fbpx

“ზე-კართან” – გარშემო სულ სიყვარულია

ავტორი დეა თავბერიძე
213 ნახვა

როდესაც ჩვენი ქვეყნის ისტორიაზე ვსაუბრობთ, ყოველთვის იმ გმირებს ვიხსენებთ, რომელთა სიმამაცითა თუ თავდადებით ამ ღვთიურ მიწაზე დღესაც დავაბიჯებთ და გავიძახით, ქართველები განუმეორებლები ვართო… სიამაყით ვყვებით, როგორ გადაეცემოდა თაობიდან თაობას ქართული ხალხური სიმღერები, საგალობლები თუ მსოფლიო კლასიკად ქცეული „ვეფხისტყაოსანი“… თავი მოგვაქვს ჩვენი დამწერლობით და ვამაყობთ, რომ სამშობლომ ენისა და სულიერების გადასარჩენად არაერთი გმირი გაგვიზარდა.

ასე ვიწონებთ თავს სიტყვით…

მაგრამ საქმით?!.

საქმით წინაპართა სისხლით დღემდე მოტანილ სამშობლოს ვივიწყებთ და ურთიერთქიშპსა და ერთმანეთის ლანძღვა-გინებას ვაყოლებთ ქვეყანას.

წარსულით ვტრაბახობთ, თუმცა ხშირად ღირსებაც გვავიწყდება და  წინაპრების მიერ დატოვებულ საგანძურს ვანიავებთ… და თუ მართლა ვინმე ღვთისნიერი გამოჩნდა, სათანადოდ ვერ ვაფასებთ, მეტიც, ვქოლავთ კიდეც!.. სულიერად ვანადგურებთ!..

… … … …….

უუუჰ… სულ სხვა რაღაცის დაწერას ვაპირებდი და წერამ იმდენად შემიყოლია, რომ უნებურად სადავეები გამექცა.

ერთი კარგი მეგობარი მყავს აჭარაში, მასზე მინდოდა მომეყოლა. გმირებიც და ჩვენი ისტორიული წარსულიც ამ ბიჭის დღევანდელობამ გამახსენა… აჭარის მთებშია გაზრდილი, იმ ღირებულებებზე, რომლებიც  მთაში მეტწილად შენარჩუნებულია და ქალაქების მსგავსად არ გაცრეცილა. ალბათ, ამიტომაც მისთვის სამშობლო მარტო სადღეგრძელო და უცხოებთან თავის მოწონება არ არის. არადა ცაში გამოკიდებული სამოთხეა მისი სოფელი და ბევრი აქვს „სატრაბახო“ …

ვახტანგ ბერიძე ეს ბიჭი. დაუღალავი და მებრძოლი… ზოგჯერ დაუფასებელიც, როგორც ხშირ შემთხვევაში ხდება ხოლმე ჩვენში. პროფესიით რეჟისორია. ჰოდა, როდესაც წლების წინათ თავისსავე კუთხეში თეატრის კარი აუჭედეს, – „აქ სპექტაკლებს ვერ დადგამო“, ფარ-ხმალი არ დაყარა და მთიანი აჭარა ერთ დიდ სცენად აქცია… ამ სცენაზე ააცეკვა საწუთროსგან თუ ხალხისგან მიტოვებული უხუცესები… უძველესი ქართული ხალხური სიმღერები მოიძია და მათი აღდგენა და პოპულარიზაცია თავის ყოველდღიურ საქმედ აქცია.

მერე საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან დროის უკუღმართობით თუ მავანთა უნიათობით მივიწყებული ხელოვანები შემოიკრიბა და ლიტერატურული ფესტივალი ზე-კართან“ დააფუძნა. მას შემდეგ ზემო აჭარაში ყოველწლიურად იმართება ლიტერატურისა და ხელოვნების კვირეული – პოეტების, მწერლების, მხატვრების მონაწილეობით… მეტიც, 2013 წლიდან დღემდე მათი შთაბეჭდილებები ლექსებში, ჩანახატებში, მოთხრობებში ცოცხლდება და ყოველი ფესტივალის შემდეგ წიგნად იკინძება. ახალგაზრდა კინორეჟისორები კი „კინოპოეზიას“ ქმნიან და ფილმებად მოგვითხრობენ ამ ულამაზესი კუთხის  ჯადოსნურ სილამაზესა და გმირებზე…

ჰოდა, მეც ამ საოცარ ფესტივალზე ვარ ახლა, აჭარის ნისლიან მთებში, გულანთებული პოეტების გარემოცვაში. სამი დღეა ლექსებში ვცხოვრობ.  ბოლქვაძეებთან დავიდეთ ბინა – მთაზე შეკიდულ აჭარულ ოდასახლში.

