„არასოდეს ფოკუსირდეთ წარუმატებლობასა და მარცხზე, იქნება ეს პირადი ცხოვრებიდან თუ კარიერიდან გამომდინარე. ყოველთვის წინ იარეთ. ორიენტირდით მომავალზე, დაისახეთ მიზნები და იმოქმედეთ ამ მიზნების მისაღწევად“, – ამბობს სამოტივაციო ტრენერი და ბიზნესლედი მაია ხავთასი, რომელიც თავისი ბიზნესისა და წარმატების გზებზე საუბრობს და ჩვენს მკითხველს ბევრ საინტერესო რჩევასა და რეკომენდაციას აძლევს.
– მაია, როგორი იყო თქვენი პირველი ნაბიჯები და რა გზა გაიარეთ წარმატებამდე?

– რისიც მჯეროდა და რაც ყოველთვის ვიცოდი, არის ის, რომ არასოდეს არ უნდა გაჩერდე. მუდამ წინ უნდა იარო შენი წარმატებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ოჯახი ცხრამეტი წლისამ შევქმენი და ოცი წლისას უკვე შვილი მყავდა, სწავლა არ შემიწყვეტია. ვაზისუბნიდან სოლოლაკში პატარა ბავშვით მივდიოდი ყოველდღე, რომ დედასთვის ბავშვი დამეტოვებინა, ორი ტრანსპორტის გამოცვლა მიწევდა. მერე ინსტიტუტში გავრბოდი, ისევ ვბრუნდებოდი ბავშვის წამოსაყვანად და ასე გავდიოდი ამ გზას ყოველდღე კენგურუში ჩასმული სამი თვის ჩვილით. ყოველთვის მჯეროდა, რომ სწავლა-განათლება თავის შედეგს გამოიღებდა. და ასეც მოხდა.
– მაია, როგორც ვიცი, ფინანსების კუთხით მრავალწლიანი გამოცდილება გაქვთ, რა პროფესიის ხართ?
– პროფესიით ფინანსისტი და ბიზნესადმინისტრატორი ვარ. ვფლობ რამდენიმე სახის ბიზნესს და პირადად ვარ ჩართული ჩემი ბიზნესების მართვაში. წლების განმავლობაში რამდენიმე კომპანიის ფინანსური დირექტორი ვიყავი, ასევე – ერთ-ერთი მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მთავარი ბუღალტერი. ამგვარად, შეიძლება ითქვას, რომ ფინანსების კუთხით მართლაც მრავალწლიანი გამოცდილება მაქვს.
– რა იყო თქვენი პირველი ბიზნესი, რითაც საქმიანობა დაიწყეთ?
– ჩემი პირველი ბიზნესი აქსესუარების ონლაინმაღაზია იყო. ვიწერდი სათვალეს, საათებს, ჩანთებს, ფეხსაცმელს და ვყიდდი ონლაინ. საკმაოდ ხარისხიანი, ბრენდული ფეხსაცმელი ჩამომქონდა და შეკვეთაც ბევრი მქონდა. მაშინ არ იყო ამდენი სავაჭრო ცენტრი და არც ასე ადვილად არ იყიდებოდა ბრენდები. ამიტომ იმ დროისთვის ეს წარმატებული ბიზნესი გახლდათ. ამის შემდეგ იყო ტრენინგცენტრი „წარმატების აკადემია“, მერე – ლაზერული ეპილაციის კაბინეტი, ახლა კი საკუთარი ესთეტიკის ცენტრი გვაქვს და ესთეტიკური აპარატების რეალიზაციასაც ვეწევით.
– როგორი იყო ბიზნესისკენ მიმავალი გზა? იყო თუ არა მარცხი და დაბრკოლებები ამ გზაზე?
