ბედნიერებას ბევრი ფორმა თუ სახე შეუძლია მიიღოს. მაგალითად, ის შეიძლება მოვიდეს პურის, ერთი ჭიქა წყლის, ყავის, ლუდის, რამდენიმე ლიტრი ბენზინის ფორმით და ა. შ.
ის შეიძლება მოვიდეს ყველა მხრიდან, განსაკუთრებით სახლის უკანა კარიდან, საიდანაც არავინ ელის და იმ დროსაც კი, როდესაც სახლის პატრონი სახლში არ არის. ან სახლშია, მაგრამ დაღლილს სძინავს. მას შეუძლია მიიღოს მეგობრის, უცნობი ადამიანის და მტრის სახეც კი (თქვენ წარმოიდგინეთ).
ამიტომ ძნელია იმის ზუსტი გათვლა რის ფორმაში ან ვის სახეში უნდა ეძებოთ ბედნიერება.
გამოსავალი ერთადერთია – საერთოდ არ ეძებოთ ის.
უბრალოდ უნდა გააცნობიეროთ, რომ ბედნიერება უკვე თქვენშია და სხვანაირად არც შეიძლება იყოს.
ის თქვენშია – ყოველგვარი მიზეზის, „თუმცას“ და „მაგრამის“ გარეშე. თქვენი ბედნიერება – თქვენთანაა. ის დიდი ხანია უკვე თქვენთანაა. მას არ სჭირდება ძებნა. მას გაცნობიერება სჭირდება.
თქვენ ბედნიერი ადამიანი ხართ! აღიარეთ ეს სამყაროს წინაშე.
გაანათეთ გული მზესავით, გაუგზავნეთ სინათლე და მადლიერება (მაკრო)სამყაროს და ის დაგიბრუნებთ სინათლეს და გაანათებს თქვენს (მიკრო)სამყაროს.
რამაზ გიგაური