fbpx

“ბავშვობიდანვე მინდოდა დამეწერა დეიდასათვის სამადლობელი წერილი”…

ავტორი ჟოლო
539 ნახვა

ღამეა. სახლში მარტო ვარ . ერთ პატარა ხის სახლში ვცხოვრობ. ყოველ დილით გავდივარ ტყეში და შეშას ვჩეხ. მერე ტომარაში ვაწყობ, ვიდებ მხარზე და შინ ვბრუნდები. მამამ მასწავლა ცეცხლის დანთება. შევუკეთებ ბუხარს და ვანთებ ისეთ ცეცხლს,რომელსაც მარტოსულობაზე მოფიქრალი ადამიანის გულიც კი შეუძლია გაათბოს. თუმცა, ქრისტეშობის ღამეს, ადამიანი არასდროს გრძნობს მარტოობას; ამ ჯადოსნურ ღამეს დადექი ვარსკვლავებით მოჭედილ ფანჯარასთან, დახუჭე თვალები და დაელოდე, სანამ ერთი ვარსკვლავი ჩამოცურდება და აუცილებლად გულში ჩაგივარდება.

ვზივარ ჩემს საწერ მაგიდასთან და ბუხარში მოგიზგიზე ნაკვერჩხლები ათბობენ სახლს. ბავშვობიდანვე მინდოდა დამეწერა დეიდასათვის სამადლობელი წერილი, რადგან, პირველად, სწორედ მაშინ აღმოვაჩინე სამყაროში კეთილი ადამიანები, როდესაც დეიდა სოფელ ფოცხოდან ჩვენთან სტუმრად ჩამოვიდა. ჩამოვიდა სოფლიდან, რომელიც იყო ყველაზე მიუვალი სოფელი ქვეყნად.ეს მხარე რამდენიმე ადამიანით იყო დასახლებული მხოლოდ და, ალბათ, ამიტომ იყვნენ აქაურები ძალიან სევდიანები. დეიდაზეც იმავეს ამბობდნენ – მოწყენილი ქალიაო, მაგრამ მე ვფიქრობდი, რომ დეიდა იყო ყველაზე საყვარელი ადამიანი მთელ სამყაროში.

არაერთხელ დამიწერია, რომ ჩემს ოჯახს ეკონომიურად ძალიან უჭირდა და ამიტომ მამაჩემის სვიტერს ვიცვამდი სკოლაში. ამის გამო კლასელები ხშირად ჩურჩულებდნენ ერთმანეთთან და ჩემთან არ მეგობრობდნენ. დიახ, ბავშვებმა იციან დაცინვა გარეგნობისა და ჩაცმულობის გამო. სამწუხაროდ, არც მე გამიმართლა და იმ ბავშვების სიაში აღმოვჩნდი,რომლებიც თავს მარტოსულად გრძნობენ სკოლაში.

დეიდამ თოკზე გადაფენილი მამის ნაქონი ჩემი სვიტერები და პიჯაკები რომ შეამჩნია, თვალები ცრემლით აევსო. ეტყობოდა, გულდამძიმებული ათვალიერებდა თოკზე გადაფენილ სამოსს, მაგრამ სახლში რომ შემოვიდა, საოცარი სითბო დატრიალდა ჩვენს მოწყენილ ქოხში. ჯერ მთელი სახლი დაასუფთავა, მერე კი მე და ჩემს ძმებს გემრიელი ვახშამი მოგვიმზადა. მოგვიანებით ჩვენთან ერთად მოიარა სოფლის ტყეები. დაკრიფა ასკილი,შეაგროვა ძირს ჩამოყრილი წაბლი და ფრთხილად ჩამოკრიფა ფოთლებგაცვენილ ხეებზე შერჩენილი კარალიოკი. საღამოს, ვახშმობის შემდეგ, მე გაკვეთილების სწავლა განვაგრძე, დეიდა კი ქსოვას შეუდგა და რამდენიმე ღამე მუშაობდა შეუსვენებლივ.

ჩავწვებოდი ლოგინში,მაგრამ საბანს თავზე აღარ ვიფარებდი, დეიდას ვუყურებდი და ისე ვიძინებდი. მთელი ღამე მესმოდა, როგორ ატრიალებდა საქსოვ ჩხირებს სასიამოვნო მელოდიურობით და მიუხედავად იმისა, არასდროს მომესმინა ჯადოსნური ზღაპარი, ვიცოდი, დეიდა ნამდვილ საშობაო ზღაპარს ქსოვდა ჩემთვის. გამეღვიძებოდა შუაღამისას. ბუხარში ისევ გიზგიზებდნენ ნაკვერჩხლები. გარეთ,