– თავისუფალ უნივერსიტეტში ბიზნესის ადმინისტრირება მეორად პროფესიად შევისწავლე. მენეჯმენტის ერთ-ერთი ლექტორი ყოველთვის გვეუბნებოდა: თუ გინდათ, რომ რაიმე ბიზნესიდეა განახორციელოთ, დაინახეთ, რისი საჭიროებაა ბაზარზე და იმის მიხედვით იმოქმედეთო. ეს სასარგებლო რჩევა გონებაში ღრმად ჩამებეჭდა და ბაზარს ყოველთვის ვაკვირდებოდი, რაზე იყო იმ მომენტისთვის მოთხოვნა. თუნდაც ის, რომ ახლა სათვალისა და ფეხსაცმლის ბიზნესს აღარ ვაკეთებ, ზუსტად იმის გამოა, რომ ონლაინმაღაზიის მოთხოვნა ბაზარზე ნაკლებია, რადგან ძალიან ბევრი მაღაზიაა საკმაოდ ხელმისაწვდომი ფასებით. ერთადერთი, რამაც არ გაამართლა და მარცხი ვიგემე, ეს იყო მაღაზია ბავშვების ხაზით, რომელიც მე და ჩემმა მეგობარმა გავხსენით. ვფიქრობ, იმის გამო არ გაგვიმართლა, რომ საკმარისად ჩართულები არ ვიყავით. როცა საქმეს ყურადღებას ვერ აქცევ და მასში ბოლომდე არ ხარ, ის საქმე არ გაამართლებს. თუ გინდა, რომ ბიზნესი წარმატებული იყოს, ყოველდღე პულსზე უნდა გედოს ხელი და ყოველდღიურ მართვასა და მენეჯმენტში უნდა მონაწილეობდე.

– მაია, წლების განმავლობაში ფინანსური კუთხით სამოტივაციო ტრენინგების ავტორიც იყავით, აგრძელებთ ისევ ტრენინგებს?
– არა, სამწუხაროდ. არ ვიცი, ეს პაუზაა თუ უბრალოდ დროის უკმარისობა. ყველაფერს ერთდროულად ვერ ვწვდები. მინდა, რომ ჩემი მიმდინარე საქმეები ბოლომდე დავაბალანსო. ამ ეტაპზე არც დრო მაქვს და არც მოთხოვნილება იმისა, რომ ისევ ტრენინგები ვატარო.
– მაშინ აქ შევთავაზოთ მკითხველს მინიტრენინგი და ვუთხრათ, როგორ უნდა ვისწავლოთ ფინანსების სწორად მართვა, რა არის ამისთვის საჭირო?
– პირველ რიგში, აუცილებელია, ორიენტირებულები ვიყოთ შემოსავლის ზრდაზე, იქნება ეს პროფესიის თუ ბიზნესის კუთხით.
1. უნდა გავზარდოთ შემოსავალი;
2. აუცილებლად ვაკონტროლოთ ხარჯები, გვაქვს თუ არა არამიზნობრივი და ნაკლებად საჭირო ხარჯები;
3. უნდა ვისწავლოთ ჩვენი შემოსავლიდან დანაზოგის გაკეთება. ყველაზე მარტივი, რასაც მე თვითონ ვიყენებ, არის ის, რომ ყოველი ტრანზაქციიდან ანაბარზე გადავიდეს თანხა. 2, 5, ან 10 ლარი, რამდენის საშუალებაც გვაქვს. იმ მომენტში 1-2 ლარი ჩვენთვის არაფერს ნიშნავს, მაგრამ, საბოლოო ჯამში, თვეებისა და წლების შემდეგ ის საკმაოდ დიდ თანხად იქცევა. დანაზოგის პროცენტი აუცილებლად უნდა გავზარდოთ შემოსავლების პროპორციულად.
– მაგრამ არიან ადამიანები, რომლებსაც დაბალი შემოსავლები აქვთ და იტყვიან, რომ არ შეუძლიათ დანაზოგის გაკეთება, რას ეტყოდით მათ?

