საათს რომ დავხედე უკვე 3 საათი იქნებოდა. მომეჩვენა, რომ როდესაც საწერი მაგიდიდან ავდექი დასამთავრებელი დავალებები აყვირდნენ. თავი საშინლად მტკიოდა, სამზარეულოში გავედი ჩაის გასაკეთებლად.
სწორედ ამ დროს ვიღაცამ კარზე ფრთხილად დააკაკუნა.
ზღურბლს იქით დედაჩემის მეგობარი დამხვდა, მირანდა. მირანდა ლამაზი ქართველი მსახიობია. დახვეწილი ნაკვთები და არისტოკრატული სილამაზე აქვს. პარიზელ ქალს გავს, ფიზიკურად სუსტი და საოცრად ეშხიანია. ბავშვობაში მინდოდა მირანდა გამოვსულიყავი და ბევრ ლამაზ ფილმში მიმეღო მონაწილეობა.
თუმცა უკვე მესამე წელია მირანდას ცხოვრებას საოცრად შეიცვალა,როდესაც ლილე გააჩინა.ლილე დაუნის სიდრომით დაიბადა. კეთილი თვალები და უბოროტო სახე აქვს. აქამდე სულ ვერიდებოდი ლილესთან ასე ახლოს მისვლას თვითონაც კი არ ვიცი რატომ.
-ვიცი ძალიან შეგაწუხებ , მაგრამ ცოტა ხნით უნდა დაგიტოვო. მალე დავბრუნდები, გპირდები. ფიზიკურად ვერ წავიყვან, ხომ გესმის? სხვა ბავშვებთან ერთად არ იტოვენ ბაღში. ვერც ძიძა მოდის დღეს. ამიტომ ამ ერთხელ უნდა დამეხმარო.
დაბნეულობისგან თავს მექანიკურად ვაქნევ. ჭიქა იქვე დავდე და ლილე ხელიდან გამოვართვი.
-დადის მაგრამ ხელში ურჩევნია ყოფნა – მორიდებულად მითხრა მირანდამ და დაბნეული სახით გამიღიმა. ალბათ სიკვდილი ერჩივნა მის დატოვებას.
შუა ოთახში შემოვედით და ლილე წინ დავიჯინე. დაბნეული ვუყურებდი და თავიდან ბოლომდე ვათვალიერებდი.
საოცარი გძნობა მქონდა მის მიმართ, თან მინდოდა მიახლოება, თან კი მეშინოდა რამე არ ტკენოდა. ის არც ხმას იღებდა, არც უაზოდ ტიროდა სხვა ბავშვების მსგავსად, იჯდა და ერთ კონკრეტულ წერტილს უყურებდა.
გარეთ თბილი მზე იყო, მე და ლილე აივანზე დავსხედით და თამაში დავიწყეთ. მიკვირდა, აქამდე რატომ ვარიდებდი თავს, როდესაც მასთან ურთიერთობის საშუალება მქონდა. მართლაც პატარა მზის ბავშვს გავდა როგორც ინგლისელები იტყოდნენ. ის ცხოვრების ბოლომდე დარჩებოდა ისეთივე კეთილი, როგორც ახლა არის. შეინარჩუნებდა იმას, რასაც სხვები წლებთან ერთად კარგავენ.
ლილე ყოველთვის იქნება ბუნებრივი, რასაც ასე ძალიან ვითხოვთ ახლობლებისგან და მეგობრებისგან.
მახსოვს, მეორე კურსზე ვიყავი, როცა ჟურნალისტური ეთიკის ლექტორმა მითხრა, ამ დღის შემდეგ კარგად დაუკვირდი როგორ გამოიყენებ სიტყვებს როგორებიცაა: ვერ ვიტან, მეზიზღება. ანალოგიურად სიტყვა – ვგიჟდები. ვფიცავ, ამ დღის შემდეგ ჩემი ამ სიტვყების მიმართ დამოკიდებულება შეიცვალა. ეხლა კი ის გამონაკლისია, როდესაც სხვა სიტყვებს ვერ ვპოულობ: ვგიჟდები კეთილ, პირდაპირ ადამიანებზე და მძულს პირფერები. ადამიანები, რომლებიც გაზრდამ შეცვალა და ბავშვური გულწრფელობა დაკარგეს.
ლილე ისე წყნარად იყურებოდა მზისკენ და თითებით სხივებს იჭერდა. გამომხედა და მზერა ჩემი გავლით სადღაც შორს გააჩერა.
მომეჩვენა, რომ დაიღალა გულზე მივიხუტე და ასე ჩაეძინა. ჩემს მუხლებზე, მზეში.განძრევის მეშინოდ, .არ გაეღვიძა და არ ეტირა.