აქ ხელახლა ვეზიარე ქართული მასპინძლობის სიდიადეს, გულწრფელობით, მოკრძალებითა და სტუმრის პატივისცემით გაჯერებულს, წიგნებში ამოკითხული რომ გამიცოცხლა.

აქ ხელახლა აღმოვაჩინე ამ ძირძველი მიწის ისტორია, ერთ დროს ცადაწვდენილი და ახლა ნანგრევებად ქცეული ციხეებიც რომ ჰყვებიან ამბავს.

გზად ყვითელშეპარული მწვანე ხეობებია, მთის მდინარეებითა და ნისლში მოლივლივე სოფლებით. ჩვენი გზაც ცაშია გამოკიდული. რამდენჯერმე გადავიხედე და თვალი ვერაფრით ჩავაწვდინე მიწას… ამ სილამაზით ვარ მოჯადოებული და შიში სადღაც ქრება, მაშინაც კი, როცა მთლიანად ნისლში ვეხვევით…

სოფელ-სოფელ დავდივართ და აქ მყოფთა ცხოვრებიდან უამრავ საინტერესო დეტალს ვეცნობით. თანამედროვე გმირების ფასდაუდებელ ისტორიებს ვისმენთ. მათ შორისაა ფრიდონ ხალვაშიც, რომელიც ხელახლა მაშინ აღმოვაჩინე, როდესაც მის მშობლიურ სოფელს, გეგელიძეებს, ვესტუმრეთ… და ამირან ქავთარაძის დოკუმენტური ფილმი “მეც უნდა ვიყო შენი პოეტი ვნახე. ეს კიდევ უფრო დიდი ამბავია, რომელზედაც აუცილებლად დავწერ მომავალში.

მანამდე კი უკან მომავალსა და პოეტების ლექსებით ფრთებშესხმულს გული მინათდება იმ ფაქტით, რომ ისტორიად ქცეული გმირების საქმეს აჭარაში გამგრძელებელი ჰყავს და ეს ვახტანგ ბერიძეა. ერთი უბრალო და თავის მშობლიურ მიწაზე უზომოდ შეყვარებული დიდი ქართველი.

მადლიერებით დეა თავბერიძე, ზე-კარელი

ნინო ვახანია: არაჩვეულებრივი როექტია და შესანიშნავი მოფიქრება. ვახტანგ ბერიძეს, თაოსანს, არა მარტო მადლობა ეკუთვნის, არამედ ხელშეწყობა ყველა მხრიდან, ყველას მიერ. ჩვენთვის, მონაწილეებისთვის, ძალიან სასიამოვნო იყო გარემოც, ურთიერთობებიც, როგორც ერთმანეთთან, ისე ადგილობრივ მოსახლეობასთან, აქაურობის დათვალიერება, სახლ-მუზეუმების ნახვა… ეს იყო ახალი შთაბეჭდილებები, რომლებიც ავსებს ადამიანს და მერე მთელი წელი მიჰყვება ხოლმე.

მერე როგორი წიგნიერი ხალხია, როგორი განათლებული, როგორი კარგი მოქართულე. ქართული სულიერებით რომ ივსები ადამიანი და რაღაცნაირად უფრო მეტად გიყვარდება სამშობლო. მიყვარს ხოლმე გახსენება რუსთაველის იმ ფრაზის, ნესტანი რომ სწერს ტარიელს, „ვზი მზრდელად სიყვარულისა, მის ჩემგან დანერგულისაო“. სულ ვფიქრობ, რომ ნებისმიერ სიყვარულს, და ამ შემთხვევაში სამშობლოს სიყვარულზე ვლაპარაკობ, სჭირდება ზრდა, მოვლა, განვითარება, რაღაცა ახალი სჭირდება სიცოცხლისთვის და ეს ერთ-ერთი არის მკვებავი იმისა, რომ ადამიანს თავისი სამშობლო უფრო მეტად შეუყვარდეს. ასეთი ღონისძიებები მრავლად უნდა იყოს. ეს ერთი არ ეყოფა საქართველოს, ამ მხარესაც კი არ ეყოფა. რაც მეტი იქნება და მრავლად, მით უკეთესი კულტურის განვითარებისთვის. კულტურაა ცხოვრება და კულტურაზე დგას სახელმწიფო. სახელმწიფოს განვითარებისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს კონკრეტულად ამ და, საერთოდ, მსგავს ფესტივალებს“.