– უნდა გაზარდონ შემოსავლები. პირველი რიგში, გაზარდონ საკუთარი თავი პროფესიული კუთხით. აიმაღლონ ცოდნა და გამოცდილება. მე, მაგალითად, თავისუფალ უნივერსიტეტში სწავლის კურსის საფასური საკრედიტო ბარათიდან გადავიხადე, რადგან საკმაოდ ძვირი ღირდა და ერთიანად გადახდა რთული იყო. მერე იმ საკრედიტო ბარათს ხელფასიდან 10-12 თვე ვფარავდი.
თუ ადამიანს განვადებისთვის ან დასვენებისთვის შეუძლია ყოველთვიურად ხელფასიდან გადაიხადოს თანხა, მაშინ ეს ყველაფერი, პირველ რიგში, საკუთარი ცოდნისა და განათლებისთვის უნდა გააკეთოს. შეიძლება ბიზნესში სულაც არ იყოს ადამიანი ჩართული, მაგრამ თავისი პროფესიით გადაემზადოს და მაღალანაზღაურებადი გახდეს იმის გამო, რომ კონკრეტული სერტიფიცირება გაიარა. მერე უკვე მარტივად შეძლებს აქედან დანაზოგის გაკეთებას.
– ანუ დღევანდელი ყოფიდან გამომდინარე, სწორი ქმედების შედეგად ყველას შეუძლია მიაღწიოს ფინანსურ დამოუკიდებლობას?
– მე თუ შემიძლია, შეუძლია ყველას. ყველა ადამიანი ნიჭიერია, ყველას აქვს თავისი ნიჭი და პოტენციალი. თუ თავის პოტენციალს გააღვივებს, აუცილებლად შეძლებს ყველაფერს. მე და ჩემმა მეუღლემ ფინანსურ დამოუკიდებლობას მივაღწიეთ იმის ხარჯზე, რომ ვისწავლეთ ფინანსების სწორად განკარგვა, დანაზოგის გაკეთება და მერე უკვე ინვესტირება ბიზნესში. საკმაოდ მაღალანაზღაურებადი სამსახური დავტოვეთ მეც და ჩემმა მეუღლემაც და მაქსიმალურად ვართ ჩართულები საკუთარ ბიზნესში.
– რა უშლით ადამიანებს ხელს მიზნისა და წარმატების მიღწევაში?
– გადაწყვეტილების მიუღებლობა. რწმენა იმისა, რომ არ გამოუვათ, რომ შესაბამისი ნიჭი და გამოცდილება არ აქვთ. როცა პროფესიით ვმუშაობდი, იცით, რაზე ვიყავი ორიენტირებული?! ვაკანსიების საიტზე შევდიოდი და ვნახულობდი, რა მოთხოვნა ჰქონდა კარგ კომპანიას, კარგ დამქირავებელს, რომელიც მაღალ ანაზღაურებას იხდის ჩემს პროფესიაში. მერე ვცდილობდი, რომ იქ ჩამოთვლილი კრიტერიუმები დამეკმაყოფილებინა. კურსი იყო გასავლელი, სერტიფიცირება იყო საჭირო თუ რაც იყო, ყველაფერს გავდიოდი, რადგან შემდეგ, როცა რეზიუმეს გავაგზავნიდი, იმ კრიტერიუმებში ჩავმჯდარიყავი. ვსწავლობდი იმაზე მეტს, ვიდრე საჭირო იყო. ჩემი ინიციატივით ვისწავლე სახელმწიფო ტენდერების გაკეთება, სად და როგორ უნდა ამეტვირთა, რა დოკუმენტაციები იყო ამისთვის საჭირო. სადაც ბოლოს ფინანსურ დირექტორად ვმუშაობდი, ჩემი ინიციატივით ავიღე ეგ ხაზიც და პირველივე წელს თერთმეტი სახელმწიფო ტენდერი მოვიგე. ზუსტად იმის ხარჯზე, რომ ვისწავლე, გადავემზადე… მარკეტინგის კუთხით უამრავი ტრენინგი მაქვს გავლილი იმის გამო, რომ კომპანიისთვის მარკეტინგული რჩევები მიმეცა გაყიდვების კუთხით. როცა სამსახურში ის ადამიანი ხარ, ვისაც დირექტორატი ან დამფუძნებლები რჩევას ეკითხებიან, მერე არ არის მარტივი შენი ჩანაცვლება. ყოველთვის უნდა ეცადო, რომ შეუცვლელი კადრი გახდე.

