fbpx

„უსიყვარულოდ ჭიანჭველასავით წელში გაწყდებოდა ჩვენი ბებერი დედამიწა“ – კონსტანტინე გამსახურდია

ავტორი Ann
1K ნახვა

„სადაც პიროვნული განცდა და გმირული გრძნობა არ არის, იქ სიტყვა ფუღუროა. ყველაფერი სისულელეა პიროვნული განცდის გარეშე.“

„ევროპაში დრო ისე მიგაჭენებს, დამშვიდებული ჭვრეტა შეუძლებელი ხდება. სიმდიდრე და მოცალებაა შემოქმედების მშობელი.“

„სიყვარული კორექტულ შეცდომასა ჰგავს, სადაც არ გგონია, იქ შეგეპარება.“

„გვირგვინი დიდხანს არ მოიცდის ადამიანის თავზე.“

„უკანასკნელმა აკორდმა ქვითინით გაირბინა კლავიშებს შორის, და შუაღამეში ნათქვამი ზღაპარივით გაინაბა ქაოსში.“

„ზოგიერთ ადამიანს ნახევარი სული აქვს. იგი იტანჯება თავის მარტოობითა და სულნახევრობით. ადამიანური ენით მეტყველებს, მაინც თევზივით მუნჯია და უმწეო. მისი სიტყვები დასეტყვილი ყვავილივით იბნევა ქარში. ერთი შეხედვით იგი ქუჩაში დაგდებულ გადალესილ ფლურსა ჰგავს, ხელში არ აიღებ, მტვერს შემოაცლი, ოქროა ხალასი. გზადმიმავალი იშვიათად შენიშნავს ვულკანური ტბის ზედაპირივით დანისლულ თვალებს.“

„არიან სიტყვები, რომელნიც მანამ არ მოძველდებიან, ვიდრე მზე ამ ქვეყნიდან არ წასულა.“

„აღზრდა ვერ აღმოფხვრის პირველ ბუნებას.“

„სანამ დედა ჰყავს კაცს, მუდამ ახალგაზრდად ითვლება.“

„ქალთა სქესი მშვენიერია და დაულეველი. მამაკაცის – უტეხი და გაუმაძღარი.

-კი, მაგრამ ნუთუ არ შემხვდება ისეთი ქალი, რომელმაც ჩემი გული სამუდამოდ დაიმორჩლოს.

-ღმერთს რომ ასეთი არსების გაჩენა ნდომოდა, ყველა ქალის ღირსებას ერთში მოათავსებდა. მაშინ ფუტკრებსავით მამაკაცებსაც ერთ დედალს მიუჩენდა.“

„ადამიანის ცხოვრებაში არის ისეთი მომენტი, როცა მას გარე სამყაროს მზერა მოსწყინდება და მხოლოდ საკუთარი სულის დაკვირვება და მარტოობა მოენატრება.“

„ვინც სიყვარულის ცეცხლზე ხელებს გაითბობს, ალბათ ყველა ბედნიერია, რადგან სიყვარული უფრო მაღალია, ვიდრე სიმდიდრე და ცოდნა.“

„უსიყვარულოდ ჭიანჭველასავით წელში გაწყდებოდა ჩვენი ბებერი დედამიწა.“

„უღმერთოდ ჩვენ ხომ არარა ვართ. უღმერთოდ ჩვენი სული გაბზარულ ზარასავით ჟღრიალებს.“

„არა მგონია, რომ ადამიანს ჭეშმარიტების მიღწევა შეეძლოს. ჩვენ ყველანი მართლაც გაბზარული ზარებივით ვჟღრიალებთ, ჩვენი სიტყვები ბნელ ღამეში დაფეთებულ ფრინველებსა ჰგვანან.

ნეტარ იყვნენ უკუნეთის დუმილს მსმენელნი, რადგან დუმილშია ყველას სამარე. ნეტარ იყვნენ მგლოვიარენი სულითა, რადგან მათთვის სიზმარია დღევანდელობა.

-განა თქვენ მართლა გჯერათ სინამდვილე?

-მე სიზმარსაც და სინამდვილესაც ორძილს ვეძახი. ხშირად სიზმარში უფრო კარგად ვერკვევი. სიზმარში ვხედავ მოსალოდნელ სიმძიმილსა და სიხარულსაც. განა ჩვენი სინამდვილე თვით სიზმარზე უსიზმარესი არ არის?“

„სიტყვა აშორებს ადამიანებს.“

„როცა ადამიანთან ახლოსა ხარ, არ აკვირდები, როცა მოგშორდება, – მერმე მეტს ფიქრობ მის გამო.“

„ყოველი ადამიანი მუდამ ერთსა და იმავეს განიცდის… მხოლოდ სხვადასხვა ვარიაციით, ბავშვობის პირველი ღიმილიდან – პირველ ვნებამდის, პირველი ვნებიდან – პირველ სიკვდილამდის.“

„ვნებასაც ისეთი მოთმინება და თავშეკავება უნდა, როგორც ომს. სადაც თავშეკავება არ არის, იქ გრძნობა ვულგარულია და გულის ამრევი. ჭეშმარიტსა და მაღალ სიყვარულს შორით ბნედა ასაზრდოებდა მუდამ.“

„ჩვენ სიცოცხლეშივე მრავალჯერ უნდა მოვკვდეთ. ჩვენ ბავშვობაში ვცოცხლობთ მხოლოდ ნამდვილი ცხოვრებით. სხვა დანარჩენი ადამიტური უცოდველობის მოგონებაა და ადრინდელ ბედნიერებაზე დარდი.“

„სიბერე და სიბრძნე ურმით მოგვყვება ნელ-ნელა, და ახალგაზრდებმა რაც უნდა წინ ირბინონ, მათ ეს ურემი მაინც წამოეწევა.“

კონსტანტინე გამსახურდია „დიონისოს ღიმილი“

მსგავსი სტატიები

Leave a Comment