ვანო მჭედელაძე: „ლიტერატურული ფესტივალი „ზე-კართან“ არის ლიტერატურული ივენთი ლიტერატურაში; ადგილი, სადაც ეს ტრადიციული ღონისძიება ტარდება, თვითონაა ერთი დიდი ტექსტი, ანდაც ტექსტი ტექსტში, ანუ ინტერტექსტი. ეს ღონისძიებაც ინიციაციას ჰგავდა, მაგიური რეალიზმის ჟანრის ტექსტის პერსონაჟად გახდომისა… Მონაწილეებიც განდობილებივით არიან, „ზე-კართან“ ლიტერატურული ფესტივალია შუაგულ ლიტერატურაში, არც მეტი და არც ნაკლები!“

კანეი მარგოშვილი: მე ვიმოგზაურე ნისლების დედაქალაქში. მთებმა თავზე დამადგა მასპინძლობისა და სიყვარულის გვირგვინი. აქ ყველა ხე თუ ფოთოლი თავისებურად თბილ და სრულყოფილ სხივთა სილამაზეს ასხივებდა. აქ იყო სრული თავისუფლება, რადგან ეს იყო საერთაშორისო ფესტივალი „ზე-კართან“ მთიანი აჭარის ცაზე.

3 დღის განმავლობაში  ვარსკვლავებად ანათებდა ილიას, შოთას, ვაჟას, გალაკტიონისა და სხვა პოეტების სულები, რომლებიც ლოცავდნენ თანამედროვე პოეტებისა და გულანთებული მონაწილეების შემოქმედებას. ეს იყო ჩემთვის ემოციების ფოიერვერკი, რომელმაც  მონაწილეობა მიიღო პროზისა და  პოეზიის მასშტაბურ მანიფესტაციაში. მონაწილეების შემოქმედება – ეს არის კიდობანი, რომელიც აერთიანებს სრულყოფილებას და გვათქმევინებს, რომ გარშემო სულ სიყვარულია. ამ სიყვარულით ებრძვის უსამართლობისა და გადაშენების პირას მისული კაცობრიობის უსიყვარულობას, როგორც წარღვნას.

მინდა, მადლიერება გამოვხატო როგორც ფესტივალის სულისჩამდგმელის, ბატონ ვახტანგ ბერიძის, ისე აჭარის მუნიციპალიტეტისა და მთიანი აჭარის მოსახლეობის მიმართ. ამ ფესტივალის ყველა მხარდამჭერის მადლიერი ვარ. ასევე ყველა მონაწილის, რომლებმაც  ჩემში დიდი ცოდნისა და სიყვარულის ბიძგები გამოიწვია. ეს ფესტივალი იმსახურებს უკვდავებასა და სრულ მხარდაჭერას. ეს ხომ გასაოცარი მოგზაურობა და კულტურული სრულყოფილებაა.

წელს ფესტივალში მონაწილეობდნენ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მცხოვრები მწერლები, ჟურნალისტები, თურქი და იაპონელი ქართველოლოგები, შუახევისა და ხულოს კულტურის ცენტრის ფოლკლორული ანსამბლები, ბათუმის რევაზ ლაღიძის სახელობის გოგონათა გუნდი, ბათუმის ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის საბალეტო სკოლა და აჭარის ხალხური ხელოვნების სკოლა.

ფესტივალი ყოველ წელს ყაბალახით აჯილდოებს მონაწილეებს. 2025 წლის ყაბალახოსნები გახდნენ: ანდრო ბედუკაძე – ილია ჭავჭავაძის საგურამოს მუზეუმის დირექტორი და ნინო ვახანია – ფილოლოგიის დოქტორი პროფესორი.

ფესტივალის თემა კულტურებს შორის დიალოგი იყო — დიალოგი, რომელიც არა მხოლოდ შედგა, არამედ დიდი სიყვარულითაც დაგვირგვინდა… და როგორც ფესტივალის ერთ-ერთი მონაწილე, ახალგაზრდა ქისტი პოეტი ამბობს: „ სუ სიყვარულია რა “.

მსგავსი სტატიები

Leave a Comment