– საქართველოში აქცენტი ძირითადად იმაზე კეთდება, რომ ქვეყნის საერთო ფონი ძალიან მძიმეა და რომ აქ ვერასოდეს ვერაფერს მიაღწევ, რის გამოც ბევრი ქვეყანას ტოვებს. გისმენთ და საპირისპიროში ვრწმუნდები, თურმე აქაც შეიძლება ბევრი რამის გაკეთება.

– ის თანამშრომლები, რომლებიც პირადად მე მყავს დაქირავებული, დღეში 100-150 ლარს გამოიმუშავებენ. თვითონაც მოტივირებულები არიან, ხარისხიანად მუშაობენ და კარგად ემსახურებიან მომხმარებელს. თვიურად მათ საკმაოდ მაღალანაზღაურებადი შემოსავალი გამოსდით. ამის შემდეგ როგორ გინდა თქვა, რომ საქართველოში არ შეიძლება პატიოსანი შრომით მიიღო შემოსავალი, როცა ესთეტიკის ცენტრში ჩემი რიგითი თანამშრომელი არის მაღალანაზღაურებადი? ამ მოცემულობასა და რეალობაში თუკი ვიღაცას შეუძლია, პატიოსანი შრომით მაღალი ანაზღაურება ჰქონდეს, ე.ი ქვეყანაში არსებობს ამის პოტენციალი.
იყო წლები, როცა ბიზნესი საერთოდ არ კეთდებოდა ქვეყანაში. ახლა სულ სხვა მოცემულობაა. ბიზნესსფეროები ვითარდება, შენ თვითონაც შეგიძლია საქმე კრედიტით დაიწყო. საკრედიტო მხარე ბანკების კუთხით ძალიან კარგად არის განვითარებული. ჩვენ რომ ლაზერის პირველი კაბინეტი გავაკეთეთ, ლაზერის აპარატი სესხით ვიყიდეთ. ერთ-ერთ სალონში კაბინეტი ვიქირავეთ და ასე დავიწყეთ ამ სფეროში მოღვაწეობა. მერე უკვე, როცა საქმეში კარგად ჩავიხედეთ და ყველაფერში გავერკვიეთ, მომწოდებლებთან ჩავედით და კონტრაქტებიც გავაფორმეთ. შემდეგ ჩვენვე გავხდით რეალიზატორები. ახლა უკვე პლატინიუმ რეალიზატორები ვართ. ამით იმის თქმა მინდა, რომ სესხითაც შეიძლება დაიწყო, ნულიდანაც, მაგრამ ისე არ არის, რომ ამ ქვეყანაში ან ბიზნესი არ კეთდებოდეს ან შემოსავლები არ ჰქონდეთ ადამიანებს.
– მაინც რა არის საჭირო იმისათვის, რომ წარმატებულები გავხდეთ?
– პირველ რიგში, რწმენა და განწყობა იმისა, რომ წარმატებას მიაღწევ. არა აქვს მნიშვნელობა, რომელ ქვეყანაში ხარ, რომელი მთავრობაა. თუკი მე შევძელი და სხვამ შეძლო, ე.ი. არსებობს პოტენციალი, რომ ნებისმიერი მონდომებული ადამიანი შეძლებს. გარდა ამისა, დაბრალებასა და მიზეზების ძებნას ყველამ უნდა დაანებოს თავი და უნდა ეძებოს გზები, როგორ უნდა მივიდეს წარმატებამდე. არ არსებობს, ადამიანს რამე ნიჭი რომ არ ჰქონდეს. ჩაუღრმავდნენ საკუთარ თავს, ჩამოწერონ, რა გამოსდით კარგად, რა შეიძლება განავითარონ, რაში შეიძლება დაიხვეწონ, რა სფეროში შეიძლება ჩაერთონ და ა.შ. მაღალი ხარისხის პროფესიონალი ნებისმიერ სფეროში დაფასებულია.
