„ხანდახან მგონია, რომ უშენოდ ძალიან ცარიელი ვარ, მაგრამ მერე მივხვდები, რომ შენი არსებობა სულის სიღრმიდან მავსებს. მე ყოველთვის მთელი ვარ, შენ გარეშეც და შენიანადაც, რადგან მუდამ ხარ ჩემში და ვგრძნობ, შენც მუდმივად დამატარებ, სადაც და როგორც არ უნდა იყო.
ალბათ, ზღვაზე ყოველი გასვლისას, ამიტომ მესმის შენი ხმა ტალღებიდან. აქამდე მეგონა, ზღვა მელაპარაკებოდა, მაგრამ _ არა! შენს მივიწყებულ ჩურჩულს ვისმენ, შენი ნაჩუქარი კოცნები მელამუნება ფეხებზე…
გახსოვს, როგორი ჯადოსნური იყო ჩვენი ზღვაზე მოგზაურობა! ერთმანეთს შევფიცეთ, მილიონი წელიც რომ გასულიყო ჟაკის და უნას არსებობიდან, მაინც იქ მოვიწყობდით შეხვედრის ადგილს…
ალბათ, ამიტომ მიყვარს ზღვა და ამიტომ ვოცნებობ ზღვის პირას ცხოვრებაზე. მინდა, ტალღებს დავაბარო, შეგახსენონ ჩვენი პირობა, რომ ერთხელაც, შიშის ქალაქივით ნაცრისფერი ერთფეროვნებისგან დაღლილს, მომიახლოვდე და მითხრა სულ ორი სიტყვა: _ გამარჯობა, უნა…“
„სიზმრების ქალაქი“
ნატა თვალაძე
„სიზმრების ქალაქის“ პრეზენტაცია 12 აპრილს, 18:30 საათზე, მწერალთა სახლში გაიმართება.
„ეს იქნება ჩემი პირველი, დაბეჭდილი რომანი… ვიცი, ამის მერე ცხოვრება ფერს შეიცვლის, მეტად შეიღებება და დაემატება ისეთი ფერებიც, რომლებიც მანამდე არ მინახავს“– წერს სოციალურ ქსელში რომანის ავტორი ნატა თვალაძე და ჯერ კიდევ არდაბეჭდილი წიგნის თაყვანისმცემლებს, რომლებსაც პერიოდულად აცნობდა მთავარი გმირის უნას ისტორიებს, მწერალთა სახლში ეპატიჟება.
ნატა თვალაძე: „ულამაზეს დარბაზში, წითელი ღვინით, ვიოლინოს ჰანგებით, დათო ტურაშვილისა და გამომცემლობა “ინტელექტის” უსაყვარლესი ადამიანების გარემოცვაში, “სიზმრების ქალაქის” მთელი ჯადოსნურობითა და გაზაფხულის დაუვიწყარი საღამოთი დაგელოდებით …
როგორ მიხარია… როგორი მადლიერი ვარ თქვენი, რომ ძალას და მოტივაციას მაძლევდით“…