fbpx

გოგა ჩანადირის „თოვლში გახვეული მესტია“

ავტორი ჟოლო
120 ნახვა

„ასე მგონია, მეც თქვენთან ერთად ვიმოგზაურე მესტიაში და პარმაღზე ღამე გასული მეც თქვენთან ერთად ვუყურედი და ვტკბებოდი ამ სილამაზით“ – ეს კომენტარი მოგზაურობას შეყოლილი ფოტოხელოვანის გოგა ჩანადირის გადმოცემულ განცდებს, მიუწერა მკითხველმა. 

ბინდდებოდა, მესტიაში რომ ავედი. გზები, სახლები, ტაძრები, ხეები, მთები თოვლში გახვეულიყო და თეთრად შემოსილიყო. ფერდობებზე წამომართული კოშკები ციცინათელებივით ანათებდნენ. ეს ნამდვილი სილამაზე იყო.

მანქანიდან რომ გადმოვედი, სუსხი მეცა, თოვლი ახრაშუნდა. ფეხიც მისრიალებდა. გადავწყვიტე, სასტუმრომდე ფეხით მივსულიყავი. ხელთათმანი რომ არ წამომეცვა, ხელები გამეყინებოდა.  მინუს 17 გრადუსის მიუხედავად, მესტია ისეთი მომხიბვლელი იყო, ყინვას ყურადღებას აღარ ვაქცევდი.

სასტუმროში დავბინავდი თუ არა, ჩაის ჭიქით პარმაღზე გავედი. არ ვიცი, ყინვაში რამდენი ხანი გავყურებდი მესტიის ხედებს, მაგრამ ეს სილამაზე თვალებიდან ახლაც არ ამომდის.

როცა საწოლში ჩავწექი, მივხვდი, რომ გათენების მოლოდინმა ამაფორიაქა. თოვლიანი მესტიის ნახვა მეჩქარებოდა. დილით ფართხაფურთხით ვისაუზმე და ქალაქში გავედი. თითქოს ამინდის შესაფერისი ჩექმა მეცვა, მაგრამ ფეხი მაინც მისრიალებდა. ღამის სუსხს უკან დაეხია. ქალაქი შენისლულიყო და თეთნულდი არ ჩანდა.  დათვალიერება და გადაღება ულამაზესი უბნიდან – ლანჩვალიდან დავიწყე. მერე ლეხთაგში, ლაღამსა და სეტში მდებარე ძეგლები ვნახე. სეტის წმინდა გიორგის ტაძარი მთელი სვანეთისთვის განსაკუთრებული სალოცავია. აქ იმდენი სიწმინდე ინახებოდა, რომ კომინუსტებმა ტაძრის ბაზაზე 1936 წელს გახსნეს სვანეთის მუზეუმი, რომელიც 1995 წლამდე მოქმედებდა.

მე-20 საუკუნის დასაწყისში მესტიაში 70 კოშკი იდგა, დღეს 45-ია დარჩენილი.

კოშკებს თავდაცვითი და საყოფაცხოვრებო დანიშნულება ჰქონდა, ნახევრად ხუმრობითაც რომ ვთქვათ, ისინი მე-12-მე-13 საუკუნეებში (ზოგიერთი კოშკის საძირკველი მე-9-მე-10 საუკუნეებისაა) აშენებული პირველი ცათამბჯენებია საქართველოში. აქ თითქმის ყველა ოჯახს საკუთარი ციხე-სიმაგრე ჰქონდა.

კოშკების საშუალო სიმაღლე 22-25 მეტრია, გვხვდება 4-, 5-, იშიათად 6- და 7-სართულიანებიც. გადახურულია ყავრით. ქვედა სართულები საცხოვრებლად, ზედა სართულები კი  თავდასაცავად იყო განკუთვნილი. კოშკების სარკმელები ისეა ამოჭრილი, რომ გარედან მტრის ნასროლს შიგნით ვერ შემოეღწია, შიგნიდან სროლა კი ადვილი იყო.

კოშკების ვიწრო საცხოვრებლის მიუხედავად, ჩანს, სვანებს ბევრი რამ ჭკვიანურად ჰქონდათ გათვლილი. რიყის ქვებით აშენებული და ბათქაშით შელესილი ნაგებობები ისეთი მძლავრია, ათასწლიანმა ჟამმაც ვერაფერი დააკლო. როცა სართულ-სართულ კედლების გაყოლებაზე მიშენებული შიდა კიბეებით ავდიოდი, ვცდილობდი, ძველი სვანური ოჯახების ყოფა წარმომედგინა.

ძველი სვანური ოჯახის ყოფას ყველაზე კარგად მაინც მაჩუბი ასახავს. აქ საქონლის სადგომიც იყო, საცხოვრებელიც, სამზარეულოც და თან ყველა წვრილმანი საკმაოდ გონივრულად იყო გათვლილი. ხე კი ისე ოსტატურად იყო გამოყვანილ-მოჩუქურთმებული, რომ ყველა მათგანი ძეგლად ითვლება. საერთოდ, სვანები ყოველთვის ხის საუკეთესო ოსტატებად ითვლებოდნენ.

მესტიაში მჟავე წყლები ჩამოდის. ბევრ შინაგან დაავადებას კურნავსო, გამიგია. მართლაც, სასიამოვნოდ მჟავეა, მაგრამ ამ თოვლიან ამინდში ასვლა არ მომინდა. მდინარე მესტიაჭალა ისეთი გაყინული იყო, ალბათ, ზედ სრიალსაც შევძლებდი. მესტიელები, ისევე როგორც ყველა სვანი, ძალიან სტუმართმოყვარეები არიან. სეირნობა-სეირნობაში რამდენჯერმე სხვადასხვა ოჯახმა მიმასპინძლა და ამით არა მხოლოდ გაყინვას გადავრჩი, ისეთ გემრიელ სვანურ კერძებს ვაგემოვნებდი, როგორიცაა თაშმიჯაფი, ყველისა და კარტოფილის პიურესმაგავრი საჭმელი და კუბდარი, საქონლის ხორცი ცომში, ხაჭაპურისმაგვარი.

ერთ ოჯახში სვანეთში გავრცელებული ერთნახადი არაყი რახი შემომთავაზეს, მაგრამ, უნდა ვაღიარო, მიჭირს მისი დალევა. არადა, მასპინძელი ზურა დალევას მაძალებდა, გაგათბობსო.

ორი სრული დღე ვიხეტიალე თოვლიანი მესტიის ისტორიულ უბნებში, ბევრი რამ ვნახე, მათ შორის მარგიანების, ხერგიანის და ეთნოგრაფიული მუზეუმი, განსაკუთრებით რომ მიყვარს.  ზომით პატარა, მაგრამ დიდი ისტორიული, სულიერი და კულტურული მემკვიდრეობის ტაძრები, ზოგიერთი მათგანი გარედანაც რომ არის მოხატული.

საღამოობით თბილად ჩაცმული სასტუმროს პარმაღზე  გავდიოდი და, ჩაის სმის პარალელეურად, ულამაზესი ხედით ვტკბებოდი.

ქალაქი დილაუთენია უნდა დამეტოვებინა. გამომგზავრებამდე ისევ პარმაღზე გავედი.  თენდებოდა, მესტიას რომ ვტოვებდი. გზები, სახლები, ტაძრები,  ხეები, მთები თოვლში გახვეულიყო და თეთრად შემოსილიყო. ფერდობებზე წამომართული კოშკები ციცინათელებივით ანათებდნენ. ეს ნამდვილი სილამაზე იყო.

წყარო: http://likaniwith.me/

მსგავსი სტატიები

Leave a Comment