– მინდა, იმ ბიზნესზეც ვისაუბროთ, რომელიც დღეს თქვენ და თქვენს მეუღლეს გაქვთ.



– კი, ბატონო. ჩვენ გვაქვს ორი ტიპის ბიზნესი. პირველი – ესთეტიკური აპარატურის ჩამოტანა, მონტაჟი და რეალიზება; მეორე – ესთეტიკური მომსახურება. რაც შეეხება ამ სფეროებს, აქაც მაქსიმალისტი ვარ და ვცდილობ, მაღალ დონეზე მოვემსახურო მომხმარებელს. მათ, ვინც აპარატები ჩვენთან შეიძინა, რეკლამიდან დაწყებული, საგადასახადო საკითხებით დამთავრებული, კონსულტაცია თავად უნდა გავუწიოთ. მაქსიმალურად დავაკვალიანოთ, როგორ უნდა მოიქცნენ და დაარეგისტრირონ, როგორ გააკეთონ სწორად რეკლამები სოციალურ ქსელში, რომ მეტი მომხმარებელი მიუვიდეთ. მერე დისტრიბუტორებს ვაკავშირებთ, რომ ყველაფერი საბითუმო ფასებში აიღონ. ფაქტობრივად, ნულიდან ვაწყებინებთ საქმიანობას და მაქსიმალურ მომსახურებას ვუწევთ. გარდა ამისა, რადგან ბევრმა მომხმარებელმა იყიდა ჩვენგან აპარატი, მისი ნაწილები ჩამოვიტანეთ და დავასაწყობეთ. თუკი საჭიროება მოითხოვს, მომხმარებელს პროცესი რომ არ გაუჩერდეს, ჩვენ თვითონ გამოვუცვლით მაშინვე. აი, ასე სიღრმისეულად მივუდექით ამ საკითხს.
– რაც შეეხება ესთეტიკის სფეროს, როგორც ვიცი, მრავალფუნქციურია. რა მომსახურებას სთავაზობთ მომხმარებლებს?
– Beauty Palace Tbilisi-ში გვაქვს 2022 წლის თანამედროვე აპარატურა. ტარდება ცხიმის დამშლელი პროცედურა, ლაზერული ეპილაცია, გვაქვს კავიტაციის პროცედურა, რომელიც ცელულიტისთვის ძალიან კარგია, ასევე, ვაკუუმთერაპია კუნთებისთვის, რომელიც ქალბატონების ფორმებს ალამაზებს. გვაქვს განსხვავებული მომსახურება იმ კუთხით, რომ გვყავს ექიმი პოდოლოგი, რომელიც სოკოვან და ჩაბრუნებულ ფრჩხილზე აკეთებს პედიკიურს და კურნავს მას. ვართ ორიენტირებულები მაღალ ხარისხზე, რომ მომხმარებლისთვის ფასებითაც და ხარისხითაც მიმზიდველები ვიყოთ. არ ვზოგავთ დროსა და ენერგიას, რაც მანუალით არის გაწერილი, იმაზე მეტ დროს ვხარჯავთ თითოეულ მომხმარებელზე.
– ის რომ ბიზნესი, კარიერა და პირადი ბედნიერება ერთდროულად არ მიიღწევა, მითია?