სანამ ლილეს ეძინა იმდენ რამეს ვფქრობდი განსხვავებულ ბავშვებზე, ჩვენზე, როცა ასე დაუდევრად ვექცევით, ცხოველებივით ვუყურებთ. მეც რამდენჯერ გამიკეთებია ასე ბავშვობაში. ღმერთო, როგორ შემრცხვა ჩემი საქციელის. პატარა რომ ვიყავი სულ ვაშტერდებოდი ხოლმე.
ეს იყო შიში, გამოწვეული სრული უცოდინრობით და სიბნელით. ჩემი გონების სიბნელით და უკვე ნათლად ვხვდებოდი, რამდენი დრო მქონდა დახარჯული ამ სიბნელეში.
საზოგადოება არაფერს გვთავაზობს იმისთვის, რომ ლილეს ცხოვრება უკეთესი იყოს.
გამახსენდა სასოწარკვეთილი მშობლები, როდესაც გაიგებენ რომ მათი შვილი განსაკუთრებულია. ყველა ერთმანეთს უყურებს და ბედნიერ ცხოვრებას სხვაგან ეძებს, მაგრამ ამას სხვა ვერ შემოგთავაზებს. შენით უნდა გახდე ბედნიერი, მოგინდეს იყო უკეთესი და არა საკუთარ თავზე შეყვარებული ინდივიდი.
ლილე ჩემს საწოლზე იწყვა, მე კი მუხლებზე დამდგარი ვუყურებდი და თითოეულ მის სახის ნაკვთს ვაკვირდებოდი. თითქოს ვცდილობდი შიგნით შევსულიყავი და გამეგო როგორ მუშაობდა მისი გონება, რა ესიზმრებოდა. რას ხედავდა და რაზე ფიქრობდა.
6-ის ნახევრისთვის მირანდაც მოვიდა.ძლივს დავითანხმე ლილეს გაღვიძებამდე, ყავა ჩემთან ერთად დაელია. ბევრ რამეზე ვისაუბრეთ: პრობლემებზე, შიშზე. უამრავ პასუხისმგებლობაზე , რომელიც მირანდამ ლილესთან ერთად დანარჩენ შვილების მიმართაც იგრძნო. იმის შესახებაც კი მიყვებოდა , თუ როგორი იქნებოდა მისი წარმოდგენით ლილეს ცხოვრება ,როცა თვითონ მის გვერდით აღარ იქნებოდა.
საუბარი ლილეს ტირილმა შეგვაწყვეტინა.
მირანდა ოთახიდან რომ გამოვიდა პატარას მჭიდროდ იკრავდა გულზე და მაისურს უსწორებდა.
– მიხარია, რომ ასე დამეგობრდით და რაც მთავარია ხელოვნური დამოკიდებულება არ გაქვს მის მიმართ. ეს მახარებს და მსიამოვნებს ,თორემ რამდენიმე საათით ყველაფერს აიტანს კაცი , როცა იცი რომ ეს მუდმივი არ არის.კიდევ ერთხელ გიხდი მადლობას, ნინი.
დავიბენი და გაუაზრებლად , ყოველგვარი აზრების გადამოწმების გარეშე ვუპასუხე.
-შეიძლება იმას გეუბნები რაც უკვე იცი, მაგრამ რატომღაც მგონია ,რომ ღმერთს ლილე ჩვენზე მეტად უყვარს და მეტად წყალობს მას.
ეს რომ ვუთხარი უკვე კარის ზღურბლთან იდგა. ამომხედა, რაღაცნარად ბავშვურად და გულახდილად გამიღიმა. ლილე როგორც იღიმოდა ძილში.
-იცი , როცა გაჩნდა მთელი ორი დღე მეტირებოდა. მესამე დღეს ,სიზმარში ღმერთი ვნახე. მაშინ 35 წლის ვიყავი და მანამდე მსგავსი არაფერი დამსიზმრებია.მას ლილესნაირი თვალ-წარბი და ღია ფერის თვალები ჰქონდა. მათმა შერწყმულმა სახემ საოცარი ძალით ამავსო . იმ დილას მშვიდად გავიღვიძე ,უკვე დარწმუნებული ვიყავი, რომ ჩემი ცხოვრების გზამკვლევი ისეთი ციცქნა არსება იქნებოდა , როგორიც ლილეა.
სანამ დამეძინებოდა , სულ ლილეზე ვფიქრობდი…. ხვალ, როგორც კი დღის სინათლე იმატებდა მაშინვე მოვუყვებოდი ლილეს შესახებ მსოფლიოს. მზის შვილების მიმართ დამოკიდებულების შეცვლაზე ერთით მეტი ადამიანი იზრუნებდა.
აი, ის ცნობილი ერთი წამი რომ არსებობს სიფხიზლიდან დაძინებამდე , სწორედ იმ გარდამავალ წამს გავიფიქრე ,რომ …. ლილე არ იყო ჩვეულებრივი ბავშვი, ის იყო არაჩვეულებრივი.
ნინი საბაური