ადამიანი ხშირად გაურბის საკუთარ თავთან პირისპირ დარჩენას. ხშირად დისკომფორტია ეს. ვცდილობთ დავკავდეთ კითხვით, წერით, მუსიკის მოსმენით, ფიქრით, არაფრის კეთებით, ოღონდ არა საკუთარ თავთან შეხვედრით.
რა არის ის, რაც ესე გვბოჭავს, გვაშფოთებს და გვადარდებს?
წარმოსახვითი სავარჯიშოების დროს (და არა მარტო) პირდაპირ იკვეთება ის, თუ რას გავურბივართ, ის, თუ რა ხდება ჩვენში. ადამიანი შიშვლდება საკუთარ თავთან და თითქოს სრულიად უცხო ადამიანს ხვდება.
მზად ხარ კი ამისთვის? რამდენად საიმედო მეგზური გყავს? მზად ხარ სიახლისთვის, ძალების აღდგენისთვის, დამშვიდებისთვის? ეს ის არის, რაც გჭირდება?
ხშირია, როდესაც ადამიანს უჭირს გამოტყდეს, რომ სურს არეულობა, სტრესი, ქაოსი. ჩვენ ხომ გვასწავლეს, რომ სიმშიდეა კარგი?! ამიტომ გვიჭირს აღიარება. ჩვენ ხანდახან ჰაერივით გვჭირდება დისკომფორტი, დაძაბულობა.
რისთვის? ეს უკვე ინდივიდუალურია.
და ჩვენ ვატარებთ მაკიაჟს. ის, რაც არის რეალურად და ის, რაც გვინდა რომ დაინახონ, რათა მისაღები დავრჩეთ საზოგადოებისთვის.
ანასტასია ნათია მარღანია