– მე და ჩემი მეუღლე ვამსხვრევთ ამ მოსაზრებას. იცით, პირადი ცხოვრება როდის არის წარმატებული? როცა ორი ადამიანი ერთი მიმართულებით იყურება. მაქვს ასეთი ტერმინი – ჩვენ ორი უკვე ძალა ვართ. არის რაღაც ძლიერი მხარე, რომელიც მე მაქვს და არის ძლიერი მხარე, რომელიც ჩემს მეუღლეს აქვს. მე მის გარეშე ამ ბიზნესს ვერ გავაკეთებდი და ალბათ ვერც ის – ჩემ გარეშე. მე მაგალითად, არ შემიძლია ტექნიკური მომსახურება გავუწიო ჩვენს მომხმარებელს, არ შემიძლია უცებ გავიქცე სხვადასხვა ქალაქსა თუ რეგიონში და ფილტრი გამოვუცვალო აპარატს… ბევრი რამ ჩემმა მეუღლემ საკუთარი ხელით გააკეთა. აი, ამ კუთხით არის ჩემი მეუღლე ბიზნესში ჩართული. მე კიდევ – გონებრივი და მარკეტინგული კუთხით. ასე ვაბალანსებთ ერთმანეთს.
როცა წყვილი ერთი მიმართულებით იყურება და საერთო მიზნები ამოძრავებს, ბევრად მარტივია, ბიზნესი წარმატებულად გააკეთო და პირადი ცხოვრებაც ჰარმონიულად ააწყო.
– რას ეტყოდით იმ ადამიანებს, ვისაც ბიძგი და მოტივაცია სჭირდებათ ცხოვრებაში.
– არასოდეს არ ფოკუსირდეთ წარუმატებლობასა და მარცხზე, იქნება ეს პირადი ცხოვრებიდან თუ კარიერიდან გამომდინარე. ყოველთვის წინ იარეთ. ორიენტირდით მომავალზე, დაგეგმეთ მომავალი, დაისახეთ მიზნები და იმოქმედეთ ამ მიზნების მისაღწევად. არასოდეს ჩავარდეთ საგონებელში, ნუ მიეცემით უიმედობას იმის გამო, რომ ოდესღაც მარცხი განიცადეთ, ყველაფერი რაღაცისთვის ხდება, რახან ღმერთმა ჩვენზე ეს დაუშვა, ე.ი. ასეც იყო საჭირო. ურთიერთობებში განწყობას დიდი მნიშვნელობა აქვს. სადაც მიმუშავია, ყოველთვის მეუბნებოდნენ, ჩვენი მზე ხარო.

არ აქვს მნიშვნელობა, სად მუშაობ და რა პოზიციაზე, როცა განწყობა და ჰარმონია შეგაქვს, ყველას უნდა შენთან ურთიერთობა. მეგობარი იქნება ეს თუ კოლექტივი. თუ შენ თვითონ დათრგუნული ხარ და ნეგატიურ განწყობას გადასცემ სხვებს, რაც არ უნდა მაღალი დონის პროფესიონალი იყო, არა მგონია, ვინმეს შენთან მუშაობა მოუნდეს. მთავარია მიმღებლობა, განწყობა და პოზიტივი. გარდა ამისა, არ დაგავიწყდეთ მადლიერების გამოხატვა.
როცა მადლიერებაზე კონცენტრირება დავიწყე და მადლობას გამოვთქვამ ყოველდღე იმის გამო, რაც მაქვს, ამის შემდეგ ჩემს ცხოვრებაში ნაკლები ძალისხმევით უფრო მეტი დადებითი და კეთილი საქმე კეთდება. მადლიერება უმნიშვნელოვანესი და უმარტივესი რამ არის, რაც ადამიანმა უნდა გააკეთოს წინსვლისთვის.
თუკი აგრესიას მადლიერებით შეცვლი და თითოეულ ადამიანში დაინახავ იმ დადებით მხარეებს, რაზედაც სამადლობელი გვაქვს ჩვენ, არამარტო ჩვენი ქვეყანა, ალბათ, მთელი სამყარო შეიცვლება.
ნინო გონგაძე
დეა თავბერიძე