დაწყებითში კლასის ხელმძღვანელი მყავდა ზაირა მასწავლებელი. მე-3 კლასში, ჩამოგვირიგა სუფთა ფურცლები და გვთხოვა დაგვეწერა ვის რა გვინდოდა გამოვსულიყავით.
დავწერე, იურისტობა მინდა მეთქი…
რამდენიმე დღის შემდეგ, ყველა მოსწავლის სურვილები ხმამაღლა გაგვაცნო.
– სულაშვილი, იურისტობა გინდა ხო? – ისეთი ცინიკური სიფათით შემომხედა მეგონა რომ მაგარი მივქარე…
დიახ მეთქი, ვუპასუხე და მოღუშული სახით ფეხზე წამოვდექი…
– ვაი შენს პატრონს! მერე ააქვს მამაშენს მაგხელა ჯიბე?
ვერ მივხვდი რას გულისხმობდა და სახლში რომ დავბრუნდი მშობლებს ვკითხე. მახსოვს მამაჩემს კოვზი ხელიდან როგორ გაუვარდა. თვალები ცეცხლივით აენთო მაგრამ ხმა არ ამოუღია.
მერე დედამ ამიხსნა, რომ ამ პროფესიისთვის რეპეტიტორები გვჭირდებოდა და ძალიან ძვირი ღირდა…
სკოლა ისე დავამთავრე, ერთხელაც არ მომბრუნებია გული მის მიმართ…
45 მოსწავლიდან, პირველ წელს მხოლოდ სამმა ჩავაბარეთ უმაღლეს სასწავლებელში და სამივე გაჭირვებული ოჯახის შვილები ვიყავით. რეპეტიტორი კი არა, კაცი არ გვყავდა ისეთი, დამატებით 15 წუთით რომ მოგვხმარებოდა მეცადინეობაში…
მე-2 კურსიდან გამომრიცხეს. არ მომწონდა ტექნიკური საგნები. ჯარში გაწვევამაც მომიწია და ერთ მშვენიერ დღეს, ზაირა მასწავლებელი ბედნიერი სახით გადამეყარა წინ.
– კი ვიცოდი, რომ შემთხვევით მოხვდი ინსტიტუტში და ეე, ფაქტია, ხომ გამოგაგდეს. ახლა ჯარში წახვალ. მერე მამაშენივით რუს ქალს შეირთავ ცოლად (მისთვის რუსი და უკრაინელი ერთი და იგივე იყო) დაიწყებ კოლექტივში მუშაობას და ეს იქნება შენი ბოლო…
მას შემდეგ დიდი დრო გავიდა…
მისაღებიდან დამირეკეს მოქალაქეს თქვენთან შეხვედრა სურსო…
კაბინეტში მხრებში მოხრილი მამაკაცი შემოვიდა. მეცნო, მაგრამ თვალებს ვერ დავუჯერე. ზაირა მასწავლებლის მეუღლე იყო…
ისე უკანკალებდა ნიკაპი, გულში დარჩენილი წყენა და ბოღმა უცებ გამიქრა…
– დაბრძანდით – მივუთითე სავარძელზე და მეც იქვე ჩამოვჯექი რომ ჩემი უპირატესობა არ ეგრძნო…
– ცუდადაა – ჩუმად თქვა და წერილი გამომიწოდა.
– ნუ ნერვიულობ, ყველაფერი კარგად იქნება. სად წევს? – ვკითხე და წერილი გამოვართვი.
– სახლში. ექიმებმა ხელი აიღეს…
ეს სიტყვები მდუღარე წყალივით გადამესხა.
– რით შემიძლია დახმარება? მზად ვარ ყველაფერი გავაკეთო – ვუთხარი თუმცა არ ვიცოდი რა შეიძლებოდა გამეკეთებინა.
– შეხვდი. თქვენი ნახვა უნდა – მიპასუხა და წავიდა…
დიდხანს დავყურებდი მაგიდაზე დადებულ კონვერტს… რამდენჯერმე ავიღე ხელში. მინდოდა გამეხსნა და ძალა არ მეყო…
იმ ღამეს მინისტრმა დამირეკა. ბრძანება მივიღე რომ დილით ადრე ტიუმენში უნდა გავფრენილიყავი…
რამდენიმე დღიანი მივლინება სამი კვირით გაგრძელდა. ერთად ერთი ნატვრა რაც მქონდა მხოლოდ ის იყო, რომ ცოცხალი მენახა…
ვიცოდი, აუცილებლად მოვეფერებოდი, ავადმყოფობისგან გამოხრულ ხელებზე და ამაში არ იარსებებდა სულ ოდნავი სიყალბე…
დავბრუნდი, მაგრამ ის უკვე აღარ იყო…
არ მახსოვს რამდენ ხანს ვეძებდი წერილს და არც ახლა ვიცი ცამ ჩაყლაპა თუ დედამიწამ…
მას შემდეგ ჩემს ცხოვრებაში არ არსებულა არცერთი წარმატება, რომელსაც სიზმარი არ უძღოდა წინ. (ზოგადად არ მჯერა მისტიკის) ის, ჩემს სიახლოვეს ჩერდება. არასოდეს მიყურებს თვალებში. შემდეგ თათრ კონვერტს მაწვდის და ქრება…
ახლაც ამ სიზმარმა გამომაღვიძა და მომინდა დამეწერა…
სულა სულაშვილი