მთელს მსოფლიოში ცნობილი შვეიცარიის ბანკები უჩვეულო პრობლემით არიან შეწუხებულები: მათ ასობით ანგარიში დაუგროვდათ, რომელთა მფლობელებსაც ნახევარ საუკუნეზე მეტია არ მიუკითხავთ საკუთარი ფულისთვის. თანაც თანხები სოლიდურია – 500 ფრანკიდან რამდენიმე მილიარდ დოლარამდე.
ისინი მზად არიან კანონიერ მფლობელებს გადასცენ ეს თანხები თუ პატრონი გამოჩნდება და დაადასტურებს გარდაცვლილ მეანაბრესთან ნათესაურ კავშირს. შესაბამისი კანონი შვეიცარიის პარლამენტმა მიიღო და 2015 წლის 1 იანვარს შევიდა ძალაში. მილიარდერების მემკვიდრეთა მოსაძებნად სპეციალური საიტიც შეიქმნა “dormantaccounts.ch”, რომელზეც ნებისმიერ მსურველს შეუძლია შეამოწმოს, მის რომელიმე წინაპარს 60 და მეტი წლის წინ ხომ არ ჰქონია ანგარიში ამ ქვეყნის რომელიმე ბანკში.
ამ დროისთვის მიუკითხავი დაბანდებების სიები 197 გვერდს შეადგენს. წინაპრის პოვნა, რომელმაც შესაძლოა ქონება დაგიტოვათ, შეიძლება ამ სიაში გვარის მითითებით, ასევე მთელი სიის უშუალო დათვალიერებით. თუ ჩათვლით, რომ იქ ნაპოვნ რომელიმე ანგარიშზე არსებულ თანხაზე გაქვთ უფლება, უბრალოდ უნდა დააწკაპუნოთ მაუსს იმ ადგილას და შესაბამისი ფორმა შეავსოთ.
წარმატებებს გისურვებთ- იქნებ მართლაც აღმოაჩინოთ უცნობი წინაპარი, რომელმაც დიდძალი თანხა დაგიტოვათ!
წყარო:
მოვლენები.ge