ძმა
პატარა, ნაქირავებ ბინაში ვცხოვრობდით…
ერთი პატიოსანი კაცის შემოსავალი დიდი ფუფუნების გასაქანს არ გვაძლევდა. ძირითადად სტიპენდიით გაგვქონდა თავი და ხშირად უვახშმოდაც დაგვიძინია.
სოსო (ჩემი ძმა) ფალავანთა კლუბის წევრი იყო. ვარჯიშზე დიდ ენერგიას ხარჯავდა და ვიცოდი, რომ შესაბამისი კვება სჭირდებოდა.
სახლში გვიან შებინდებისას ბრუნდებოდა…
– სად ხარ აქამდე? უშენოდ ვივახშმე – ვეტყოდი ხოლმე და შემდეგ, მისთვის გადანახულ მოკრძალებულ ულუფას, რომელიც რამდენიმე თხლად დაჭრილი ძეხვის ნაჭერისგან, ან “კილკა კონსერვის”-სა და ბუხანკისგან შედგებოდა, კარადიდან ვიღებდი და მაგიდაზე ვშლიდი…
– არ მინდა. ნაჭამი ვარ. ბიჭებმა დამპატიჟეს… ხვალისთვის შეინახე და ჭამე – მეუბნებოდა და დასაძინებლად წვებოდა…
ეს იყო ჩვენს, ორს შორის არსებული ყველაზე გაყიდული ტყუილი, რომლისაც არც-ერთს არ გვჯეროდა და მაინც ვატყუებდით… ღმერთმა იცის რამდენჯერ გასვლია ვადა კონსერვის ქილას და რამდენჯერ მოჰკიდებია ობი ერთმანეთისთვის გადანახულ ბუხანკა პურს და მაინც ვიტყუებოდით…
მას შემდეგ უკვე ორ ათეულ წელზე მეტი გავიდა…
ყოველ დღე ვურეკავთ ერთმანეთს…
– ალოო… როგორა ხარ ძმაო?
– კარგად. შენ როგორ მყავხარ ძმაო?
– კარგად, კარგად….
ვეუბნებით ერთმანეთს და ჩვენ, ორმა ვიცით მხოლოდ, იმ “კარგად ყოფნის” დროსაც რა გვტკივა და რა გვიხარია…
ისევ ვატყუებთ ერთმანეთს ხშირად, რადგან გვეშინია არაფერი ვატკინოთ ერთ-ურთს… გვტკივა ჩუმად, ხმის ამოუღებლად…. და როცა დასახმარებლად გაწვდილ ხელსა და გულს ერთმანეთს ვაგებებთ მაშინ ვხდებით, რომ ბავშობაში მიჩვეულ “გაყიდულ ტყუილს” ვეღარასოდეს გადავეჩვევით.
დღეს ჩემი ძმის დაბადების დღეა.
გილოცავ ძმაო.
ნუგზარ სულა სულაშვილი