„ვისაც ეხება იქნებ იმის ყურამდე (თუ თვალამდე, თუ ტვინამდე) მივიდეს“ – წერს პაატა ცაგარეიშვილი სოციალურ ქსელში და ქართველი ვაჟკაცის მორიგ გმირობას ეხმაურება.
გუშინ თბილისში რომ შემოვედით დასავლეთის მხრიდან, ვიღაც „ქართველი ვაჟკაცი“ კვეთს 4 (თუ მეტ) ზოლიან ჩქაროსნულ მაგისტრალს მართობულად – განა რაიმე უსაფრთხოების ან მოძრაობის წესების დაცვით ან, ბოლოს და ბოლოს, ზოლიდან ზოლში უწესო გადასვლით, არა!!! ნაგლად, „ქართველ ვაჟკაცურად“…
არ ვიცი ეს „ქართველი ვაჟკაცის“ იდეა დავით გოგიჩაიშვილის იყო თუ ვისი იყო ტვ11-ზე რომ გადიოდა, მაგრამ ვინც ეს ვიდეოები მოიგონა, ის კაცი გენიოსია ამ სიტყვის ყველაზე კარგი გაგებით <3
…ხელით ვანიშნე რას აკეთებ მეთქი (ისე, უწყინარ-მეგობრულ-ლექტორული ჟესტით), სახლში რომ მივა იქნებ დაფიქრდეს რა სისულელე გააკეთა მეთქი.
თქვენი აზრით, როგორი რეაქცია უნდა ჰქონოდა ჩემს ამ მეგობრულ ჟესტზე? წესით ხომ ასეთი – „ვა ბოდიში, ვიცი რომ ვარღვევ მაგრამ ძალიან მეჩქარება“, „მადლობა რომ გამატარე“, „უკაცრავად, მოძრაობა გადავკეტე“ და რაღაც მსგავსი?
ნაცვლად ამისა, უცებ მიიღო „ქართველ ვაჟკაცური“ სახე, გახდა აგრესიული და ისეთ „შეტევაზე“ გადმოვიდა, თითქოს ჩვენ ვარღვევდით და ის პატიოსნად მიდიოდა.
თავი ვეღარ შევიკავე და მთელი ხმით ვაგინე თუ რაიმე გინება ვიცოდი, მიუხედავად იმისა, რომ ქალბატონი (დედაჩემი) იჯდა ჩემთან ერთად და მეტი თავშეკავება მმართებდა (აქვე მოვუბოდიშებ საჯაროდ).
…რა ვქნა, ადამიანი ვარ, ქუთაისიდან თბილისამდე ვითმინე „ტრაილერზემიწებებული“, „მოსახვევშიგამსწრები“, „შემთხვევითგადარჩენილი“ და ა.შ… ისეთ რისკზე წამსვლელი „ქართველი ვაჟკაცები“ სადაც ალბათ 3-5%- არსებობს გადარჩენის შანსი თუ შემხვედრი წამოვიდა.
ზუსტად არავინ იცის თუ რა იყო რაგბისტების ავარიის მიზეზი. ზოგი ამბობს „თავშიავარდნილი სპორტსმენების ბრალი იქნებოდაო“, ზოგი რას ამბობს და ზოგი რას.
მოდი ცოტა ხნით შევეშვათ „გამომძიებლობანას“ და „შერლოკ ჰოლმსობნას“ და შევეცადოთ მომხდარი ტრაგედია ვაქციოთ გაკვეთილად, რომ სხვა დროს არ დავღუპოთ სხვა ახალგაზრდა ცოლ-ქმარი, სხვა სპორტსმენები, იგივე ჩვენი მეგობრები, იგივე ჩვენი ოჯახის წევრები, შვილები, მშობლები, შეყვარებულები, მათი მიზნები, აუხდენელი ოცნებები და ა.შ.
P.S. ეს პოსტი ჩემს მეგობრებს არ ეხება (სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ არ ვმეგობრობ ასეთ „ვაჟკაცებთან“, თორემ ხომ პირდაპირ ვეტყოდი ამას ყველაფერს). ვინც ეთანხმებით ამ მსჯელობას, კი იცით რაც უნდა გააკეთოთ, რომ ვისაც ეხება იქნებ იმის ყურამდე (თუ თვალამდე, თუ ტვინამდე) მივიდეს.
P.P.S. თუ გვინდა ამ რაგბისტ მძღოლს (ამ კარგ ადამიანს და უნიჭიერეს სპორტსმენს) მდგომარეობა შევუმსუბუქოთ, ვფიქრობ ერთ-ერთი საუკეთესო გამოსავალია, თუ მომხდარი ტრაგედია გახდება ყველასთვის მაგალითი და როდესაც აქსელერატორს („გაზის პედალს“) ფეხს დავადგამთ, გაგვახსენდეს, რომ ფეხის ამ მარტივი მოძრაობით, შესაძლოა შევიწიროთ საკუთარი და სხვა ადამიანების სიცოცხლე, ჩვენი აუხდენელი ოცნებები, მიზნები და ა.შ. !!!