ალბათ, ბარდნიდა, რადგან ფანჯარაში შემომავალი შუქი ანათებდა ოთახს. სამი დღე და ღამე შეუჩერებლად ქსოვდა დეიდა. აბრეშუმისა და შალის ძაფებთან ერთად, მეგონა, ფაფუკ თოვლსაც ურევდა თავის ნახელავს. სწორედ მესამე დღეს, შობის დღესასწაულზე დაასრულა ქსოვა. თვალი რომ გავახილე, სკამზე ულამაზესი, თეთრი, ფაფუკი სვიტერი დამხვდა გადაფენილი.აქვე იყო ლურჯი შალის ძაფისგან ნაქსოვი ქვედა კაბა და ასევე ძალიან მუქი ლურჯი ჟილეტი. ნამდვილი მწერალიც რომ ვიყო, ზუსტად ვერ აღვწერ, როგორი ტანსაცმელი მოქსოვა დეიდამ ჩემთვის, რადგან შეუძლებელია, ზუსტად გადმოსცე პატარა, სოფლელი გოგონასათვის მოქსოვილი ტანსაცმლის სილამაზე. მე ამაზე დიდი საოცრება არც მანამდე და არც მერე არსად არასდროს მინახავს. მას შემდეგ აღარაფერს გაუხარებია ასე ძალიან ჩემი ღარიბი გული. საწოლიდან წამოვხტი და ფეხშიშველამ მივირბინე დეიდასთან. რამდენჯერმე მოვეხვიე. ჩავიცვი ახალი ტანსაცმელი, თმები მხრებზე ჩამოვიშალე და ეზოში გავიქეცი. ფიფქები ისევ გამალებით ცვიოდნენ ციდან. საოცარი შობა მქონდა. იმ ღამით ქრისტე მართლაც დაიბადა ჩემს გულში და მას შემდეგ არასდროს წასულა ჩემი პატარა გულიდან არსად.ერთი სული მქონდა, როდის გათენდებოდა ორშაბათი. მინდოდა, ყველას ენახა ჩემი ახალი ტანსაცმელი. მინდოდა, ბავშვები მიმხვდარიყვნენ,რომ ახლა დეიდა ზრუნავდა ჩემზე.

გათენდა. სირბილით გავიქეცი სკოლისაკენ. ოთახში რომ შევედი და პალტო გავიხადე, კლასელებმა ჩემთან მართლაც მოირბინეს. რამდენჯერმე გარს შემომირბინეს და ჟრიამული ატეხეს. მე რომ მეგონა, იმაზე მეტად გაუხარდათ ჩემს მეგობრებს. მე რომ მეგონა, იმაზე კარგები ყოფილან. თამუნამ სვიტერის საყელო გამისწორა და, ასე უკეთესიაო, მითხრა. მახსოვს, ბედნიერი ვიყავი. დავიჯერე, რომ ლამაზ ტანსაცმელს ყველაფრის შეცვლა შეუძლია. ამიტომ იმ დღეს ჩემი სევდიანი გული სამუდამოდ გაათბო დეიდამ. მისმა სიკეთემ დამარწმუნა, რომ მთელი სამყაროს ღარიბ ბავშვებსაც ექნებათ იმედი და რწმენა. მაფიქრებინა, რომ ოცნებები გაჭირვებულ ადამიანებს ყველაზე მალე უსრულდებათ. მახსოვს, როგორ სათუთად ვრეცხავდი ხოლმე ჩემს ახალ ტანსაცმელს. დიდი რომ გავიზარდე, ლამაზად შევფუთე და ჩემს ბიძაშვილებს გავუგზავნე.მას შემდეგ დიდი დრო გავიდა. სკოლის მეგობრებიდან არც ერთი გამყვა ცხოვრების ბოლომდე. ისინი სადღაც შორს დარჩნენ.

ახლა, როდესაც ქალაქში ჩავდივარ, ხშირად ვყიდულობ სხვადასხვა ბრენდის სამოსს და რედაქციაში მიმაქვს ჩემი მოთხრობები. წელს ვიყიდე ცნობილი ფირმის შავი პალტო, ამავე ფირმის ფეხსაცმელი. ჩავიცვი თეთრი პერანგი და რედაქციაში წავედი. მოწიწებით შემხვდა გამომცემლობის მთავარი რედაქტორი. ხელი ჩამომართვა. მითხრა, რომ საოცრად გამოვიყურებოდი და მისთვის სასიამოვნო იყო ჩემთან თანამშრომლობის დაწყება. მომინდა, მაშინვე მეთქვა მისთვის, რომ მე უბრალო გოგო ვარ, რომ სამოსი მხოლოდ ადამიანის სხეულის საფარველია, ადამიანს კი სულიერი სამყარო ალამაზებს. დაბადების შემდეგ ღმერთი ყველას გვჩუქნის ისეთ სამოსს, რომელიც ყველაზე მეტად მოგვიხდება. ზოგს მდიდრული სამოსი აცვია,ზოგს პირიქით – უბრალო და მოკრძალებული.

დადუნა ნადარაია

მსგავსი სტატიები

Leave a Comment

4 კომენტარი

სალომე October 9, 2021 - 6:34 pm

მინდა ბავშვების ტატიები

პასუხი
სალომე October 9, 2021 - 6:35 pm

ადამიანის სტატია

პასუხი
სალომე October 9, 2021 - 6:36 pm

ბავშვებს როგორ შევაყვაროთ სწავლა?

პასუხი
სალომე October 9, 2021 - 6:37 pm

სწავლა

პასუხი