“…ბრიყვებს გონიათ, რომ წიგნებს და ასაკს აუცილებლად მოაქვს სიბრძნე და ეს სიბრძნე ნებისმიერ კითხვაზე პასუხის ცოდნაშია!… ასეთებს მართლაც ყველა კითხვაზე გამზადებული პასუხებით აქვთ დატენილი ჯიბეები – შარვლის, პიჯაკის, პერანგის.. ზოგს ფეხსაცმელშიც კი აქვს ჩატენილი.. ქალებს ლიფებში და წინდებში… კითხვის დასმა დამთავრებული არ გაქვს , რომ უცებ ყოჩაღად გააძრობენ რომელიღაც ჯიბიდან პასუხს და უტიფრად მიიწეპებენ შუბლზე, ყველამ რომ კარგად დაინახოს, რომ სწორედ მათ ეკუთვნით პასუხი და არა ვინმე სხვას, მათსავით ასაკით დაბრძენებულ ყოჩაღს, რომელსაც სულ ცოტა ხნის წინ აწაპნეს ასევე დატენილი რომელიღაც ჯიბიდან.
აი მე პირიქით დამემართა – ასაკში კითხვების რაოდენობა ისეთი სისწრაფით გამეზარდა, რომ ალბათ სულ ცოტა ათი სიცოცხლე დამჭირდება ჩემს ცარიელ და გახვრეტილ ჯიბეებში პასუხის საპოვნელად … ჩემმა სიბრიყვის კოეფიციენტმა კატასტროფულად მოიმატა, რამდენიმე წელიწადში შეიძლება სადმე ქუჩაში ხელგაშვერილი მნახოთ, მთლად გამათხოვრებული და გასაცოდავებული…გაიღეთ მოწყალება, ნუ დაინანებთ ერთი ორ გროშ პასუხს, გთხოვთ… ”
ეს ერთი ჩემი ძველი დაუმთავრებელი პიესიდანაა. 90 იანებში ვწერდი.. ალბათ მიხვდით რამ გამახსენა – ამ თავის თავში ბრიყვულად დარწმუნებულმა პარლამეტში მოხვედრის რაღაც პათოლოგიური სურვილით აღტკინებულმა კანდიდატებმა და პარტიების ლიდერებმა, რომლებსაც მხოლოდ რეზოლუციური და საძაგლად პათეტიური პასუხები გააჩნიათ და არც ერთი კითხვა, ეჭვის ნატამალიც კი საკუთარი თავისა და პარტიის შესაძლებლობების მიმართ..
პაატა ქურდაძე
წყარო: Facebook