დიდი ხნის წინ დაწყებულ წარმატებულ საქმეს, წლების წინ ერთ-ერთ მოდის კვირეულზე დიდი აღიარება მოჰყვა… მას შემდეგ არ გაჩერებულა და ის ბედნიერება და სიხარული, რომელიც წილად ერგო ბევრს გადაუნაწილა, ასე აგრძელებს დღესაც…
ინტერნეტ სახელოსნო Nanuka Art Leather Art უკვე ბევრისთვის განტვირთვის ადგილად იქცა. განტვირთვასთან ერთად აქ სიამოვნებასაც აგემოვნებ, რასაც ბევრ სხვა დეტალთან ერთად ფერთა ჯადოსნური თამაში გიქმნის.
ამიტომაც შეარქვეს ალბათ მის შემქმნელს ფერთა მპყრობელი და სილამაზის ჯადოქარი ….
„ჩვენში იმდენი ფერია რამდენი ფერიც სამყაროში, მთავარია აღმოაჩინო და გააფერადო სხვების სამყაროც“ – ამბობს დიზაინერი ნანუკა ჩხეიძე და ამ ონლაინ სახელოსნოში მოხვედრილი ხვდები, რომ ეს მას ყველაზე კარგად გამოსდის.
ამიტომაც მის გემოვნებას მიყვები და სასურველ და ორიგინალურ აქსესუარს ერთად არჩევთ, მერე კონსულტანტი ამანათს ადგილზე გიგზავნის და ძალიან მალევე იმ საოცარი ენერგიით იმუხტები, რომელიც Nanuka Art – ის ხელნაკეთ ნივთებს თან მოჰყვება… ამ ბრენდის თითოეული ნამუშევარი იმითაც გამოირჩევა რომ ექსკლუზიურია…
პირველადი პროფესიით ნანუკა სტომატოლოგია, ამ სფეროშიც იმუშავა, მაგრამ ერთხელაც მიხვდა რომ საერთოდ არ უნდოდა სტომატოლოგობა…
ხელოვნებამ ბავშვობიდან გაიტაცა… ხატავდა, წერდა, ორიგინალურ ფოტოებს იღებდა… მერე თავისი სამყარო შექმნა და ამ სამყაროში ნელ-ნელა სხვებიც შეიყვანა…
30 წელია ტყავზე მუშაობს… ნიჭმა, გამოცდილებამ და პრაქტიკამ თავისი გააკეთა და როგორც გითხარით რამდენიმე წლის წინ მოდის კვირეულზე ქართველი და უცხოელი სტუმრებისგან დიდი მოწონებაც დაიმსახურა, რამაც იმდენად მოტივირებული გახადა, რომ მალევე ხელნაკეთი ნივთებისა და ორიგინალური აქსესუარების რამდენიმე საინტერესო კოლექციაც შექმნა… მას შემდეგ შეუჩერებლივ შრომობს…
ძირითადი მიმართულება ჩანთებია, რომლის შექმნაში მასალათა მიქსს იყენებს – ბამბუკი, ტყავი, ლითონი, ხე და ბუნებრივი ქვები. ასევე ქმნის განსხვავებულ ქამრებს. ბეჭდებს, ყელსაბამს, სამაჯურს, საყურეს. საავტორო ნახატებით აბრეშუმის შარფებს… მომხმარებელს ექსკლუზიურ საოჯახო ალბომს სთავაზობს საუკეთესო მოგონებების შესანახად და სახლის დეკორს იმ ქალბატონებს, რომლებსაც ოთახების ლამაზად და მყუდროდ მოწყობა უყვართ.
– რა შთაგაგონებთ?
– ძალიან უცნაურია ეს გრძნობა. არ იცი, საიდან მოდის ან როდის მოვა, თუმცა ბუნება გვკარნახობს და გვაწვდის იდეას. ადამიანს, ჰგონია რომ თავად ქმნის რამეს, არადა ყველა დეტალი უმცირესი ნაწილაკიდან გალაქტიკებამდე უკვე არსებობს და შექმნილია. ჩვენ უბრალოდ მრავალმხრივ ვაკოპირებთ მას…
– ამ “მრავალმხრივ დაკოპირებასაც” ნიჭი უნდა … თქვენ ხელოვნების ნიმუშებს ქმნით და ამით აბედნიერებთ სხვებს… ხელოვნების გარეშე ცხოვრებას შეძლებთ?
– ვერა… ამას მაშინ მივხდი, როცა ავადმყოფობის გამო სამი თვე საწოლიდან თითქმის ვერ ვდგებოდი. ყველაზე მეტად რაც მაწუხებდა და მაკლდა, ჩემი საყვარელი საქმე იყო. როგორც კი ფეხზე დადგომა და ოდნავ სიარული შევძელი, საქმის კეთებას შევუდექი… ამან გადამარჩინა… ამის შემდეგ მიზნად დავისახე საყვარელ საქმეს ყოველდღე ვემსახურო და ლამაზი ნივთების შექმნით ბედნიერება გარშემომყოფებსაც მოვუტანო.
– თქვენთვის რა არის ბედნიერება?
– ვიღაცისთვის ბედნიერება არის ბრილიანტები, ქურქები და სხვა საგნები რომელსაც როდესმე მიწა შეჭამს … ვიღაცისთვის წარმატება, ოჯახი, კარიერა , მოგზაურობა… ვიღაცისთვის ხელოვნება და მისი თავგანწირული მსახურება…
არადა ბედნიერება ისეთი უბრალოა და მარტივი…
ზიხარ შენთვის ჩუმად, თუნდაც გულნატკენი, დაღლილი გათელილი ბალახივით … მერე გადახედავ გვერდით გიზის ზუსტად ბედნიერება რომელსაც ხშირად აყურადებ სუნთქავს თუ არა და ხვდები რომ ღმერთმა მასთან ერთად გატარებული კიდევ ერთი დღე გაჩუქა … გული მადლიერებით გევსება, ცას ახედავ და ხვდები რომ მართლაც უსასრულო სიყვარულია ღმერთი და ენით გამოუთქმელი სიკეთე …
ჩემისთანა ადამიანებისთვის ბედნიერება უკვე პატარა თბილი ქოხია, წინ ტბა რომ ლივლივებს და უკან ტყეა … ახლად ამოწვერილი ლორთქო ბალახი… გაზაფხულზე აფეთქებული ტყემლები და სამშობლოში დაბრუნებული მერცხლების ჟღურტული… მზის ამოსვლა მთის კენწეროზე და ზღვაში ნელ-ნელა ჩამავალი დაისი… მოგონებებივით ტკილმწარე ყავა ძველ მეგობრებთან და ბავშვობის გახსენება, სადაც ბებიას ბებო ერქვა და მისი დამჭკნარი შრომით დაღლილი ხელებით გამომცხვარი ხაჭაპური ყელაზე გემრიელი იყო … ბედნირება ყველას თავისი აქვს, მაგრამ ყველაზე ყველაზე დიდი ბედნიერება შენი ძვირფასი ადამიანების კარგად ყოფნაა და მათი უანგარო სიყვარული.
იყავით მუდამ ბედნიერები და სხვასაც მიანიჭეთ ეს განცდა სულ მცირედით მაინც…