეწევა ყველაზე ზარმაც დელფინს. ეს წყალში, ხოლო ხმელეთზე კი პირიქით.
გიორგი თვალაძე