გახსოვდეს: ღმერთი შენშია იმავე წილად, რამდენიც სხვაში და არავინაა შენზე უპირატესი ისე, როგორც თავად არ ხარ უპირატესი მათზე, ვისზეც შეგიძლია ამის წარმოდგენა.
ამიტომ გეუბნები: მესაუბრე შენი გონებით, არა სხვებში აღმოჩენილი და ნაპოვნი სიბრძნით, ნუ აკნინებ პირად ღირსებას სხვათა გაკერპებით. არ მჭირდება სოკრატეს, პლატონის, არისტოტელეს, სპინოზას, ან მარკუსის აზრები, არც შოთას აფორიზმები. მე მინდა, შენ მითხრა ის, რასაც ფიქრობ, თუნდაც ეს ყველაზე დიდი სისულელე იყოს.
შენ იწყები შენი ღირსებით და არ მსურს, სხვის ღირებულებებზე გამოკიდებული ჩემს თვალში დასრულდე.
წარმოიდგინე, როგორი სასაცილო და არაბუნებრივი ვიქნებოდი, მესაუბრა შექსპირის ენით, ან ხელახლა დამეწყო იმ თეორიების აღმოჩენა, რომელიც ბუნებაში უკვე არსებობს…
მითხარი, მითხარი ის რაც შენს გულში და გონებაშია, რომ ერთმანეთი აღმოვაჩინოთ, თუნდაც სისულელეში. ოღონდ ვიცოდეთ, რომ ეს მხოლოდ ჩვენია და სხვას არ ეკუთვნის.
დიდი სიყვარულით – სულა