fbpx

„მიუწვდომელი გულგრილობით აკეთებდნენ საკუთარ საქმეს“ – გიორგი კეკელიძე

ავტორი ჟოლო
22 ნახვა

მე ვიცნობდი ამ ქალებს. ქალებს, ტანზე დამწვარი რეზინის მომწარო სუნი რომ ასდიოდათ, როცა იხდიდნენ.ასეთი სუნი სხვისი ოფლის შეშრობისას იბადება. საკუთარ ოფლს ურევენ და ასე. სოფელში ჭუჭყიან ბავშვებსაც აქვთ, უცებ წვიმით როცა სველდებიან და შენთან ერთად, ძველი სახლის დაკენკილ სახურავს ეფარებიან – სანამ გადაიღებს.


მე ვიცნობდი ამ ქალებს. საბანს წევდნენ და ყოველ მორიგ კაცთან ისე წვებოდნენ, როგორც ქრონიკულად მწოლიარე ავადმყოფი მიუშვერს დაღლილ ვენას შვიდ საათში მეხუთე გადასხმის ნემსს. 40 მანეთი. ,,მასკვა’’. პუმები – ეს სტუმარ კაცებს. მუქზედიან, მსუქან და გამხდარ კაცებს. ხოლო ქალებს – ფეხებზე დაბერილი კაპილარები, გაბრაზებული კაპილარები, იქვე, წვივებთან რომ იკარგებოდნენ, როგორც შემთხვევით დაღვრილი წყალი მზეჩაქცეულ, მშიერ უდაბნოში.


არავინ იცის სად მიდიოდა ეს დინება. სად ახრჩობდა თავის სიბრაზეს. ამ ქალებს არასდროს უთქვამთ, რომ არ გაუმართლათ, რომ წუხელ მთელი ღამე ტიროდნენ და ამის ექოა თავლების სიწითლე, რომ უკეთეს ცხოვრებას იმსახურებდნენ, რომ ფულს აგროვებდნენ ევროპაში გასაქცევად, რომ ნორმალურ სამსახურს ეძებდნენ, თუნდაც იაფი ანაზღაურებით. აი, ბოზობით რომ დღეში აკეთებდნენ, იმდენით თვეში. ეს არასდროს უთქვამთ. მიუწვდომელი გულგრილობით აკეთებდნენ საკუთარ საქმეს, ცინიკურად ეწეოდნენ და საღამომდე უსიზმროდ ეძინათ. მაშინებდა ასეთი გულწრფელობა. დღემდე მაშინებს.


მე ვიცნობდი ამ ქალებს, ყველაზე საშიშ და ნამდვილ ქალებს. მერე სადღაც გაქრნენ, საკუთარი კაპილარებივით.ასეთი ქალები სკოლის ძველ, გამოსაშვებ ფოტოებში, ყოველთვის მეორე რიგში, შეძლებისდაგვარად მარცხნივ დგანან. თუ არ გჯერათ, გადადექექეთ ალბომები, ნუ დაფრთხებით, ვაითუ თქვენ იდგეთ..


გიორგი კეკელიძე

(,,ორი თავგადასავალი” მეორე ნაწილი გამოქვეყნდება saba.com.ge-ზე)

მსგავსი სტატიები

Leave a Comment